გაღიზიანებადობა არის მდგომარეობა, როდესაც ჩვილი ვერ წყნარდება ან ვერ მშვიდდება.
ძლიერი ტირილი არის მდგომარეობა, როდესაც ჯანმრთელი ჩვილი საათების განმავლობაში ტირის, მაშინაც კი, როცა მისი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია.
კოლიკა არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ბავშვი რამდენიმე კვირის განმავლობაში შემაწუხებლად, გამუდმებით ტირის გარკვეული ინტერვალებით, ტირილის ეპიზოდებს შორის კი ჩვილი ნორმალურად იქცევა.
გაღიზიანებადობა, ძლიერი ტირილი და კოლიკა გვხვდება ძირითადად პირველი კვირიდან სამი თვის ასაკამდე. მიზეზი ძირითადად უცნობია, მაგრამ ძლიერი ტირილი ხანდახან გამოწვეულია საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ზედმეტი ჰაერის არსებობით (მაგ., ჭამის შემდეგ არ ხდება ამობოყინება ან ტირილის დროს ბავშვი ყლაპავს ჰაერს) ან ინფექციით, როგორიცაა საშარდე გზების ინფექციები. იშვიათად, ძლიერი ტირილი არის სერიოზული დაავადების ნიშანი, როგორიცაა ნაწლავის გაუვალობა ან მენინგიტი. ტირილის სხვა მიზეზებია გასტროეზოფაგური რეფლუქსი, რძის მიმართ ალერგია, კბილების ამოჭრა, თმის შემოჭერა ხელის ან ფეხის თითზე (თმის შემოხვევა) ან რქოვანას დაზიანება. ძლიერი ტკივილის ან კოლიკის დროს მშობლებმა უნდა მიმართონ ექიმს კონსულტაციისათვის, თუ ვერანაირი საშუალებით ვერ ამშვიდებენ ბავშვს და აგრეთვე, თუ პატარას აქვს სხვა სიმპტომები, როგორიცაა ცხელება ან უმადობა. ექიმები ცდილობენ დასვან დიაგნოზი და უმკურნალონ გაღიზიანებულობის და ტირილის ცნობილ მიზეზებს. ინფექციების დროს ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება ანტიბიოტიკების მიღება. გასტროეზოფაგური რეფლუქსის მკურნალობა შესაძლებელია მრავალი სტრატეგიით. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ჰაერი შესაძლებელია შევამციროთ ადეკვატური ამობოყინებით. საკვების შეცვლამ შეიძლება მოხსნას რძის მიმართ ალერგიის სიმპტომები, თუმცა საკვების შეცვლამდე მშობლებმა უნდა გაიარონ ექიმთან კონსულტაცია. ხშირად, კბილების ამოჭრით განპირობებული ტირილი მცირდება დროთა განმავლობაში. ხანდახან ეფექტურია მსუბუქი ანალგეტიკები და კბილების რგოლები. თითზე თმის შემოხვევისას უნდა მოხდეს მისგან განთავისუფლება. რქოვანას გაღიზიანების მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკის შემცველი მალამოებით ან ინფექციის პრევენციისთვის არსებული წვეთებით.
თუ ვერ მოხერხდა ჩვილის გახანგრძლივებული ტირილის რეალური მიზეზის დადგენა, შეიძლება ექიმმა დასვას ძლიერი ტირილის ან კოლიკის დიაგნოზი. არ არსებობს რაიმე სპეციფიკური მკურნალობა. თუ დედა, რომელიც ბავშვს აწოვებს ძუძუს, შეამჩნევს, რომ რომელიმე საჭმელი იწვევს ჩვილის ტირილის მატებას, უნდა ამოიღოს ეს საკვები რაციონიდან. ბევრი ჩვილი მშვიდდება ხელში აყვანის, რწევის, მოფერების დროს ან მსუბუქ ხმაურზე და საშრობის, სარეცხი მანქანის ვიბრაციაზე, ან მანქანით მგზავრობისას. საწოვარას მიცემამ ან ტანსაცმლის გამოცვლამ აგრეთვე შესაძლოა შეუქმნას ჩვილს კომფორტი. კვება ხანდახან ამშვიდებს ბავშვს, მაგრამ მშობლებმა არ უნდა კვებონ ბავშვი ზედმეტად დაწყნარების ან ტირილის შეწყვეტის მიზნით. ზოგიერთი ბავშვი ტირის საკუთარი თავის დასაძინებლად.
ძლიერი ტირილი და კოლიკა არის დამღლელი და სტრესული მშობლებისთვის. მშობლებმა უნდა გამოიყენონ ღამის ტირილის ეპიზოდებს შორის შუალედები, რომ ამ დროს დააწვინონ ბავშვები თავიანთ საწოლში ზურგზე, დაეხმარონ დაწყნარებაში და დაძინებაში. ფსიქოლოგიური ადაპტაციის გასაღებია ემოციური მხარდაჭერა მეგობრებისგან, ოჯახისგან, მეზობლებისგან და ექიმისგან. მშობლებმა უნდა ითხოვონ ნებისმიერი დახმარება (და-ძმებისგან, მომვლელებისგან ან საბავშვო ბაღებისგან) და გაუზიარონ სხვებს გრძნობები და შიშები. გადაღლილმა მშობლებმა უნდა გაიაზრონ ის ფაქტი, რომ მიუხედავად მძიმე სტრესისა, რომელშიც იმყოფება მტირალი ან კოლიკების მქონე ჩვილი, ძლიერი ტირილი და კოლიკა ქრება ძირითადად 3-4 თვის ასაკისთვის და შემდგომში აღარ აყენებს რაიმე ზიანს.