ტრიქინელოზი | მკურნალი.გე
  1. ტრიქინელოზი
  2. პარაზიტული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ტრიქინელოზი

ტრიქინელოზი წარმოადგენს მრგვალი ჭია – Trichinella spiralis-ით გამოწვეულ ინფექციას.

  • ადამიანები იძენენ ინფექციას ცუდად მომზადებული, დაინფიცირებული ხორცის მიღებისას;

  • თავდაპირველად, ადამიანებს აქვთ გულისრევა, ფაღარათი, მუცლის სპაზმები, შემდეგ კი კუნთთა ტკივილი, სისუსტე, ცხელება, თავის ტკივილი და ზოგჯერ სხვა ორგანოების ანთება;

  • თავდაპირველი ინფექციიდან რამდენიმე კვირის გავლის შემდეგ მრგვალი ჭიების საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა სისხლის გამოკვლევაში ადასტურებს დიაგნოზს

  • მრგვალ ჭიას კლავს ხორცის საგულდაგულოდ მომზადება ან გაყინვა;

  • პარაზიტების საწინააღმდეგო წამლები, როგორიცაა მაგ. ალბენდაზოლი, აცილებენ ჭიებს ნაწლავებიდან, მაგრამ კუნთთა ტკივილის შემსუბუქების მიზნით საჭიროა წოლითი რეჟიმი და ტკივილგამაყუჩებლების მიღება.

ტრიქინელას ლარვები ცხოვრობენ ცხოველების, ჩვეულებრივ ღორების, გარეული დათვების, ლომვეშაპების, ცხენებისა და ბევრი ხორცისმჭამელი ცხოველის, კუნთოვან ქსოვილში. ადამიანებს უვითარდებათ ტრიქინელოზი, თუ ისინი იკვებებიან ისეთი ცხოველის მოუმზადებელი ან ცუდად მომზადებული ხორცით, რომელიც ატარებს პარაზიტს. ადამიანების უმეტესობაში ინფექცია ვითარდება ღორის ხორცით კვების შედეგად, განსაკუთრებით კი იმ რეგიონებში, სადაც ღორებს გამოკვებავენ მოუხარშავი ხორცის ნარჩენებით. ინფექციის მიზეზი შეიძლება გახდეს აგრეთვე ტახის, დათვის ან ლომვეშაპის ხორცით კვება. დღესდღეობით, ტრიქინელოზი იშვიათია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

როდესაც ადამიანი შეჭამს ტრიქინელას ცოცხალი ცისტების შემცველ ხორცს, ცისტის კედელი გადაიყლაპება და გამოყოფს ლარვებს, რომლებიც სწრაფად მწიფდებიან ზრდასრულ ფორმებად და წყვილდებიან ნაწლავებში. შეწყვილების შემდეგ მამრი ჭიები იღუპებიან და შესაბამისად, აღარ თამაშობენ როლს ინფექციის განვითარებაში. მდედრი ჭიები ხვრეტენ ნაწლავის კედელს და მეშვიდე დღისთვის იწყებენ ლარვების წარმოქმნას.

ლარვების წარმოქმნა გრძელდება 4-6 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ, მდედრი ჭია კვდება ან გამოიყოფა ორგანიზმიდან. ლარვები გადაიტანება მთელ სხეულში სისხლის მიმოქცევისა და ლიმფური ძარღვების მეშვეობით. ლარვები იჭრებიან კუნთებში, რითიც იწვევენ ანთებას. 1-2 თვეში ისინი წარმოქმნიან ცისტებს, რომლებსაც წლების განმავლობაში შეუძლიათ ორგანიზმში ცხოვრება.

ყველაზე ხშირად დაინფიცირებულია გარკვეული კუნთები, როგორებიცაა მაგ. ენის, თვალების გარშემო და ნეკნებს შორის არსებული კუნთები. ლარვები, რომლებიც აღწევენ გულს, ხშირად კვდებიან მათ მიერ გამოწვეული ძლიერი ანთებითი რეაქციის გამო.

სიმპტომები

სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია ინფექციის სტადიაზე, შემოჭრილი ლარვების რაოდენობაზე, დაინფიცირებულ ქსოვილებსა და ადამიანის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. ბევრ ადამიანს საერთოდ არ აქვს სიმპტომები. სიმპტომების გაჩენისას გამოყოფენ ორ სტადიას:

  • პირველი სტადია: ნაწლავური ინფექცია ვითარდება დაინფიცირებული საკვების მიღებიდან 1-2 დღეში. სიმპტომებს მიეკუთვნება გულისრევა, ფაღარათი, მუცლის სპაზმი და მსუბუქი ცხელება.

  • მეორე სტადია: ლარვების კუნთებში შეჭრით გამოწვეული სიმპტომები ვითარდება დაახლ. 7-15 დღის შემდეგ. სიმპტომებს მიეკუთვნება კუნთთა ტკივილი და სირბილე, სისუსტე, ცხელება, თავის ტკივილი და სახის შეშუპება, განსაკუთრებით კი, თვალების გარშემო. ტკივილი უფრო მეტად გამოხატულია კუნთებში, რომლებიც პასუხს აგებენ სუნთქვის, მეტყველების, ღეჭვისა და ყლაპვის აქტებზე. შესაძლოა, გაჩნდეს გამონაყარი, რომელიც არ იწვევს ქავილს. ზოგიერთ ადამიანში შესაძლოა გაწითლდეს თვალის სკლერა, განვითარდეს თვალების ტკივილი და მოიმატოს მგრძნობელობამ ნათელ შუქზე.

თუ სხეულში ბევრი ლარვაა, შესაძლოა განვითარდეს გულის, თავის ტვინისა და ფილტვების ანთება. შესაძლოა გაჩნდეს გულის უკმარისობა, გულის რიტმის დარღვევები, კრუნჩხვები და სუნთქვის სერიოზული პრობლემები. შესაძლოა ადამიანი დაიღუპოს, მაგრამ ეს წარმოადგენს იშვიათობას.

მკურნალობის გარეშე სიმპტომების უმეტესობა ქრება ინფექციის მესამე თვეზე, თუმცა კუნთების ტკივილი და დაღლილობა შესაძლოა გახანგრძლივდეს.

დიაგნოზი

ჭიებით გამოწვეული სხვა ინფექციებისგან განსხვავებით, ტრიქინელოზის დიაგნოზი ვერ დაისმება განავლის მიკროსკოპული გამოკვლევით. საკმაოდ სანდოა ტრიქინელა სპირალისის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოსაკვლევად ჩატარებული სისხლის ანალიზი, მაგრამ ის არ არის დადებითი, სანამ სიმპტომების გაჩენიდან არ გავა 2-3 კვირა. თუ შედეგები უარყოფითია, ექიმი აფუძნებს ტრიქინელოზის თავდაპირველ დიაგნოზს სიმპტომებსა და ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა) მაღალი დონეების არსებობაზე სისხლის ანალიზში. ანტისხეულებზე გამოკვლევა მეორდება რამდენიმე კვირის შემდეგ, დიაგნოზის დადასტურების მიზნით. ინფექციის მეორე კვირაზე გაკეთებულმა კუნთოვანი ქსოვილის ბიოფსიამ (ამ დროს ხდება ქსოვილის ნიმუშის აღება და მისი მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევა) შესაძლოა გამოავლინოს ლარვები ან ცისტები, მაგრამ ეს გამოკვლევა იშვიათადაა საჭირო.

პრევენცია და მკურნალობა

ტრიქინელოზის თავიდან აცილება შეიძლება ხორცის, განსაკუთრებით კი ღორის ხორცისა და მისგან ნაწარმოები პროდუქტების, საგულდაგულოდ მომზადებით 71°C (160°F) ტემპერატურაზე. ალტერნატიულად, შესაძლებელია ლარვების დახოცვა ხორცის გაყინვით -15°C (5°F) ტემპერატურაზე 3 კვირის განმავლობაში ან -29°C (-20°F) ტემპერატურაზე 6 დღის განმავლობაში. თუმცა, იმ ჭიების ლარვები, რომლებიც აინფიცირებენ არქტიკაში მცხოვრებ ძუძუმწოვრებს, გადარჩებიან ამ ტემპერატურაზეც კი. შებოლვა ან დამარილება არ წარმოადგენს პარაზიტების დახოცვის სანდო გზას. აგრეთვე, ღორებს საჭმელად არ უნდა მისცენ მოუხარშავი ხორცის პროდუქტები.

დასალევი მებენდაზოლი ან ალბენდაზოლი აცილებენ ნაწლავში არსებულ ჭიებს, მაგრამ მათ აქვთ მცირედგამოხატული ეფექტი კუნთებში არსებულ ცისტებზე. კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად გვეხმარება წოლითი რეჟიმი და ტკვილგამაყუჩებლები. მწვავე ინფექციის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა გამოწერონ კორტიკოსტეროიდებიც (როგორიცაა მაგ. პრედნიზოლონი), რომელიც ამცირებს ანთების ინტენსივობას. ტრიქინელოზის მქონე ადამიანების უმეტესობა გამოჯანმრთელდება სრულად.