კვების პრობლემები ჩვილებში და პატარა ბავშვებში ძირითადად უმნიშვნელოა, მაგრამ ზოგჯერ სერიოზულ შედეგებსაც იწვევს.
წამოქაფება: წამოქაფება არის მიღებული ხელოვნური საკვების ან დედის რძის პირიდან ან ცხვირიდან უკან ამოსვლა ჭამის შემდეგ. თითქმის ყველა ბავშვს აქვს წამოქაფების ეპიზოდები, რადგან ჩვილებს არ შეუძლიათ გამართულად ჯდომა კვების დროს ან მის შემდეგ. აგრეთვე, სარქველი (სფინქტერი), რომელიც გამოყოფს საყლაპავს კუჭისგან, არ არის განვითარებული და კუჭის შიგთავსი ვერ ჩერდება თავის ადგილას. წამოქაფება უარესდება, როდესაც ჩვილი ჭამს სწრაფად ან ყლაპავს ჰაერს. წამოქაფება ქრება, როგორც წესი 7-დან 12 თვემდე შუალედში.
წამოქაფება მცირდება, თუ ჩვილს ვაჭმევთ მანამ, სანამ ძალიან მოშივდება, ამოვაბოყინებინებთ 4-5 წუთში ერთხელ, კვების და შემდგომ პერიოდში გვეყოლება ვერტიკალურ მდგომარეობაში და დავრწმუნდებით, რომ საწოვარას ნახვრეტი ატარებს მხოლოდ რამდენიმე წვეთს წნევით ან ბოთლის დახრილ მდგომარეობაში მოთავსებისას. თუ წამოქაფება იწვევს ჩვილის დისკომფორტს, გავლენას ახდენს კვებაზე და ზრდაზე, ან გრძელდება ადრეული ბავშვობის ასაკშიც კი, მას ეწოდება გასტროეზოფაგური რეფლუქსი და შესაძლოა საჭიროებდეს სამედიცინო ჩარევას. თუ ამოქაფებული მასა არის მწვანე ფერის (შეიცავს ნაღველს) ან სისხლიანი, ან იწვევს ხველას ან ხუთვის შეგრძნებას, აუცილებელია ექიმის დახმარება.
ღებინება: ღებინება არის საკვების არაკომფორტული, იძულებითი ამოღება. ის არასდროსაა ნორმა. ჩვილებში ღებინება ყველაზე ხშირად მწვავე ვირუსული გასტრეონტერიტის შედეგად ვითარდება. აგრეთვე შესაძლებელია გამოწვეული იყოს სხეულის ნებისმიერი ნაწილის ინფექციით; მაგალითად, ყურის ან საშარდე გზების ინფექციებით. ძალიან იშვიათად ღებინებას იწვევს სერიოზული სამედიცინო დარღვევა. ჩვილებს 2 კვირიდან 4 თვის ასაკამდე შესაძლებელია იშვიათად ჰქონდეთ ძლიერი (შადრევანისებრი) ღებინება კვების შემდეგ კუჭის დაბოლოების ბლოკადის შედეგად. (პილორული სფინქტერის სტენოზი). ღებინება აგრეთვე შესაძლებელია გამოწვეული იყოს სიცოცხლისთვის საშიში დარღვევებით, როგორიცაა მენინგიტი, ნაწლავური ბლოკადა და აპენდიციტი. ეს დარღვევები, როგორც წესი, იწვევენ ძლიერ ტკივილს, ლეთარგიულობას და გამუდმებულ ღებინებას, რომელიც დროთა განმავლობაში არ მცირდება.
გასტროენტერიტის მიერ გამოწვეული ღებინება უმეტესად მკურნალობის გარეშე ჩერდება. ბავშვისთვის სითხეების და ელექტროლიტების (როგორიცაა ნატრიუმი და ქლორი) მიცემა, რომლის შეძენაც შესაძლებელია მაღაზიებში ან აფთიაქებში, ახდენს დეჰიდრატაციის პრევენციას და მკურნალობას. ბავშვი რომელიც აღებინებს, როგორც წესი, უფრო კარგად ირგებს მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად მიღებულ სითხეებს, ვიდრე დიდი რაოდენობით და იშვიათად. უფროს ბავშვებს შესაძლებელია მივცეთ ჯოხის ხილის ნაყინი ან ჟელატინი, თუმცა თუ ისინი წითელი ფერისაა, შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს მოგვიანებით სისხლიანი ღებინების შემთხვევაში. ექიმმა უნდა ნახოს ყველა ბავშვი, რომელსაც აქვს მწვავე მუცლის ტკივილი და არ შეუძლია სითხის მიღება და შეკავება, აქვს მაღალი ცხელება, არის ლეთარგიული ან მივარდნილია, აღებინებს 12 საათზე მეტხანს, ნაღებინარი მასა სისხლიანია ან მწვანე ფერის (ნაღველი) ან ვერ შარდავს. ეს სიმპტომები შესაძლებელია იყოს დეჰიდრატაციის ან უფრო მძიმე მდგომარეობის ნიშნები.
ზედმეტი კვება: ზედმეტი კვება არის იმაზე მეტი საკვების მიწოდება, ვიდრე ბავშვს სჭირდება ჯანმრთელი ზრდისთვის. ეს ხდება, როდესაც ბავშვს ავტომატურად აძლევენ საკვებს ტირილის დროს, ყურადღების გადატანისთვის ან გართობისთვის, ან როდესაც ნებას რთავენ, დიდი ხნით ეჭიროს ბოთლი ხელში. გადაჭარბებული კვება მაშინ არის მოსალოდნელი, როდესაც ბავშვი საჩუქრდება კარგი საქციელისთვის საკვებით ან მას აიძულებენ ბოლომდე დაასრულოს ჭამა იმის მიუხედავად, რომ აღარ შია. თავდაპირველად ზედმეტი კვება იწვევს წამოქაფებას და დიარეას, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ბავშვები სუქდებიან.
კვების ნაკლებობა: კვების ნაკლებობა არის იმაზე ნაკლები საკვების მიწოდება, ვიდრე სჭირდება ბავშვის ნორმალურ ზრდას. ეს არის ზრდაში ჩამორჩენის მრავალ მიზეზთაგან ერთ-ერთი და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს თავად ბავშვთან ან მომვლელთან. კვების დეფიციტის გამოწვევა შეუძლია აგრეთვე კვების არასწორ ტექნიკას და ხელოვნური საკვების შეცდომით დამზადებას. სიღატაკე და საკვებთან გაძნელებული წვდომა კვების ნაკლებობის მთავარი მიზეზებია. იშვიათად, მოძალადე და ფსიქიკური დარღვევების მქონე მშობლები განზრახ არ აძლევენ ბავშვებს საჭმელს.
საზოგადოებრივი სოციალური სააგენტოები (როგორიცაა ქალი, ჩვილები და ბავშვები [WIC]) ეხმარებიან მშობლებს ხელოვნური საკვების ყიდვაში და ასწავლიან მათი მომზადების და კვების სწორ წესებს. თუ ჩვილი მოსალოდნელ წონაზე ბევრად პატარაა, რაც საჭიროებს კვებაზე დაკვირვებას, ექიმს შეუძლია მოათავსოს იგი საავადმყოფოში. თუ მშობლები არიან მოძალადეები ან უყურადღებოები, შესაძლებელია დავრეკოთ ბავშვთა დაცვის სამსახურში.
დეჰიდრატაცია: დეჰიდრატაციას იწვევს მიღებული სითხეების კარგვა ღებინების და დიარეის გამო და ხანდახან არაადეკვატური რაოდენობის სითხის მიღება, როდესაც ჩვილი არ იღებს საკმარისი რაოდენობის რძეს ძუძუთი კვებისას. საშუალოდ დეჰიდრატირებული ბავშვები ნაკლებად აქტიურები არიან ან არ არიან თამაშის ხასიათზე, ტირიან ცრემლების გარეშე, აქვთ მშრალი ენა და შარდავენ 2-3 ჯერზე ნაკლებად დღის განმავლობაში. ძლიერად დეჰიდრატირებულ ბავშვებს ეძინებათ ან არიან ლეთარგიულები. ხანდახან დეჰიდრატაცია იწვევს სისხლში მარილის შემცველობის ზრდას ან დაცემას პათოლოგიურად. მარილის კონცენტრაციის ცვლილება კი იწვევს დეჰიდრატაციის სიმპტომების და ლეთარგიულობის დამძიმებას. რთულ შემთხვევებში, ბავშვს შესაძლოა განუვითარდეს გულყრა ან თავის ტვინის დაზიანება და სიკვდილი.