დღენაკლულთა აპნოე | მკურნალი.გე
  1. დღენაკლულთა აპნოე
  2. პრობლემები ახალშობილთა ასაკში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
დღენაკლულთა აპნოე

დღენაკლულთა აპნოე არის სუნთქვის ხანმოკლე შეკავება, რომელიც 20 წამზე მეტხანს გრძელდება.

  • აპნოეს ეპიზოდები გვხვდება დღენაკლულ ახალშობილებში, რომელთა სუნთქვის ცენტრი ტვინში ჯერ სრულად მომწიფებული არ არის;

  • აპნოემ შესაძლოა შეამციროს სისხლში ჟანგბადის შემცველობა, რაც გულისცემის შენელებას და კანის მოლურჯო ელფერის განვითარებას იწვევს;

  • დარღვევა დიაგნოსტირდება დაკვირვებით ან ახალშობილის სხეულზე მიერთებული მონიტორის განგაშით;

  • როდესაც მოხდება სუნთქვის ცენტრის მომწიფება, აპნოეს ეპიზოდები შემცირდება და ბოლოს სრულად შეწყდება;

  • თუ მსუბუქი შეხება არ იწვევს ახალშობილის სუნთქვის აღდგენას, შესაძლოა საჭირო გახდეს ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენება;

  • საყურადღებო აპნოეს მქონე ახალშობილებს სუნთქვის სტიმულაციისათვის კოფეინს აძლევენ.

დღენაკლულთა აპნოე ძირითადად უვითარდებათ ახალშობილებს, რომლებიც დაიბადნენ ვადაზე ადრე და მისი სიხშირე და სიმძიმე დღენაკლულობასთან ერთად იზრდება. ამ ახალშობილების თავის ტვინის ნაწილი, რომელიც სუნთქვას (სუნთქვის ცენტრი) აკონტროლებს, არ არის სრულად განვითარებული. შედეგად, ახალშობილებს შესაძლოა ჰქონდეთ ნორმალური სუნთქვის, შემდეგ კი ხანმოკლე შეკავების განმეორებადი ეპიზოდები. მცირე წონის დღენაკლულ ახალშობილებში აპნოე შესაძლოა გამოწვეული იყოს ხორხის დროებითი ობსტრუქციით, რასაც კუნთების სუსტი ტონუსი ან კისრის წინ გადახრა (ობსტრუქციული აპნოე) იწვევს. დროთა განმავლობაში, როდესაც სუნთქვის ცენტრი ვითარდება, აპნოეს ეპიზოდები ნაკლები სიხშირისაა და დროთა განმავლობაში ის აღარ ვითარდება.

სიმპტომები და დიაგნოზი

დღენაკლული ახალშობილები რუტინულად იმყოფებიან მონიტორის ქვეშ, რომელიც გამოსცემს სიგნალს, თუ ახალშობილი სუნთქვას 20 წამით აჩერებს ან გულისცემის სიხშირე ქვეითდება. ეპიზოდების ხანგრძლივობის მიხედვით, სუნთქვის გაჩერებამ შესაძლოა სისხლში ჟანგბადის დაბალი შემცველობა გამოიწვიოს, რის შედეგადაც კანის ელფერი მოლურჯო (ციანოზური) ხდება. სისხლში ჟანგბადის დაბალმა დონემ კი შესაძლოა გულისცემის სიხშირე (ბრადიკარდია) შეანელოს.

აპნოე ხანდახან შესაძლოა იყოს ისეთი დარღვევების ნიშანი, როგორიცაა სისხლის ინფექცია (სეფსისი), სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა (ჰიპოგლიკემია) ან სხეულის დაბალი ტემპერატურა (ჰიპოთერმია). თუმცა, ექიმი აფასებს ახალშობილს, რათა აპნოეს ეპიზოდების სიხშირის მოულოდნელი და უცაბედი მატების შემთხვევაში ეს დარღვევები გამოირიცხოს. ექიმებმა შესაძლოა აიღონ სისხლის, შარდისა და თავ-ზურგტვინის სითხის ნიმუშები, რათა მოხდეს მძიმე ინფექციების შემოწმება შაქრის დაბალი შემცველობის (ჰიპოგლიკემიის) განსაზღვრისთვის.

მკურნალობა

როდესაც აპნოე დაკვირვებით ან მონიტორის სიგნალით ფიქსირდება, ახალშობილს უნდა შევეხოთ ან ხელი ფრთხილად მოვკიდოთ, რათა მოვახდინოთ სუნთქვის სტიმულაცია, რაც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს. აპნოეს შემდგომი მკურნალობა დამოკიდებულია მიზეზზე. ხორხის ობსტრუქციით გამოწვეული აპნოე შესაძლოა შემცირდეს ახალშობილის თავის ცენტრალური პოზიციის მიხედვით ზურგზე ან გვერდზე წოლით. თუ აპნოეს ეპიზოდები გახშირდება, მით უმეტეს, თუ ახალშობილებს აქვთ ციანოზი, შესაძლოა მკურნალობა ჩაუტარდეთ სუნთქვის ცენტრის მასტიმულირებელი წამლით, როგორიცაა კოფეინი. თუ ეს მეთოდი ვერ ახორციელებს აპნოეს ეპიზოდების სიხშირისა და სიმძიმის პრევენციას, ახალშობილებს შესაძლოა მკურნალობა დასჭირდეთ უწყვეტი დადებითი სასუნთქი წნევით (CPAP) – ტექნიკა, რომელიც ახალშობილებს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად ისუნთქონ, როდესაც ჟანგბადს მცირე წნევით იღებენ ან ჰაერი ნესტოებზე დამაგრებული კანულით თუ ხელოვნური სუნთქვის აპარატით ეძლევათ.

თითქმის ყველა დღენაკლულ ახალშობილს უქრება აპნოეს ეპიზოდები ვადის მიღწევამდე რამდენიმე კვირით ადრე.

ნაადრევი მშობიარობა ჩვილის უეცარი სიკვდილის განვითარების (SIDS) რისკფაქტორია, მაგრამ კავშირი აპნოესა და მოგვიანებით SIDS-ის განვითარებას შორის, დამტკიცებული არ არის. აგრეთვე, არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დღენაკლული ახალშობილის საავადმყოფოდან აპნოეს მონიტორზე დაყრდნობით გაწერა SIDS-ის რისკს ამცირებდეს.