გრძელი QT სინდრომი | მკურნალი.გე
  1. გრძელი QT სინდრომი
  2. ქრომოსომული და გენეტიკური პათოლოგიები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
გრძელი QT სინდრომი

გრძელი QT სინდრომი არის გულის ელექტრული სისტემის პათოლოგია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გონების დაკარგვა ან უეცარი სიკვდილი.

  • გრძელი QT სინდრომი შესაძლოა გამოიწვიოს გენეტიკურმა პათოლოგიამ, წამლების გამოყენებამ ან დარღვევამ;

  • ეს სინდრომი იწვევს გულისცემის უჩვეულო აჩქარებას, რასაც შესაძლოა გონების უეცარი დაკარგვა მოჰყვეს;

  • დატვირთვის ტესტები და ელექტროკარდიოგრაფია გვეხმარება დიაგნოზის დადასტურებაში;

  • ბეტა-ბლოკერები და პეისმეიკერები მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ ზოგიერთი ადამიანისთვის უფრო ეფექტურია ოპერაცია.

QT არის კარდიოგრამის ორ პუნქტს შორის ინტერვალი. გრძელი QT სინდრომის მქონე ხალხს აქვთ გახანგრძლივებული QT ინტერვალი. გრძელი QT სინდრომი გვხვდება 7000 ადამიანიდან ერთში. ამერიკის შეერთებულ შტატებში, მას შეუძლია გამოიწვიოს წელიწადში 3000-4000 უეცარი სიკვდილის შემთხვევა ბავშვებსა და ახალგაზრდებში. ბავშვებში ეს დარღვევა ძირითადად გენეტიკური პათოლოგიითაა გამოწვეული. ამჟამად ხელმისაწვდომია სპეციფიკური გამოკვლევები, რომლებიც აფასებენ გენეტიკურ მიზეზებს. ამ დაავადების მქონე ადამიანებს შესაძლოა ჰყავდეთ ოჯახის წევრები, რომლებიც გარდაიცვალნენ უეცრად და გაურკვეველი მიზეზით. მოზრდილების უმრავლესობაში, გრძელი QT სინდრომი გამოწვეულია წამლის მიღებით ან დარღვევით.

გრძელი QT სინდრომის მქონე ხალხი მიდრეკილია უჩვეულოდ სწრაფი გულისცემის განვითარებისკენ, რომელიც ხშირად ვითარდება ფიზიკური აქტივობის ან ემოციური დატვირთვის დროს. როდესაც გულის ცემა ძალიან სწრაფია, ტვინი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით სისხლს. შედეგად ვითარდება გონების დაკარგვა და ხანდახან – უეცარი სიკვდილი. გრძელი QT სინდრომის მქონე ზოგიერთი ადამიანი იბადება თანდაყოლილი სიყრუით.

ექიმებმა შესაძლოა ურჩიონ ელექტროკარდიოგრაფიის (ეკგ) ჩატარება ბავშვებს ან ახალგაზრდებს, რომელთაც უეცრად და გაურკვეველი მიზეზით დაკარგეს გონება. პროცედურა ტარდება მაშინ, როდესაც პიროვნება ისვენებს ან ინტრავენურად პრეპარატების შეყვანის შემდეგ. გამოსაკვლევ პირს ასევე შეიძლება სთხოვონ სარბენ ბილიკზე სიარული ან ველოსიპედის ტარება – ამას ეწოდება დატვირთვის ტესტი.

ბეტა-ბლოკერები ეფექტურია ბავშვებისა და მოზრდილების უმეტესობაში. პაციენტებში, რომლებიც დადებითად არ რეაგირებენ წამლებზე, შეიძლება ვცადოთ პეისმეიკერი ან პეისმეიკერ-შიდა დეფიბრილატორის კომბინაცია. შიდა დეფიბრილატორი გულის ელექტროშოკია, რომელიც აცოცხლებს ადამიანს, როდესაც გულის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი პათოლოგიური რიტმი ვითარდება. საბოლოოდ, როგორც ალტერნატივას, მიმართავენ კისრის ნერვის გადაჭრას, რასაც ეწოდება ცერვიკოთორაკალური სიმპატექტომია. ნერვის გადაჭრა ანელებს სწრაფ გულისცემას, რომელიც უეცარ სიკვდილს იწვევს. ზოგიერთი ბავშვისთვის რეკომენდებულია სპორტული შეჯიბრებებისთვის თავის დანებება.