ზრდაში ჩამორჩენა არის ფიზიკური ზრდის და წონის მომატების შეფერხება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს განვითარების და მომწიფების შეფერხებაც.
ზრდაში ჩამორჩენა არის დიაგნოზი, რომელიც ესმებათ მუდმივი წონის დეფიციტის მქონე ბავშვებს ან მათ, რომლებიც ვერ იმატებენ წონას გაურკვეველი მიზეზების გამო. არსებობს ბევრი გამომწვევი. უმრავლეს შემთხვევაში მიზეზია გარემო და სოციალური ფაქტორები, რომელიც გულისხმობს ბავშვისთვის საჭირო საკვების მიუღებლობას. იშვიათად, სამედიცინო დაავადებები უშლის ხელს ბავშვს ნორმალურ ზრდაში.
გასათვალისწინებელია ბევრი სამედიცინო და სოციალური ფაქტორი. მშობლების მხრიდან ძალადობამ ან უყურადღებობამ, მშობლების მენტალურმა დარღვევებმა და ოჯახის ქაოსურმა სიტუაციამ, რომლის დროსაც ხდება რუტინული, ჯანსაღი საკვების არასაკმარისი მიწოდება, შეიძლება დაირღვეს ბავშვის მადა და საკვების მიღება. ოჯახის მიერ საკვების შეძენაზე დახარჯული ფულის რაოდენობა და ნაყიდი საკვების კვებითი ღირებულება აგრეთვე ახდენს გავლენას ზრდაზე. არაადეკვატური მზრუნველობა და გარემოს სტიმულაცია აისახება საკვების არასაკმარის მიღებაზე.
ხანდახან ზრდაში ჩამორჩენა გამოწვეულია სამედიცინო დარღვევებით. ეს შეიძლება იყოს უმნიშვნელო, როგორიცაა ღეჭვის და ყლაპვის (სასის ან ტუჩის ნაპრალი). სამედიცინო დარღვევებმა, როგორიცაა გასტროეზოფაგური რეფლუქსი, საყლაპავის შევიწროება ან ნაწლავური მალაბსორბცია, შეიძლება იმოქმედოს საკვების მიღებაზე, შეწოვაზე ან გადამუშავებაზე. ინფექცია, სიმსივნე, ჰორმონული ან მეტაბოლური დარღვევები (როგორიცაა დიაბეტი ან კისტური ფიბროზი), გულის დაავადებები, თირკმლის დაავადებები, გენეტიკური დარღვევები და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (HIV) ინფექცია, არის ზრდაში ჩამორჩენის სხვა ფიზიკური მიზეზები.
ექიმი ზრდაში ჩამორჩენის დიაგნოზს სვამს, როდესაც ბავშვის წონა ან ზრდის სიჩქარე იმაზე დაბალია, რაც უნდა იყოს წინა გასინჯვებთან ან სტანდარტული სიმაღლე-წონის მრუდთან შედარებით (იხ. ცხრილი გვ. 1918). თუ ზრდის სიჩქარე ადეკვატურია, ბავშვი შეიძლება იყოს პატარა თავის ასაკთან შედარებით, მაგრამ მაინც იზრდებოდეს ნორმალურად.
ბავშვის ზრდაში ჩამორჩენის განსაზღვრისათვის, ექიმი უსვამს მშობლებს სპეციალურ კითხვებს კვებაზე, ნაწლავთა მოქმედებაზე, სოციალურ, ოჯახის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე, რაც შეიძლება ახდენდეს გავლენას ბავშვის საკვებთან წვდომაზე. ასეთ დროს საყურადღებოა დაავადებები, რომლებიც ბავშვს ჰქონდა ან აქვს მის ოჯახს. ექიმი სინჯავს ბავშვს, ეძებს იმ მდგომარეობებს, რომლებიც ახსნიდნენ ზრდაში ჩამორჩენას. შემდეგ ინიშნება სისხლის და შარდის ანალიზები და რენტგენოგრამა, რომელთა შეფასების შემდგომ ექიმი იღებს გადაწყვეტილებას. უფრო ღრმა კვლევები ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ ექიმი ეჭვობს რაიმე ფონურ დაავადებაზე.
რადგან სიცოცხლის პირველი წელიწადი მნიშვნელოვანია თავის ტვინის განვითარებისთვის, ბავშვები რომლებსაც აქვთ კვების დეფიციტი ამ პერიოდში, შეიძლება ჩამორჩნენ თავიანთ თანატოლებს, ფიზიკურ ზრდაში გაუმჯობესების მიუხედავად. ამ ბავშვების ნახევარს მენტალური განვითარება ნორმაზე დაბალი აქვს, განსაკუთრებით ვერბალური უნარები და ასეთ ბავშვებს აქვთ სოციალური და ემოციური პრობლემები მოზრდილობაში.
მკურნალობა დამოკიდებულია მიზეზზე. თუ ნაპოვნია სამედიცინო დარღვევა, ენიშნება სპეციფიკური მკურნალობა. სხვა მხრივ, მკურნალობა დამოკიდებულია წინის დეფიციტის ხარისხზე. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ზრდაში ჩამორჩენის მკურნალობა ხდება მაღალკალორიული საკვების რეგულარული გრაფიკით მიღებით. მშობლებს შეიძლება ჩაუტარდეთ კონსულტაცია, თუ როგორი დამაზიანებელი შეიძლება იყოს ბავშვზე ოჯახური მდგომარეობის გავლენა და რა ფინანსური და სოციალური წყაროებია მათთვის შესაძლებელი. მძიმე ზრდაში ჩამორჩენის მკურნალობა ხდება კლინიკაში, სადაც სოციალური მუშაკი, ნუტრიციოლოგი, კვების სპეციალისტები, ფსიქიატრები და სხვა სპეციალისტები მუშაობენ ერთად ბავშვის ზრდაში ჩამორჩენის სავარაუდო მიზეზის და კვებისთვის საუკეთესო მიდგომის დასადგენად.