ტოქსოკარიოზი | მკურნალი.გე
  1. ტოქსოკარიოზი
  2. პარაზიტული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ტოქსოკარიოზი

ტოქსოკარიოზი (ვისცერალური მიგრირებადი ლარვა) წარმოადგენს მრგვალი ჭიებით – ტოქსოკარა კანის ან ტოქსოკარა კატის მიერ გამოწვეულ ინფექციას.

  • მცირე ასაკის ბავშვებმა შეიძლება შეიძინონ ეს ინფექცია, როდესაც ჭამენ მრგვალი ჭიების შემცველი ცხოველების განავლით დაინფიცირებულ მიწას;

  • ძალზე ხშირად ინფექცია იწვევს ცხელებას, ხველას ან ხიხინებსა და ღვიძლის გადიდებას, მაგრამ მან შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის პრობლემებიც;

  • ექიმები ადასტურებენ დიაგნოზს სისხლის ნიმუშში მრგვალი ჭიების საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენისას;

  • ძაღლების და კატების რეგულარული დეჰელმინთიზაცია შეიძლება დაგვეხმაროს ინფექციის თავიდან აცილებაში;

  • ჩვეულებრივ, მკურნალობა არ არის საჭირო, მაგრამ ის შესაძლოა გულისხმობდეს პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატებისა და კორტიკოსტეროიდების დანიშვნას.

ტოქსოკარიოზი ძირითადად გვხვდება მცირე ასაკის ბავშვებში, რომლებიც იძენენ ტოქსოკარას კვერცხებს ძაღლების, კატების ან პარაზიტების მტარებელი სხვა ცხოველების განავლით დაბინძურებული მიწის გადაყლაპვით. ქვიშის ყუთები, სადაც კატები და ძაღლები ხშირად გადიან კუჭში, წარმოადგენენ კვერცხებთან შეხებაში ყოფნის გარკვეულ საშიშროებას. ბავშვებს ხშირად მიაქვთ საკუთარი ხელები პირისკენ და შესაძლოა, შეჭამონ ქვიშა. ზოგჯერ მოზრდილი ადამიანები ყლაპავენ დაბინძურებულ მიწაზე, სხვა ზედაპირებსა და ხელებზე არსებულ კვერცხებს და ინფიცირდებიან. მოზრდილები და ბავშვები, რომლებსაც აქვთ ისეთი ნივთების ჭამის სურვილი, რომლებიც არ იჭმევა (როგორიცაა მაგ. მიწა ან თიხა – ამ მდგომარეობას ეწოდება პარპრექსია), იმყოფებიან გარკვეული რისკის ქვეშ. კვერცხების გადაყლაპვის შემდეგ ნაწლავებში იჩეკებიან ლარვები. ლარვები ხვრეტენ ნაწლავის კედელს და ვრცელდებიან სისხლის მიმოქცევით. შესაძლებელია, რომ დაზიანდეს სხეულის ნებისმიერი ქსოვილი, მაგრამ ღვიძლი და ფილტვები ყველაზე ხშირად ერთვება პროცესში. ლარვები ცოცხლობენ მრავალი თვის განმავლობაში, ისინი გადაადგილდებიან ქსოვილებში, აზიანებენ მათ და იწვევენ ანთებას. ლარვები არ გადაიქცევიან ზრდასრულ ფორმებად ადამიანებში. ზრდასრულ ფორმებად ჩამოყალიბებისთვის მათ ესაჭიროებათ შუალედური მასპინძლები: ძაღლები, კატები ან სხვა ცხოველები.

სიმპტომები და დიაგნოზი

სიმპტომები შესაძლოა განვითარდეს კვერცხების გადაყლაპვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. ყველაზე ხშირი სიმპტომებია ცხელება, ხველა ან ხიხინი და ღვიძლის გადიდება. ზოგიერთ ადამიანს აქვს გამონაყარი კანზე, ელენთის გადიდება და განმეორებითი პნევმონია. როდესაც ლარვები აინფიცირებენ თვალებს, შესაძლოა განვითარდეს ანთება და მხედველობის დაქვეითება.

ექიმს ეჭვი მიაქვს ტოქსოკარიოზზე იმ ადამიანში, რომელსაც აქვს გადიდებული ღვიძლი, ფილტვების ანთება, ცხელება და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა) მაღალი დონე. დიაგნოზს ადასტურებს ტოქსარას საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა სისხლში. იშვიათად ხდება ღვიძლის ან სხვა ქსოვილის მოპოვება და გამოკვლევა (ბიოფსია) ლარვების არსებობის ან მათი არსებობით გამოწვეული ანთების დასადასტურებლად.

პრევენცია და მკურნალობა

პრევენცია გულისხმობს ძაღლებისა და კატების რეგულარულ დეჰელმინთიზაციას. ქვიშის ყუთების გადაფარვა, როდესაც ისინი არ გამოიყენება, ხელს უშლის ცხოველების კუჭში გასვლას ამ ადგილას. პარპრექსია და თიხის ჭამა მიუღებელია.

ტოქსოკარიოზის მქონე ადამიანების უმეტესობაში დაავადება უკუგანვითარდება თავისით და მკურნალობა არ არის საჭირო. თუ სიმპტომები მწვავეა ან დაინფიცირებულია თვალები, ადამიანებს ეძლევათ ალბენდაზოლი ან მებენდაზოლი კორტიკოსტეროიდებთან ერთად. ზოგჯერ ლაზერული ფოტოკოაგულაცია (თვალზე გამოიყენებენ სინათლის ინტენსიურ სხივს) გამოიყენება თვალში ლარვების დახოცვის მიზნით.