შოლტისებრი ჭიებით გამოწვეული ინფექცია (ტრიქოცეფალიოზი) წარმოადგენს მრგვალი ჭია – Trichuris trichiura-თი გამოწვეულ ნაწლავურ ინფექციას.
ტრიქოცეფალოზი წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ ინფექციას, რომელიც ძირითადად გვხვდება სუბტროპიკებსა და ტროპიკებში, სადაც სანიტარული ნორმები არ არის დაცული და თბილი, ნესტიანი კლიმატი ქმნის ტრიქურის კვერცხებისთვის კარგ პირობებს მიწაში ინკუბაციისთვის. მსოფლიოში დაინფიცირებულია დაახლოებით 1 მილიარდი ადამიანი.
ადამიანები იძენენ პარაზიტს კვერცხების შემცველი მიწით დაბინძურებული საკვების მიღებით ან დაბინძურებულ მიწასთან კონტაქტის შემდეგ კვერცხების ხელებიდან პირისკენ გადატანით. ბავშვებმა შესაძლოა გადაყლაპონ დაბინძურებული მიწა. ლარვები იჩეკებიან წვრილ ნაწლავში, გადაადგილდებიან მსხვილი ნაწლავისკენ და მაგრდებიან თავიანთი თავებით ნაწლავის კედელზე. თითოეული ლარვა იზრდება მოზრდილ ჭიად, რომელიც დაახლობით 11.5 სმ (4.5 ინჩი) სიგრძისაა და შეუძლია 7-10 წელი ცხოვრება. კვერცხები გამოიყოფა განავლით.
მსუბუქი ინფექციები ხშირად არ იწვევენ სიმპტომების განვითარებას. როდესაც კოლინჯში დიდი რაოდენობით ჭიებია, ვითარდება მუცლის ტკივილი, მადის დაკარგვა და ფაღარათი. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ჭიების ძალზე დიდი რაოდენობა, განსაკუთრებით კი ბავშვებს, შეიძლება განუვითარდეთ ქრონიკული ფაღარათი, წონაში კლება, ნაწლავიდან სისხლდენა ან ანემია. ზოგჯერ მასიური ინფექცია იწვევს სწორი ნაწლავის ანალური ხვრელიდან გამოვარდნას (რექტალური პროლაფსი).
ექიმის მიერ დასმული ტრიქოცეფალოზის დიაგნოზი ეფუძნება განავლის ნიმუშის მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევისას ტიპური ცილინდრული ფორმის კვერცხების აღმოჩენას ან ზოგჯერ, მოზრდილი ჭიების დანახვას კოლონოსკოპიის დროს.
პრევენცია დამოკიდებულია ადეკვატურ სანიტარულ ნორმებსა (განსაკუთრებით კი ჰიგიენა საპირფარეშოებში) და კარგ პირად ჰიგიენაზე. საჭმლის დამუშავებამდე აუცილებელია ხელების დაბანა და თავი უნდა ავარიდოთ გაურეცხავ ხილ-ბოსტნეულს.
ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება მებენდაზოლისა ან ალბენდაზოლის დასალევი ფორმა. ზოგჯერ, საკმარისია ალბენდაზოლის ერთი დოზა, მაგრამ თუ ინფექცია მძიმეა, პრეპარატი გამოიყენება ყოველდღე 3 დღის განმავლობაში. ორსულ ქალებს არ ეძლევათ არც მებენდაზოლი, არც ალბენდაზოლი, რადგანაც ამ პრეპარატებმა შესაძლოა დააზიანონ ნაყოფი.