სამართლებრივი და ეთიკური საკითხები (საფუძვლები) | მკურნალი.გე
  1. სამართლებრივი და ეთიკური საკითხები (საფუძვლები)
  2. საფუძვლები
სამართლებრივი და ეთიკური საკითხები (საფუძვლები)

კანონმდებლობაში ბევრი რამ არის ნათქვამი პერსონალური გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. მაგალითად, ადამიანს აქვს კანონიერი უფლება, მიიღოს გადაწყვეტილებები მის მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე. ამავე დროს, ავადმყოფობა უქვეითებს ადამიანს თავისი კანონიერი უფლებების დაცვის უნარს. ამ უფლებების დაცვა წინასწარ დაფიქრებას, დაგეგმვას მოითხოვს. მწვავე ან ქრონიკულმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა, რაც ადამიანს მოწყვლადს ხდის და ზოგჯერ თვითკონტროლის უნარს უკარგავს. პირადი საქმეების მოგვარება, სურვილების გამოთქმა და რწმენა იმისა, რომ ეს სურვილები გათვალისწინებული იქნება, შეუძლებელია მათთვის, ვისაც ფიზიკური უმწეობა ან ფსიქიკური დარღვევები აღენიშნება. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი ასაკის მოზრდილ ადამიანს შეუძლია გადადგას ნაბიჯები საიმისოდ, რომ თავიდან აიცილოს საკუთარი სიცოცხლის განკარგვის შეუძლებლობა. ასეთი ნაბიჯები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოხუცებულთათვის.

საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარემოებების დაგეგმვის ძირითადი საშუალებაა წინასწარ გაცხადებული ნება, რომელიც გულისხმობს სიცოცხლეში გამოხატულ ნებას და სამედიცინო მოვლის მინდობილობას. ფინანსური და საკუთრების სხვა ფორმების დაგეგმვის ძირითადი სამართლებრივი საშუალებაა მინდობილობა ან გაწვევითი მინდობილობა. სამართლებრივი ბერკეტების ეს ერთობლიობა ეხმარება ოჯახს, მეგობრებს, ჯანდაცვის პროფესიონალებს და იურიდიულ სისტემას იმაში, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება ჯანმრთელობის დაცვას, პერსონალური საკითხების მოგვარებას, საკუთრების განკარგვას და განაწილებას განხორციელდეს პიროვნების სურვილების შესაბამისად.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამართლებრივი სისტემა მოქმედებს ფედერალურ და ადგილობრივ დონეებზე. შტატის კანონები და, განსაკუთრებით, ფედერალური კანონები განსაზღვრავენ, როგორ უნდა დაიბეგროს საკუთრება, როდესაც ის სხვის ხელში გადადის მესაკუთრის სიცოცხლეში ან მისი სიკვდილის შემდეგ. ფედერალური კანონი აკონტროლებს სახელმწიფო დაზღვევის პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს ჯანდაცვის მომსახურების საფასურის დაფარვას 65 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეთა უმრავლესობისთვის. შტატის კანონები განსაზღვრავს, როგორ უნდა იქნეს რეალიზებული ქმედუუნარო ადამიანის უფლება, გადაწყვიტოს მისთვის მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები. ფუძემდებელი ფედერალური სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, შტატის კანონები აგრეთვე განსაზღვრავს, ვინ შეიძლება იყოს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის მოსარგებლე, პროგრამისა, რომელიც უზრუნველყოფს ჯანდაცვის საფასურის ანაზღაურებას ღარიბი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. გარდა ამისა, შტატის კანონები აკონტროლებენ საკუთრების განაწილებას, თუ პირი კვდება ნების გამოხატვის გარეშე ან არ ჰყავდა დასახელებული ნდობით აღჭურვილი პირი. ვინაიდან შტატების კანონები ერთმანეთისგან განსხვავდება, მნიშვნელოვანია ადვოკატის რეკომენდაციები საკუთრების თაობაზე. რაც შეეხება ჯანდაცვის საკითხებს, ადამიანებს თავად შეუძლიათ დახმარების მიღება თავისი ექიმისა და ექთანისაგან, სოციალური მუშაკისგან. სიცოცხლეში გაცხადებული ნება ან სამედიცინო მოვლის მინდობილობა შეიძლება მომზადდეს ადვოკატის ჩარევის გარეშე. ამ უკანასკნელის დახმარება სასარგებლოა განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც პირის სურვილები ძნელად შესასრულებელია ან ოჯახის წევრებს არ მიაჩნიათ ეს სურვილები მართებულად. რთული ფინანსური დოკუმენტები ადვოკატმა უნდა შეადგინოს.