1. მანეკროზებელი ენტეროკოლიტი
  2. პრობლემები ახალშობილთა ასაკში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
მანეკროზებელი ენტეროკოლიტი

მანეკროზებელი ენტეროკოლიტი არის ნაწლავის შიდა ზედაპირის დაზიანება. ეს დაავადება ყველაზე ხშირად ღრმა დღენაკლულ ახალშობილებს უვითარდებათ.

  • მუცელი შესაძლოა იყოს შებერილი, განავალი – სისხლიანი, ახალშობილი შეიძლება აღებინებდეს მომწვანო, ყვითელ ან ჟანგისფერ სითხეს და იყოს მივარდნილი;

  • დიაგნოზი ზუსტდება მუცლის რენტგენოლოგიური კვლევით;

  • ამ დაავადების მქონე ახალშობილთა დაახლოებით 60-80% სიცოცხლეს აგრძელებს;

  • მკურნალობა მოიცავს კვების შეწყვეტას, კუჭში საქაჩი მილის ჩაყენებას წნევის შემცირების მიზნით და ანტიბიოტიკებისა და სითხეების ინტრავენურად მიწოდებას;

  • მძიმე შემთხვევებში დრენაჟები თავსდება მუცლის ღრუსა ან ნაწლავის ნაწილში, რომელშიც დაკარგულია სისხლის მიწოდება და მისი აღდგენა ვერ ხერხდება.

მანეკროზებელი ენტეროკოლიტის (NEC) შემთხვევების 85% დღენაკლულ ახალშობილებში გვხვდება. მიზეზი ცნობილი არ არის. დაავადებული დღენაკლული ახალშობილის ნაწლავში სისხლის მიმოქცევის დაქვეითებამ შესაძლოა ნაწლავის შიდა შრის დაზიანება გამოიწვიოს, რაც ბაქტერიას, რომელიც ნორმაში ნაწლავში არსებობს, აძლევს საშუალებას, შეიჭრას დაზიანებული ნაწლავის კედელში და შემდგომ ჩვილის სისხლის მიმოქცევაში, რაც ინფექციას (სეფსისი) იწვევს. თუ დაზიანება პროგრესირებს მთლიანი ნაწლავის კედლის სისქეში, რის გამოც ნაწლავის კედლის მთლიანობა ირღვევა (პერფორირებს), ნაწლავის შემადგენლობა ჟონავს მუცლის ღრუში და იწვევს ანთებასა და, როგორც წესი, მუცლის ღრუსა და მისი ამომფენის ინფექციას (პერიტონიტი).

სიმპტომები და დიაგნოზი

ახალშობილებს NEC-ის შემთხვევაში შესაძლოა განუვითარდეთ მუცლის შებერილობა, აღებინონ ნაღვლით შეფერილი ნაწლავური მასები და განავალში სისხლი დაფიქსირდეს. ასეთ შემთხვევებში ახალშობილები უცებ მძიმდებიან და დუნდებიან (ლეთარგიული), აქვთ სხეულის დაბალი ტემპერატურა და სუნთქვის განმეორებითი პაუზები (აპნოე). NEC-ის დიაგნოზი ზუსტდება მუცლის რენტგენოლოგიური კვლევით, რომელიც აფიქსირებს აირებს ნაწლავის კედელში (ინტესტინალური პნევმატოზი) ან მუცლის ღრუში თავისუფალ ჰაერს ნაწლავის კედლის პერფორაციის შემთხვევაში. ბაქტერიისა და სეფსისის სხვა მიზეზის აღმოსაჩენად ხდება სისხლის მასალის აღება.

პროგნოზი

ინტენსიურმა მკურნალობამ და ქირურგიამ გააუმჯობესა NEC-ის მქონე ახალშობილების მდგომარეობა. ახალშობილების დაახლოებით 60-80% სიცოცხლეს აგრძელებს.

პრევენცია და მკურნალობა

დღენაკლული ახალშობილების დედის რძით კვებას, სხვა ფორმულებთან შედარებით, როგორც ჩანს, დაცვითი უნარი გააჩნია.

NEC-ის შემთხვევაში ბუნებრივი კვება უნდა შეწყდეს. საქაჩი მილი თავსდება კუჭში, გადაყლაპული ჰაერითა და რძით წარმოქმნილი წნევის შესამცირებლად და, ამავდროულად, ნაწლავის დეკომპრესიისთვის. სითხეები მიეწოდებათ ინტრავენურად ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად და დაუყოვნებლივ უკეთდებათ ანტიბიოტიკების ინექციები.

NEC-ის მქონე ახალშობილების დაახლოებით 70%-ს არ სჭირდება ქირურგიული ჩარევა. თუმცა, ქირურგია აუცილებელია ნაწლავის პერფორაციული პერიტონიტის დროს. მკურნალობის მიუხედავად, მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა ასევე შესაძლოა დაგვჭირდეს. ხდება ამოკვეთა ნაწლავის იმ ნაწილისა, რომელსაც სისხლი ვერ მიეწოდება. ჯანმრთელი ნაწლავის დაბოლოება გამოაქვთ გარეთ, რათა შეიქმნას დროებითი ღიაობა ფეკალური მასების ექსკრეციისთვის (სტომა). მოგვიანებით, როდესაც ახალშობილი გამოჯანმრთელდება, ხდება ნაწლავის დაბოლოების ხელახალი მიერთება და მთელი ნაწლავი მუცლის ღრუში ბრუნდება.

უდღეური და მძიმე ახალშობილების პერიტონიტის შემთხვევაში, როდესაც ოპერაცია სარისკოა, აბდომინალურ ღრუში თავსდება დრენაჟები – ქვედა მუცლის ორივე მხარეს. პერიტონეალური დრენაჟები ხელს უწყობს მუცლის ღრუდან განავლისა და პერიტონეალური სითხის დრენირებას და ანტიბიოტიკებთან ერთად შესაძლოა სიმპტომები შემცირდეს. პროცედურა ბევრი ახალშობილის მდგომარეობას ასტაბილურებს, ასე რომ, ოპერაცია ტარდება მოგვიანებით, როდესაც ახალშობილი ნაკლებად კრიტიკულ მდგომარეობაშია. ზოგიერთ შემთხვევაში ახალშობილი ოპერაციის გარეშეც სრულად გამოჯანმრთელდება.