1. საშარდე გზების დეფექტები
  2. თანდაყოლილი ანომალიები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
საშარდე გზების დეფექტები

  • შესაძლოა განვითარდეს თირკმლის, შარდსადენის, შარდის ბუშტის ან შარდსაწვეთის დეფექტები;

  • მრავალი დეფექტი უსიმპტომოდ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ზოგიერთი იწვევს სისხლიან შარდს, საშარდე გზების ინფექციას ან თირკმელში კენჭების განვითარებას;

  • დიაგნოზს სვამენ ექოსკოპიის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ბირთვული სკანირების, ინტრავენური უროგრაფიის და ცისტოსკოპიის შედეგების საფუძველზე;

  • თუ ვითარდება სიმპტომები ან იზრდება თირკმელში წნევა, მაშინ საჭიროა ოპერაციული ჩარევა.

სხეულის სხვა სისტემასთან შედარებით, უფრო ხშირია თირკმლის და საშარდე გზების განვითარების დეფექტების არსებობა. შესაძლოა განვითარდეს: თირკმლის, შარდსაწვეთების (მილების, რომლებიც ახდენენ შარდის თირკმლებიდან შარდის ბუშტამდე ტრანსპორტს), შარდის ბუშტის ან შარდსადენის (მილის, რომელიც გამოყოფს შარდს შარდის ბუშტიდან) – დეფექტები. ნებისმიერი განვითარების დეფექტი, რომელიც ბლოკავს ან ანელებს შარდის დინებას, იწვევს შარდის შეგუბებას, რაც ხელს უწყობს ინფექციების და თირკმლის კენჭების განვითარებას. ბლოკადა აგრეთვე იწვევს შარდის წნევის გაზრდას, რის შედეგად შარდი ბრუნდება შარდის ბუშტიდან უკან – თირკმელისკენ (რეფლუქსი) და დროთა განმავლობაში აზიანებს თირკმელსა და შარდსაწვეთს. რეფლუქსის და ხშირი ინფექციების კომბინაცია განსაკუთრებით აზიანებს თირკმლებს.

სიმპტომები

საშარდე გზების დეფექტების უმეტესი ნაწილი არ იწვევს სიმპტომებს. ზოგიერთმა, როგორიცაა მაგალითად თირკმლის დეფექტი, შესაძლოა გამოიწვიოს სისხლიანი შარდი მცირე ტრავმის შემდეგ. დეფექტების შედეგად ინფექციები ვითარდება საშარდე სისტემის ნებისმიერ ადგილას და აღინიშნება შესაბამისი სიმპტომები. თირკმლების დაზიანება ვითარდება ბლოკადის შედეგად, მაგრამ სიმპტომები ვლინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც თირკმლის ფუნქცია მნიშვნელოვნად მცირდება. ამ დროს ვითარდება თირკმლის უკმარისობა. შესაძლოა ჩამოყალიბდეს თირკმლის კენჭები და გამოიწვიოს მძიმე, კოლიკური ტკივილები ნეკნებსა და თეძოებს (გვერდებს) ან საზარდულს შორის, ან სისხლიანი შარდის არსებობა.

დიაგნოზი და მკურნალობა

საშარდე გზების დეფექტების ამოსაცნობად ტარდება: ფიზიკური შეფასება, ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ), ბირთვული სკანირება, ინტრავენური უროგრაფია და, იშვიათად, ცისტოსკოპია. დეფექტები, რომლებიც იწვევენ სიმპტომებს ან ზრდიან თირკმელში წნევას, როგორც წესი საჭიროებენ ქირურგიულ კორექციას.

თირკმლის და შარდსაწვეთის დეფექტები

მრავალი დეფექტი იწვევს პათოლოგიური თირკმლის არსებობას. თირკმლები შეიძლება იყოს არასწორ ადგილას (ექტოპია), არასწორ პოზიციაში (მალროტაცია), უერთდებოდნენ ერთმანეთს (ნალისებრი თირკმელი) ან არ იყოს საერთოდ (თირკმლის აგენეზია). პოტერის სინდრომის დროს, რომელიც იწვევს სიკვდილს, არცერთი თირკმელი არაა ჩამოყალიბებული. შესაძლოა თირკმლის ქსოვილის პათოლოგიური განვითარებაც. მაგალითად, თირკმელი ზოგჯერ შეიცავს ცისტებს (სითხის შემცველი პარკები), ასე ხდება თირკმლის პოლიკისტური დაავადების შემთხვევაში. თუ პათოლოგია ბლოკავს ჩვილის შარდის დინებას, დაავადებული თირკმელი დიდდება იმდენად, რომ ხდება ხილული და ექიმი მას ხელითაც სინჯავს.

ბევრი განვითარების დეფექტი, რომელიც აზიანებს თირკმელს, არ იწვევს სიმპტომებს და ვერ ხდება მათი აღმოჩენა. ზოგიერთი დეფექტი არღვევს თირკმლის ფუნქციას, იწვევს თირკმლის უკმარისობას, რომელიც საჭიროებს დიალიზს და თირკმლის ტრანსპლანტაციას.

მილების პათოლოგია, რომელიც აერთებს თირკმელსა და შარდის ბუშტს (შარდსაწვეთები), მოიცავს დამატებითი, ანომალურად განთავსებული, შევიწროებული ან გაფართოებული შარდსაწვეთების ჩამოყალიბებას. შარდსაწვეთის შევიწროება აბრკოლებს თირკმლიდან შარდის ბუშტში შარდის გადასვლას.

შარდის ბუშტის და შარდსადენის დეფექტები

შარდის ბუშტი შეიძლება ბოლომდე არ დაიხუროს და მუცლის ზედაპირზე იხსნებოდეს (ექსტროპია). შარდის ბუშტის კედელმა შეიძლება განივითაროს გამობერილობები (დივერტიკულები), სადაც შარდი გროვდება და იწვევს საშარდე გზების ინფექციებს. შარდის ბუშტის გამოსასვლელი ხვრელი (გასასვლელი შარდის ბუშტიდან შარდსადენისკენ) შესაძლოა იყოს შევიწროებული, რაც იწვევს შარდის ბუშტის არასრულად დაცლას. ამ შემთხვევაში შარდის ნაკადი სუსტია.

შარდსადენი ზოგჯერ ანომალიურია ან საერთოდ არ არსებობს. შარდსადენის უკანა სარქვლებში პათოლოგიური ქსოვილები კეტავს (უმეტესწილად ნაწილობრივ) შარდის ნაკადს შარდის ბუშტიდან შარდსადენისკენ. დაავადებულ ჩვილებს აქვთ შარდის სუსტი ნაკადი და მიდრეკილები არიან საშარდე გზების ინფექციების განვითარებისა და სისხლში ინფექციის (სეფსისი) გავრცელებისაკენ. ეს ხელს უშლის წონის ნორმალურ მატებას და ხანდახან ვითარდება ანემია. უფრო ნაკლებად მძიმე დეფექტები არ იწვევენ სიმპტომებს ბავშვობის ასაკამდე. ის სიმპტომები კი, რომლებიც ვითარდება, საკმაოდ მსუბუქია. ბლოკადის გახსნის ოპერაცია უნდა ჩატარდეს ჩვილობისას.

ბიჭებში შარდსადენი მილი ზოგჯერ არასწორად იხსნება ანომალიურ ადგილას, მაგალითად პენისის ქვედა ზედაპირზე (ჰიპოსპადია). ჰიპოსპადიის მქონე ბიჭებში პენისი იღუნება ქვევით (ჰგავს ქორდას). ორივე პათოლოგია სწორდება ქირურგიულად. შარდსადენი პენისში შესაძლოა იყოს ღია, როგორც არხი და არ იყოს დახურული, როგორც მილი (ეპისპადია). ბიჭების და გოგონების შემთხვევაშიც, შევიწროებული შარდსადენი ახდენს შარდის ნაკადის ობსტრუქციას.