ცხელება არის ადამიანის სხეულის ტემპერატურის მომატება რაიმე ინფექციის, დაზიანების ან ანთების საპასუხოდ.
სხეულის ტემპერატურა ცვალებადია და მისი მომატება 100,3ºF-მდე (დაახლოებით 38ºC) შესაძლებელია იყოს ჯანმრთელი ბავშვისთვის ნორმა. მაშასადამე, ტემპერატურის მცირედი მატება, რომელიც არ იწვევს ბავშვის დისტრესს, არ საჭიროებს სამედიცინო ყურადღებას. 100,4ºF (დაახლოებით 38ºC) ტემპერატურა და მეტი მიიჩნევა პათოლოგიად და საჭიროებს ყურადღებას, განსაკუთრებით 3 თვემდე ასაკში.
ცხელება არის ზოგადი ინფექციის შედეგი, როგორიცაა გაციება და გასტროენტერიტი. ეს ინფექციები, როგორც წესი, ვირუსულია და გაივლის მკურნალობის გარეშე. იშვიათად, ცხელება ვითარდება ყურის, ფილტვის, შარდის ბუშტის ან თირკმლის ინფექციისას. ისინი უხშირესად ბაქტერიული ინფექციებია და საჭიროებენ ანტიბიოტიკებს. ხანდახან, ცხელება ჩვილებში არის სისხლის ინფექციის ერთადერთი ნიშანი (ფარული ბაქტერიემია), რომელიც იწვევს მენინგიტს და ძლიერ ინფექციას (სეფსისი), სიცოცხლისთვის საშიშ ორ მდგომარეობას. ამ ინფექციის მქონე ბავშვები, როგორც წესი, გამოიყურებიან ავად. ბავშვებში ინფექციის გარდა ბევრი მდგომარეობა იწვევს სიცხეს, მაგრამ ისინი იშვიათია. იმ ცხელებისგან განსხვავებით, რომელიც ზოგადი ინფექციის ფონზე ვითარდება, ეს ცხელება გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტხანს.
ცხელება შესაძლებელია განვითარდეს რუტინული აცრის შედეგად და ეს არ არის აცრებისგან თავის არიდების მიზეზი. აცეტამინოფენის ან იბუპროფენის მიცემა აცრის დროს და მის შემდეგ, ამცირებს ცხელების განვითარების რისკს და არსებობის შემთხვევაში აქვეითებს კიდეც.
ჩვილები სიცხის დროს ძირითადად არიან გაღიზიანებულები, არ სძინავთ და არ იკვებებიან კარგად. მოზრდილი ბავშვები კარგავენ თამაშის ინტერესს, თუმცა ზოგჯერ მაღალი ცხელების მქონე ბავშვები გასაკვირად კარგად გამოიყურებიან. ცხელებით გამოწვეული გაღიზიანებულობა და უინტერესობა უარესდება, რაც უფრო იმატებს ტემპერატურა. იშვიათად, სიცხის სწრაფმა მატებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გულყრა (ფებრილური გულყრა) და ძალიან იშვიათად სიცხე იმატებს იმდენად, რომ ბავშვები ხდებიან ლეთარგიულები და ურეაქციო.
სიცხის აღმოჩენა არ არის რთული, მაგრამ მისი გამომწვევის განსაზღვრა კი ზოგჯერ ძნელდება. თუ ცხელება არის დაბალი (100,3ºF (დაახლოებით 38ºC) და ნაკლები) და ხანმოკლე მიმდინარეობის, არ საჭიროებს კვლევებს ან მკურნალობას. სხვა შემთხვევებში, ბავშვის სიმპტომების ცოდნა და სრულყოფილი გასინჯვა, ექიმს ეხმარება გამომწვევის პოვნაში. ზოგადად, ნებისმიერი ბავშვი 100,4ºF (დაახლოებით 38ºC) ან მეტი ტემპერატურით უნდა ნახოს ექიმმა, ისევე, როგორც მოზრდილი ბავშვები მაღალი და მორეციდივე ცხელებით ან ტკივილის ჩივილით.
2 თვემდე ასაკის ჩვილებს, რომელთაც აქვთ ცხელება, ექიმმა უნდა ჩაუტაროს სისხლის და შარდის და თავ-ზურგტვინის სითხის (ლუმბალური პუნქცია) ანალიზები, რათა გამოიკვლიოს ფარული ბაქტერიემია, საშარდე გზების ინფექცია და მენინგიტი. ამ ტესტების ჩატარების მიზეზი ისაა, რომ ცხელების წყაროს განსაზღვრა რთულია. ისინი არიან სერიოზული ინფექციის განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ, ვიდრე უფროსი ბავშვები, რადგან მათი იმუნური სისტემა არ არის განვითარებული. ექიმმა შესაძლებელია მოითხოვოს რენტგენოგრაფიული კვლევა, თუ ბავშვი პათოლოგიურად სუნთქავს. 2 თვეზე მეტი ხნის ჩვილებთან არ არის გამოკვლევების საჭიროება, მაგრამ ბევრი ექიმი ატარებს სისხლის და შარდის ანალიზებს და ლუმბალურ პუნქციას, თუ სიცხის მიზეზი არ არის ცხადი და ბავშვი გამოიყურება ავად. თუ რა ანალიზი უნდა ჩატარდეს 3 თვის და მეტი ასაკის ბავშვებში დიაგნოზის დასაზუსტებლად, ამას ექიმი განსაზღვრავს ბავშვის ქცევისა და ფიზიკური შეფასების საფუძველზე. მან შეიძლება მოითხოვოს სისხლის და შარდის ანალიზები 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან, თუ ბავშვის გასინჯვის შემდეგ შეუძლებელია ცხელების წყაროს განსაზღვრა.
ცხელების უმეტესობა არ საჭიროებს მკურნალობას, გარდა სიმპტომური მკურნალობისა, რისთვისაც რეკომენდებულია მეტი სითხის მიღება დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად. გამოიყენება აცეტამინოფენი და იბუპროფენი. ასპირინი არ არის უსაფრთხო სიცხის დაწევისთვის, რადგან იგი ზოგჯერ ურთიერთქმედებს გარკვეულ ვირუსულ ინფექციასთან და შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული მდგომარეობა სახელწოდებით რეიეს სინდრომი. თბილი (და არა ცივი) აბაზანის შემდგომ ხანდახან ბავშვი თავს კარგად გრძნობს, რადგან სიცხე დაბლა იწევს. ალკოჰოლით ან ჰამამელისით ბავშვის დაზელა არ არის რეკომენდებული. ალკოჰოლს ან ჰამამელისს შეიძლება ჰქონდეს მავნე ანაორთქლი, რომელიც მოხვდება თვალებში ან შეისუნთქება შემთხვევით.
დამატებითი მკურნალობა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და ცხელების მიზეზზე. იშვიათად, ცხელება გრძელდება და ექიმებს არ შეუძლიათ ფართო კვლევების შემდეგაც კი მიზეზის განსაზღვრა. ამ ტიპის ცხელებას ეწოდება უცნობი გენეზის ცხელება.