დაავადების პროფილაქტიკური ვიზიტები | მკურნალი.გე
  1. დაავადების პროფილაქტიკური ვიზიტები
  2. სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
დაავადების პროფილაქტიკური ვიზიტები

ექიმთან დაგეგმილი ვიზიტები უზრუნველყოფენ ბავშვის ზრდისა და განვითარების შესახებ მშობლების ინფორმირებას. ასეთი ვიზიტები აგრეთვე მშობლებს საშუალებას აძლევს, დაუსვან კითხვები პედიატრს და მიიღონ რჩევები. პედიატრიის ამერიკული აკადემია რეკომენდაციას უწევს, რომ 1 წლის ასაკიდან ბავშვი ინახოს ექიმის მიერ პროფილაქტიკური ვიზიტებისთვის 15, 18 და 24 თვის ასაკში და შემდგომ ყოველწლიურად 6 წლამდე. შემდგომ სასურველია ბავშვის ვიზიტი ექიმთან 8 და 10 წლის ასაკში. ვიზიტი შეიძლება იყოს უფრო ხშირი ექიმის რჩევის ან ოჯახის საჭიროების მიხედვით.

ყოველი ვიზიტისას ტარდება მრავალი გაზომვა, სკრინინგული პროცედურა და აცრა. მოწმდება სიმაღლე და წონა და თავის გარშემოწერილობა 18 თვის ასაკამდე. კარგი ზრდა ბავშვის საერთო ჯანმრთელობის ერთ-ერთი მაჩვენებელია. ბავშვის ფაქტობრივი ზომა იმდენად მნიშვნელოვანი არაა, ვიდრე რჩება თუ არა იგი სიმაღლის და წონის ერთსა და იმავე პერცენტილზე (პერცენტილი გვიჩვენებს მონაცემის დამოკიდებულებას საკვლევი ჯგუფის საერთო მონაცემებთან) ყოველი ვიზიტის დროს. კარგია, თუ ბავშვი ყოველთვის მე-10 პერცენტილზეა (მიუხედავად იმისა, რომ იგი პატარაა ამ ასაკის ბავშვების უმეტეს ნაწილზე), მაშინ როდესაც, თუ ბავშვი ვარდება 35-ე პერცენტილიდან 10 პერცენტილზე, შეიძლება ჰქონდეს სამედიცინო პრობლემა. 3 წლის ასაკიდან ყოველი ვიზიტისას იზომება წნევა.

პროფილაქტიკური ვიზიტები უნდა მოიცავდეს მხედველობის და სმენის შემოწმებას. ზოგიერთ ბავშვს შეიძლება დასჭირდეს სისხლის ანალიზი ანემიის ან ტყვიის მომატებული დონის შემოწმებისთვის. ბავშვის ასაკი და სხვადასხვა ფაქტორები განსაზღვრავენ, თუ რა გამოკვლევა უნდა ჩატარდეს. ზოგიერთი ექიმი იძლევა რეკომენდაციას, რომ შემოწმდეს ბავშვის შარდი, თუმცა ამ გამოკვლევის სანდოობა ჯერ არ დადგენილა.

ექიმი ყურადღებას აქცევს წინა ვიზიტის შემდგომ ბავშვის განვითარების პროგრესს. მაგალითად, ექიმმა შეიძლება იკითხოს, დაიწყო თუ არა 18 თვის ბავშვმა ლაპარაკი ან 6 წლის გოგომ რამდენიმე სიტყვის კითხვა. ანალოგიურად, შეიძლება დაისვას კითხვა ბავშვის ასაკის შესაბამის ქცევებზე. აქვს 18-თვის ბავშვს გაბრაზების ეპიზოდები? სძინავს 2 წლის ბავშვს მთელი ღამის განმავლობაში? ისველებს 6 წლის ბავშვი ღამით? მშობლებს და ექიმს შეუძლიათ განიხილონ ამ ტიპის ქცევების და განვითარების საკითხები პროფილაქტიკური ვიზიტების დროს და განიხილონ ნებისმიერი ქცევის ან განვითარების პრობლემის მიდგომები.

პრევენციული ვიზიტებისას განიხილება ბავშვის უსაფრთხოება. კონკრეტული უსაფრთხოება დაფუძნებულია ბავშვის ასაკზე. 6 თვის ბავშვის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება ისაუბროს სახლის მოწყობაზე იმგვარად, რომ რაღაცები ბავშვისთვის მიუწვდომელი იყოს, რათა თავიდან ავირიდოთ უნებლიე მოწამვლა ან დაზიანება. 6 წლის ბავშვის შემთხვევაში, დისკუსია შეიძლება მიმართული იყოს ველოსიპედის უსართხოებაზე. ექიმმა შეიძლება ხაზი გაუსვას სხვა უსაფრთხოების თემებსაც, როგორიცაა კვამლის განგაშის მოწყობილობის დანერგვა და სახლში იარაღის შენახვის რისკები. ექიმებმა წინ უნდა წამოწიონ ის თემები, რომლებიც მნიშვნელოვანია თითოეული ოჯახური სიტუაციისთვის. როდესაც ბავშვები იზრდებიან, ისინი შეიძლება აქტიურად ჩაერთონ ამ დისკუსიებში.

საბოლოოდ, ექიმი ატარებს სრულ ფიზიკურ შეფასებას, რაც მოიცავს გულის, ფილტვების, მუცლის, სასქესო ორგანოების, თავის და კისრის დათვალიერებას, ექიმი დამატებით სთხოვს ბავშვს შეასრულოს ასაკის შესაფერისი დავალებები. უხეში მოტორიკის შესაფასებლად (როგორიცაა სიარული და სირბილი), ექიმი სთხოვს 4 წლის ბავშვს იხტუნაოს ერთ ფეხზე. ნატიფი მოტორიკის შეფასებისთვის (ხელებით პატარა ნივთების მანიპულაცია), ბავშვს შეიძლება მოსთხოვონ სურათის ან რაიმე ფიგურის დახატვა.