1. ჰიპერბილირუბინემია
  2. პრობლემები ახალშობილთა ასაკში
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ჰიპერბილირუბინემია

ჰიპერბილირუბინემია არის სისხლში ბილირუბინის (პიგმენტი, რომელიც წარმოიქმნება სისხლის წითელი უჯრედების დაშლის შედეგად) მაღალი დონის არსებობა.

  • მძიმე ბილირუბინემია ძირითადად გამოწვეულია დაავადებით, რომლის დროსაც ქვეითდება კვება და ვითარდება სერიოზული დარღვევა, როგორიცაა სეფსისი ან სისხლის წითელი უჯრედების სწრაფი დაშლა;

  • სისხლში ბილირუბინი იწვევს კანისა და სკლერების ყვითლად შეფერვას (ჰიპერბილირუბინემია);

  • დიაგნოზი დაფუძნებულია სიყვითლის არსებობასა და სისხლში ბილირუბინის მაღალ დონეზე;

  • საავადმყოფოდან გამოწერილ ახალშობილებს,

სიცოცხლის პირველ დღეებში, ბილირუბინის დონე ექთანმა სახლში ან ექიმის ოფისში გაწერიდან რამდენიმე დღეში უნდა შეუმოწმოს;

  • როდესაც საჭიროა მკურნალობა, ახალშობილებს უტარდებათ ფოტოთერაპია, ხოლო ძალიან მძიმე შემთხვევებისას – სისხლის შენაცვლებითი ტრანსფუზია.

დაბერებული სისხლის წითელი უჯრედები ნორმაში გამოიყოფა ელენთით და სისხლის წითელ უჯრედებში იშლება ჰემოგლობინი (ჟანგბადის მატარებელი ნივთიერება) და გადამუშავდება. ჰემოგლობინის მოლეკულის ჰემის ნაწილი გარდაიქმნება ყვითელ პიგმენტად, რომელსაც ეწოდება ბილირუბინი, რომელიც სისხლის მეშვეობით ღვიძლამდე მიიტანება, სადაც იგი ქიმიურად შეიცვლება და შემდეგ მომნელებელ ტრაქტში ნაღვლით გამოიყოფა. იგი გამოდის ორგანიზმიდან, როდესაც ახალშობილს ნაწლავების მოქმედება დაეწყება.

ახალშობილების უმეტესობას სისხლში ბილირუბინის დონე დაბადებიდან რამდენიმე დღეში მოემატება და მსუბუქი ბილირუბინის მომატება ნორმადაა მიჩნეული. სისხლში ბილირუბინმა შესაძლოა ახალშობილის კანისა და სკლერების ყვითლად შეფერვა (სიყვითლე) გამოიწვიოს. თუ კვება დაგვიანდება რაიმე მიზეზით, როგორიცაა, მაგ. ნაწლავური პრობლემები, სისხლში ბილირუბინის დონე იმატებს. აგრეთვე, ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებს უფრო მეტად პირველი კვირის განმავლობაში აღენიშნებათ სისხლში ბილირუბინის მაღალი შემცველობა, მაგრამ ეს მატება, როგორც წესი, საგანგაშო არ არის. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ახალშობილი შედარებით მეტ საკვებს მიიღებს, ბილირუბინის დონე კლებულობს.

მნიშვნელოვანი ჰიპერბილირუბინემია შესაძლოა განუვითარდეთ ახალშობილებს, რომელთაც აღენიშნებათ მძიმე სამედიცინო დარღვევები, როგორიცაა სისხლის ინფექცია (სეფსისი). იგი შესაძლოა განვითარდეს სისხლის წითელი უჯრედების სწრაფი დაშლის შედეგად (ჰემოლიზი), რომელიც რეზუსის ან ჯგუფობრიობის შეუთავსებლობისას გვხვდება.

შემთხვევათა უმეტესობისას სისხლში ბილირუბინის დონის მატება საყურადღებო არ არის. თუმცა, ბილირუბინის ძალიან მაღალმა მაჩვენებელმა შესაძლოა თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს. ჰიპერბილირუბინემიით გამოწვეულ თავის ტვინის დაზიანებას ბირთვული სიყვითლე ეწოდება. ღრმა დღენაკლული და კრიტიკულად ავადმყოფი ახალშობილები იმყოფებიან ბირთვული სიყვითლის განვითარების რისკის ქვეშ, მაგრამ შესაბამისი მკურნალობით ბირთვული სიყვითლის თავიდან აცილება უმეტესწილად შესაძლებელია. მცირე დღენაკლულობის, ძუძუთი კვებაზე ყოფნისა და საავადმყოფოდან ადრე გაწერის მიუხედავად, პირველივე დღეებში უნდა მოხდეს ჰიპერბილირუბინემიის მონიტორინგი, რადგან შესაძლოა განვითარდეს ბირთვული სიყვითლე, თუ ბილირუბინის დონე კვლავ მოიმატებს. დღენაკლული ახალშობილები იმყოფებიან მაღალი რისკის ქვეშ, რადგან ისინი დროული ახალშობილებივით კარგად ვერ იკვებებიან და მათ დედებსაც არა აქვთ საკმარისი რაოდენობის რძე.

სიმპტომები და დიაგნოზი

ჰიპერბილირუბინემიის მქონე ჩვილებს აქვთ სიყვითლე. სიყვითლის ამოცნობა შესაძლოა გართულდეს მუქი ფერის კანის ახალშობილებში. სიყვითლე, როგორც წესი, პირველად სახეზე ჩნდება, ხოლო ბილირუბინის დონის მომატების შემდეგ ქვედა მიმართულებით პროგრესირებს და მოიცავს გულმკერდს, მუცელს და საბოლოოდ ფეხებსა და ტერფებს. თუმცა, სიყვითლის გამოვლინება არ გულისხმობს ბილირუბინის დონის ზუსტად განსაზღვრას.

ბირთვულის სიყვითლის პირველი სიმპტომები ძირითადად არის მივარდნილობა (ლეთარგიულობა) და სუსტი კვება. ახალშობილები, რომელთაც ჰიპერბილირუბინემია და ეს სიმპტომები აღენიშნებათ, ექიმმა დაუყოვნებლივ უნდა გასინჯოს, რადგან მათ შეიძლება სასწრაფო მკურნალობა დასჭირდეთ. ბირთვული სიყვითლის მოგვიანებითი სტადიები მოიცავს გაღიზიანებადობას, კუნთების დაჭიმულობას, ზურგის დეფორმაციას, გულყრებსა და ცხელებას.

მნიშვნელოვანია, რომ ექიმებმა ახალშობილის სიყვითლის ხარისხი სიცოცხლის პირველ დღეებში შეაფასონ. ექიმების უმეტესობა ბილირუბინის დონეს საავადმყოფოდან გაწერამდე საზღვრავს. რადგან საშიშ დონემდე ბილირუბინის მატებას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს, ახალშობილებს, რომლებიც დაბადებიდან პირველ კვირას გაეწერნენ, ბილირუბინის დონე ექთანმა სახლში ან ექიმის ოფისში გაწერიდან რამდენიმე დღეში უნდა შეუმოწმოს. ეს ტესტი განსაკუთრებით საჭიროა ახალშობილებისთვის, რომლებიც დაიბადნენ რამდენიმე კვირით ადრე და ძუძუთი კვებაზე იმყოფებიან.

ექიმები თავდაპირველად ახალშობილებს კარგად განათებულ ადგილზე სინჯავენ, ხოლო შემდეგ ბილირუბინის დონეს სპეციალური მოწყობილობით (ტრანსკუტანული ბილირუბინომეტრი) ან სისხლის მასალით საზღვრავენ.

მკურნალობა

მსუბუქი ჰიპერბილირუბინემია არ საჭიროებს სპეციალურ მკურნალობას. ხშირი ძუძუთი კვება აჩქარებს ნაწლავთა მოქმედებას, რაც ნაწლავური შემადგენლობიდან ბილირუბინის რეაბსორბციასა და ბილირუბინის დონეს ამცირებს.

საშუალო სიმძიმის ჰიპერბილირუბინემიის მკურნალობა შესაძლებელია ფოტოთერაპიით, რომლის დროსაც ახალშობილს ხდიან ტანსაცმელს და ათავსებენ ბილირუბინის სხივების ქვეშ. სინათლის გამოსხივება ახდენს ახალშობილის კანში ბილირუბინის კომპოზიციის აჩქარებას, ცვლის მას ისეთ ფორმად, რომ თირკმლისა და ღვიძლის მიერ უფრო სწრაფად გამოიყოს. დაცვის მიზნით ამ დროს ახალშობილის თვალები ახვეულია, რადგან სხივებმა შესაძლოა ისინი დააზიანოს. ახალშობილების განკურნება აგრეთვე შესაძლებელია სახლში ბოჭკოვან-ოპტიკური ბილირუბინის პლედზე დაწოლით, რომელიც კანს ნათელ ფერს დაუბრუნებს. ახალშობილებს, რომელთაც მკურნალობა ბილირუბინის სინათლის მეშვეობით ჩაუტარდათ, სისხლში ბილირუბინის დონის შემოწმება განმეორებით სჭირდებათ მანამ, სანამ მისი რაოდენობა დაიწევს, რადგან შესაძლოა სიყვითლე მაშინაც კი გაქრეს, როდესაც სისხლში ბილირუბინის დონე მომატებულია.

ძალიან იშვიათად, დედას შესაძლოა 1 ან 2 დღით ძუძუთი კვებიდან ფორმულით კვებაზე გადასვლა დასჭირდეს, რათა დარწმუნდეს, რომ ახალშობილი ყოველ კვებაზე საკმარის რაოდენობას იღებს. დედამ უნდა განაგრძოს ძუძუთი კვება მაშინვე, როდესაც ბილირუბინის დონე დაქვეითებას დაიწყებს. საშუალო სიმძიმის ჰიპერბილირუბინემია ხანდახან კვირების განმავლობაში გრძელდება, თუმცა, თუ ჩვილი ძუძუთი იკვებება, ეს ნორმალური ფენომენია და ახალშობილებს პრობლემებს არ უქმნის.

თუ ახალშობილის ბილირუბინი ფოტოთერაპიის გამოყენების შემთხვევაშიც კი სახიფათო დონეს აღწევს, იგი შესაძლებელია სწრაფად დავაქვეითოდ სისხლის შენაცვლებითი ტრანსფუზიით. ამ პროცედურისას სტერილური კათეტერი თავსდება ჭიპლარის ვენაში, რომელიც ჭიპლარის გადაკვეთილ ზედაპირზე მდებარეობს. ახალშობილის ბილირუბინის შემცველი სისხლი გამოიყოფა ერთი სირინჯით და ამავე დროს იმავე მოცულობის სუფთა სისხლით ჩანაცვლდება, რომელიც მოწოდებულია სისხლის ბანკის მიერ.