ტოქსოპლაზმოზი წარმოადგენს ერთუჯრედიანი უმარტივესი პარაზიტის – Toxoplasma gondii-ს მიერ გამოწვეულ ინფექციას.
Toqsoplazma gondii გვხვდება მთელ მსოფლიოში, იმ ადგილებში, სადაც არსებობენ კატები. პარაზიტი აინფიცირებს როგორც დიდი რაოდენობით ცხოველებს, აგრეთვე ადამიანებსაც. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინფიცირებულია ბევრი ადამიანი, მაგრამ მხოლოდ მათ მცირე ნაწილს უვითარდება სიმპტომები. მწვავე ინფექცია ვითარდება მხოლოდ ნაყოფსა და შიდსით დაავადებულ ადამიანებში, სიმსივნით ან პრეპარატებით (ეს პრეპარატები გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების აღკვეთის მიზნით და მათ იმუნოსუპრესანტები ეწოდებათ) დასუსტებული იმუნური სისტემით.
მიუხედავად იმისა, რომ პარაზიტს შეუძლია გაზრდა ბევრი ცხოველის ქსოვილებში, ის წარმოქმნის კვერცხებს (ოოცისტებს) მხოლოდ კატების ნაწლავების ამომფენ უჯრედებში. კვერცხები გამოიყოფა კატის განავალთან ერთად და მათ 18 თვემდე შეუძლიათ მიწაში გადარჩენა.
ადამიანებმა შესაძლოა შეიძინონ ინფექცია ტოქსოპლაზმას კვერცხებით დაბინძურებული მიწის ან სხვა საგნებიდან კვერცხების პირისკენ გადაცემით ან დაინფიცირებული საკვების მიღებით. ზოგჯერ, ცხოველები, მაგ. ღორები, იძენენ ტოქსოპლაზმოზს ტოქსოპლაზმას კვერცხებით დაბინძურებული მასალის ჭამით. ადამიანები შესაძლოა დაინფიცირდნენ უმი ან ცუდად მომზადებული დაინფიცირებული ხორცის ჭამით. იშვიათად, პარაზიტი გადაეცემა სისხლის გადასხმის დროს ან დაინფიცირებული ადამიანიდან გადანერგილი ორგანოს მეშვეობით.
ქალმა, რომელმაც შეიძინა ინფექცია ორსულობის დროს, შეიძლება გადასცეს ტოქსოპლაზმა გონდიი თავის ნაყოფს პლაცენტის მეშვეობით. ამის შედეგი შესაძლოა იყოს მუცლის მოშლა, მკვდრადშობადობა ან თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზით დაავადებული ბავშვის დაბადება. ქალი, რომელიც დაინფიცირებული იყო ორსულობამდე, არ გადასცემს ნაყოფს ამ პარაზიტს.
ადამიანები, რომლებსაც აქვთ შიდსი, სიმსივნით ან პრეპარატებით (ეს პრეპარატები გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების აღკვეთის მიზნით) დასუსტებული იმუნური სისტემა, იმყოფებიან ტოქსოპლაზმოზის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. სიმპტომები ვითარდება ამ ადამიანებში, როდესაც ხდება წარსულში შეძენილი ტოქსოპლაზმის რეაქტივაცია, მაგრამ ისინი შეიძლება განვითარდეს, როდესაც ადამიანს დაინფიცირებული ადამიანისაგან გადაუნერგავენ ორგანოს. ჩვეულებრივ, ინფექცია აზიანებს თავის ტვინს, მაგრამ ასევე შეიძლება დააზიანოს თვალი ან გავრცელდეს მთელ სხეულში (დისემინირება). ადამიანებში, რომელთაც აქვთ შიდსით, სიმსივნითა ან ორგანოს გადანერგვის შემდეგ ან სხვა მიზეზებით მიღებული იმუნოსპრესანტებით გამოწვეული დასუსტებული იმუნური სისტემა, ტოქსოპლაზმოზი წარმოადგენს სერიოზულ ინფექციას და მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში პაციენტი შეიძლება დაიღუპოს.
ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ადამიანების უმეტესობას აქვს მცირე რაოდენობის სიმპტომები და ისინი გამოჯანმრთელდებიან სრულად.
თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზით დაავადებული ბავშვები შესაძლოა იყვნენ მძიმედ დაავადებულნი და დაიღუპონ დაბადებიდან მალევე ან შესაძლოა არ ჰქონდეთ სიმპტომები, სანამ არ გავა თვეები ან წლები. ზოგიერთი მათგანი საერთოდ არ ავადდება. დამახასიათებელ სიმპტომებს ჩვილებში წარმოადგენს თვალების ანთება (ქორიორეტინიტი), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სიბრმავე, აგრეთვე – ღვიძლისა და ელენთის გადიდება, სიყვითლე, გამონაყარი, ადვილად დალურჯება, კრუნჩხვები, დიდი ან მცირე ზომის თავი და გონებრივი ჩამორჩენილობა.
დაბადების შემდეგ შეძენილი ტოქსოპლაზმოზი იშვიათად იწვევს სიმპტომების განვითარებას იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ ჯანმრთელი იმუნური სისტემა. როდესაც სიმპტომები ჩნდება, ისინი ჩვეულებრივ მსუბუქია და მათ მიეკუთვნება შეშუპებული, მაგრამ უმტკივნეულო ლიმფური კვანძები, პერიოდული დაბალი ცხელებები, შეუძლოდ ყოფნა და ზოგჯერ, ყელის ტკივილი. ზოგიერთ ადამიანს უვითარდება მხოლოდ ქორიორეტინიტი მხედველობის დაბინდვით, თვალის ტკივილითა და შუქის მიმართ მომატებული მგრძნობელობით. ქორიორეტინიტის მიზეზს ხშირად წარმოადგენს თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზის რეაქტივაცია.
ტოქსოპლაზმოზის სიმპტომები დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში დამოკიდებულია ინფექციის ადგილზე. თავის ტვინის ტოქსოპლაზმოზი (ენცეფალიტი) იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა სისუსტე სხეულის ერთ მხარეს, სირთულეები ლაპარაკის დროს, თავის ტკივილი, დაბნეულობა, კრუნჩხვები და კომა. მწვავე, გავრცელებული ტოქსოპლაზმოზის დროს შესაძლოა გაჩნდეს გამონაყარი და განვითარდეს მაღალი ცხელება, შემცივნება, სუნთქვის გართულება და დაღლილობა. ზოგიერთ ადამიანში ინფექცია იწვევს ღვიძლის (ჰეპატიტი), ფილტვების (პნევმონიტი) და გულის (მიოკარდიტი) ანთებას. დაზიანებულმა ორგანომ შესაძლოა შეწყვიტოს ადეკვატურად ფუნქციონირება. ამ მდგომარეობას ორგანოს უკმარისობა ეწოდება. ტოქსოპლაზმოზის ეს ფორმები სიცოხლისთვის საშიშია.
ჩვეულებრივ, დიაგნოზი ეფუძნება სისხლის ანალიზებს, რომელთა მეშვეობით ხდება პარაზიტის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა. თუმცა, თუ ადამიანის იმუნური სისტემა დაზიანებულია შიდსით, სისხლის ანალიზი შესაძლოა ცრუ უარყოფითი იყოს. იმის განსაზღვრის მიზნით, დაინფიცირდა თუ არა ნაყოფი, ექიმი გამოსაკვლევად იღებს ნაყოფის გარშემო არსებული სითხის (ამნიონური სითხე) ნიმუშს. თუ საეჭვოა თავის ტვინის ტოქსოპლაზმოზი, ატარებენ თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიას (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსულ (მრტ) გამოკვლევას. შედარებით იშვიათად, ხდება დაინფიცირებული ქსოვილის მოცილება და მისი მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევა (ბიოფსია) პარაზიტების ან პარაზიტების მიერ გამოყოფილი, მათთვის დამახასიათებელი ცილების (ანტიგენების) აღმოჩენის მიზნით.
ორსულმა ქალებმა თავი უნდა აარიდონ კატებს. თუ კონტაქტისთვის თავის არიდება შეუძლებელია, მაშინ თავი აარიდონ კატების განავლის შემცველი ყუთების დასუფთავებას ან ატარონ ხელთათმანები ამ დროს. საჭიროა ხორცის საგულდაგულოდ მომზადება 74-77°C (165-170°F) ტემპერატურაზე და აუცილებელია ხელების დაბანა უმი ხორცის, მიწისა ან კატის განავლის დამუშავების შემდეგ. პარაზიტს აგრეთვე ანადგურებს გაყინვა 13°C (9°F)-ზე ან ნაკლებ ტემპერატურაზე.
აუცილებელია სისხლის პოტენციური დონორების შემოწმება. ტრიმეტოპრიმ-სულფომეთოქსაზოლი, რომელიც ეძლევათ ორგანოგადანერგილ ადამიანებსა და შიდსით დაავადებულებს პნევმოცისტური პნევმონიის თავიდან აცილების მიზნით, ჩვეულებრივ ხელს უშლის სიმპტომური ტოქსოპლაზმოზური ინფექციების განვითარებას. ადამიანებში, რომლებსაც აქვთ სულფანილამიდების აუტანლობა, ალტერნატივას წარმოადგენს პირიმეთამინისა და დაფსონის კომბინაცია ან ატოვაქვინი პირიმეთამინთან ერთად ან მის გარეშე. ადამიანებს ლეიკოვორინი ეძლევათ პირმეთრინთან ერთად იმისათვის, რომ ძვლის ტვინი დაცული იყოს პირიმეთამინის ტოქსიკური ეფექტებისგან. ძალზედ აქტიური ანტირეტროვირუსული თერაპიის გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს ტოქსოპლაზმოზის განვითარების რისკი შიდსით დაავადებულ ადამიანებში.
დაინფიცირებული ზრდასრული ადამიანები, რომელთაც არ აქვთ სიმპტომები და აქვთ ჯანმრთელი იმუნური სისტემა, არ საჭიროებენ მკურნალობას. ზრდასრულ ადამიანებს სიმპტომებით და ჩვილებს თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზით მკურნალობენ სულფადიაზინით პირიმეთამინთან და ლიკოვორინთან ერთად. პირიმეთამინის დიდი დოზები ჩვეულებრივ გამოიყენება შიდსით დაავადებულ ადამიანებსა და იმუნური სისტემის დამასუსტებელი სხვა დაავადებების დროს. თუ ადამიანები ვერ იღებენ სულფადიაზინს, შესაძლებელია კლინდამიცინის გამოყენება პირიმეთამინთან ერთად. ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ქორიორეტინიტი, ამ წამლებს ემატება პრედნიზოლონი ან სხვა კორტიკოსტეროიდი ანთების ინტესოვობის შემცირების მიზნით. იმ ქალების მკურნალობა, რომლებმაც შეიძინეს ტოქსოპლაზმოზი ორსულობის დროს, შეიძლება წარმოებდეს სპირამიცინით იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის ნაყოფზე გადაცემა.
შიდსით დაავადებულ ადამიანებში, ტოქსოპლაზმოზი მიდრეკილია ხელახლა განვითარებისკენ, ასე რომ ხშირად პრეპარატებს გამოიყენებენ განუსაზრღვრელი ვადით.