ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომი (SIDS) არის გარეგნულად ჯანმრთელი ბავშვის უცაბედი, მოულოდნელი, უეცარი სიკვდილი ძილის დროს, რომელთანაც სიკვდილის შემდგომი გასინჯვით ვერ დგინდება მიზეზი.
თუმცა SIDS (აგრეთვე ცნობილი როგორც აკვანში სიკვდილი) ყველგან იშვიათია (2000-ში 1 შემთხვევა), მაინც 2 კვირიდან 1 წლამდე ჩვილების სიკვდილის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია. იგი ყველაზე მეტად 2 თვიდან 4 თვემდე ასაკში ვითარდება. ეს სინდრომი გვხვდება მთელ მსოფლიოში. SIDS ხშირია დღენაკლულ ჩვილებში, რომლებიც იყვნენ დაბადებისას პატარები, დასჭირდათ რეანიმაცია და ჰქონდათ ზედა სასუნთქი გზების ინფექციები. უცნობი მიზეზით, შავი და მკვიდრი ამერიკელი ჩვილები უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან. ეს სინდრომი უფრო ხშირია ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ დაბალი შემოსავლების მქონე ოჯახებში; 20 წლამდე ასაკის მარტოხელა დედების ან იმ დედებისა, რომლებიც ეწეოდნენ თამბაქოს და მოიხმარდნენ უკანონო წამლებს ორსულობაში; რომელთა ძმები და დები გარდაიცვალნენ SIDS-ით.
SIDS-ის მიზეზი უცნობია. იგი შეიძლება გამოწვეული იყოს სუნთქვის კონტროლის მოშლით. SIDS-ის მქონე ზოგიერთ ჩვილთან აღმოჩნდა, რომ ჰქონდათ სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე და სუნთქვის გაჩერების ეპიზოდები. ძილისას მუცელზე და რბილ საწოლზე (როგორიცაა ბალიში და ცხვრის მატყლის პლედი) წოლა დაკავშირებულია SIDS-ისთან. ჩვილებთან ერთად წოლა დივანზე, რბილ ბალიშზე ან საწოლზე ზრდის SIDS-ის რისკს.
SIDS-ის ცნობილი რისკფაქტორების მიუხედავად, არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გზა მისი პრევენციისთვის. თუმცა შეიძლება დაგვეხმაროს ზოგიერთი ღონისძიება, განსაკუთრებით კი – ჩვილის მაგარ ლეიბზე ზურგით დაწვენა. SIDS-ის შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა მას შემდგომ, რაც მშობლები ბავშვებს ზურგზე აწვენენ. მათ უნდა მოაცილონ ბალიშები, გვერდზე დამცავები და სათამაშოები, რომლებმაც შეიძლება ჩვილს სუნთქვაში ხელი შეუშალონ. გადახურებისგან მათი დაცვაც შესაძლოა სასარგებლო იყოს, მაგრამ ეს არ არის დადასტურებული. აგრეთვე სასურველია თამბაქოს კვამლისგან თავის არიდება და ამას აქვს ჯანმრთელობისთვის სხვა უპირატესობები.
მშობლების უმეტესობა, რომლებმაც დაკარგეს შვილი SIDS-ით არიან დამწუხრებულები და ტრაგედიისთვის მოუმზადებლები. ისინი, როგორც წესი, თავს გრძნობენ დამნაშავედ. პოლიციის, სოციალური მუშაკების და სხვათა შემდგომმა კვლევებმა შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი ტრავმატიზაცია. მშობლებმა რომ თავი გაართვან ამ ტრაგედიას, მათ დასახმარებლად გადამწყვეტია სპეციალურად მომზადებული ექიმების და ექთნების, აგრეთვე სხვა მშობლების (რომლებმაც დაკარგეს ჩვილი SIDS-ით) კონსულტაცია და მხარდაჭერა. მშობლების დახმარებისთვის სპეციალისტებმა შეიძლება ურჩიონ წასაკითხი მასალა, საინფორმაციო ინტერნეტის გვერდები და მხარდამჭერი ჯგუფები.