სოციალური და ემოციური განვითარება | მკურნალი.გე
  1. სოციალური და ემოციური განვითარება
  2. სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
სოციალური და ემოციური განვითარება

ემოცია და ქცევა ბავშვის განვითარების სტადიაზე და ტემპერამენტზეა დაფუძნებული. ყოველ ბავშვს აქვს ინდივიდუალური ტემპერამენტი ან ხასიათი. ზოგიერთი შეიძლება იყოს მხიარული, ადვილად შემგუებელი და მარტივად ივითარებს ძილის, სიარულის, კვების და სხვა ყოველდღიური აქტივობების რეგულარულ რუტინას. ეს ბავშვები უფრო დადებითად რეაგირებენ ახალ სიტუაციებზე. სხვა ბავშვები კი არ არიან ადვილად შემგუებელნი და შეიძლება ჰქონდეთ ბევრი პრობლემა ყოველდღიურობაში. ამგვარი ბავშვები ახალ სიტუაციებს პასუხობენ ნეგატიურად. არიან სხვა ტიპის ბავშვებიც, რომლებიც თავიანთი ხასიათის თავისებურებებით ამ ორი ტიპის ბავშვებს შორის არიან.

დაახლოებით 9 თვის ასაკისთვის, ნორმაში, ჩვილები უფრო მეტად შფოთავენ მშობლებისგან დაშორებისას. დაშორება დაძინებისას ან საბავშვო ბაღში დატოვებისას ხშირად ბავშვის გაღიზიანებას იწვევს. ეს ქცევა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე თვე. ბევრი უფროსი ასაკის ბავშვისთვის სპეციალური პლედი ან სათამაშო ცხოველი ხდება ხოლმე ყურადღების გადატანის ობიექტად და მშობლების მათთან ყოფნის სიმბოლოდ.

2-3 წლის ასაკში ბავშვი იწყებს მისთვის დაწესებული შეზღუდვების გადამოწმებას და აკეთებს იმას, რასაც უკრძალავენ, რათა ნახოს, რა მოყვება ამას. ხშირი "არა", რომელიც ბავშვებს ესმით მშობლებისგან, ხელს უწყობს ამ ასაკში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დაწყებას. მშობლებისა და ბავშვების შეშფოთების მიუხედავად, ისტერიკა ამ ასაკში სავსებით ნორმალური მოვლენაა, რადგანაც ის ეხმარება ბავშვს, გამოხატოს იმედგაცრუება იმ დროს, როდესაც თავის გრძნობებს სიტყვიერად ვერ გამოთქვამს. მშობლებს შეუძლიათ შეამცირონ ასეთი ისტერიკა იმით, რომ იმედი არ გაუცრუონ უმიზეზოდ და იციან საკუთარი შვილის ხასიათი, თავი აარიდონ ისეთ სიტუაციებს, რაც მათ გააღიზიანებს. იშვიათად, ჭარბი გაღიზიანებადობის დროს საჭირო ხდება ექიმის კონსულტაცია. ზოგიერთ პატარა ბავშვს განსაკუთრებულად უჭირს საკუთარი იმპულსების კონტროლი და მათმა მშობლებმა უნდა დააწესონ მკაცრი შეზღუდვები, რაც შექმნის მათ სამყაროში უსაფრთხოებას და რეგულარობას.

18 თვიდან 2 წლამდე ასაკში, ბავშვები იწყებენ სქესის განსხვავებას. სკოლამდელ ასაკში, მათ აგრეთვე წარმოდგენა ექმნებათ სქესის მნიშვნელობაზე, უკვე იციან, თუ რას აკეთებენ ბიჭები და გოგონები. ამ ასაკში აღმოაჩენენ გენიტალიებს და წარმოიქმნება სიგნალები, როდესაც ბავშვები იწყებენ სქესსა და სხეულის ფორმას შორის კავშირის გაცნობიერებას.

2-დან 3 წლამდე ასაკში ბავშვები სხვა ბავშვებთან ერთად უფრო მეტს თამაშობენ. თუმცა, ჯერ კიდევ შეიძლება იყვნენ მიჯაჭვულნი სათამაშოებზე, მაინც ათხოვებენ მათ სხვებს და თამაშობენ რიგრიგობით. სათამაშოს საკუთრების დამადასტურებლად "ეს ჩემია!"-ს თქმა ეხმარება თავის დამკვიდრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში ბავშვები იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, მათ მაინც სჭირდებათ გვერდით მშობელი მხარდაჭერისათვის და უსაფრთხოებისათვის. მაგალითად, ისინი შეიძლება წავიდნენ მშობლებისგან, როდესაც რაიმე აინტერესებთ, მაგრამ მოგვიანებით იმალებიან მათ უკან, როდესაც ეშინიათ.

3-დან 5 წლამდე ასაკში ბევრ ბავშვს აინტერესებს წარმოსახვითი თამაშები და გამოგონილი მეგობრები. ასეთი თამაში ბავშვებს საშუალებას აძლევს უსაფრთხოდ ითამაშონ სხვადასხვა როლები და გამოხატონ გრძნობები მისაღები გზებით. ეს აგრეთვე ეხმარება ბავშვებს, გაიზარდონ სოციალურად. სწავლობენ კონფლიქტების გადაჭრას მშობლებთან ან სხვა ბავშვებთან იმედგაცრუების გარეშე და თვითშეფასების შენარჩუნებით. აგრეთვე ამ დროს წარმოიქმნება ბავშვებისთვის ტიპური შიშები, როგორიცაა "კარადაში მონსტრია". ეს შიშები ნორმალურია.

7-დან 12 წლის ასაკისთვის, ბავშვები მრავალ პრობლემას ხვდებიან. ესენია: თვითშეფასება, რომლის საფუძველი ხშირად კლასში გამოვლენილი კომპეტენტურობაა; თანატოლებთან კავშირი, რაც განისაზღვრება სოციალიზაციის უნარით და საზოგადოებასთან მორგებით; ოჯახური ურთიერთობები, რომლებიც განისაზღვრება მშობლებთან ან დედმამიშვილებთან ოჯახური თანხმობის მიღწევით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ბავშვი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანატოლთა ჯგუფებს, ისინი თავდაპირველად მაინც ეძებენ მშობლების მხარდაჭერას და რჩევებს. დედმამიშვილია ბავშვისთვის თანადგომის სამაგალითო ნიმუში, მყარი დასაყრდენი და კრიტიკოსიც იმის დასადგენად, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. დროის ეს პერიოდი ძალიან აქტიურია ბავშვებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან ბევრ აქტივობაში და სურთ აღმოაჩინონ სიახლეები. ამ ასაკში, ბავშვები ყველაფერს მარტივად სწავლობენ და ხშირად კარგად იღებენ რჩევებს უსაფრთხოების, ჯანმრთელი ცხოვრების წესის და რისკიანი ქცევებისგან თავის არიდების შესახებ.