ნორმალური ზრდა მოზარდობის პერიოდში გულისხმობს სხეულის ზრდასაც და სქესობრივ მომწიფებასაც (პუბერტატული პერიოდი). ცვლილებათა განვითარების ხანგრძლივობა და სიჩქარე ინდივიდუალურია და მათზე გავლენას ახდენს მემკვიდრეობა და გარემო. მოზარდობის პერიოდში, ბიჭები და გოგონები აღწევენ მოზრდილის სიმაღლეს და წონას. ზრდის ნახტომი ბიჭებში გვხვდება შუა მოზარდობის პერიოდში 12-17 წლებში. მაქსიმალური ზრდის წელიწადში ბიჭები იზრდებიან 4 ინჩით (დაახლოებით 10 სანტიმეტრი). ზრდის ნახტომი გოგონებში ხდება მოზარდობის ასაკში 9½-დან ან 14 წლამდე. მაქსიმალური ზრდის წელიწადში გოგონები იზრდებიან დაახლოებით 3½ ინჩით (დაახლოებით 9 სანტიმეტრი). ზოგადად, ბიჭები უფრო მძიმე და მაღლები არიან, ვიდრე გოგონები. 18 წლის ასაკისთვის, ბიჭებს ზრდის დასრულებამდე დარჩენილი აქვთ დაახლოებით 3/4 ინჩი (დაახლოებით 2 სანტიმეტრი) და გოგონებს ოდნავ ნაკლები.
მომწიფება ხდება მოზარდობის დროს. ბიჭებში, მომწიფების პირველი ნიშნებია სათესლე პარკის და სათესლე ჯირკვლების გადიდება და პენისის დაგრძელება. შინაგანად, სათესლე ჯირკვლები და პროსტატა იზრდება. შემდგომ, ჩნდება ბოქვენზე თმა. ბოქვენის ადგილზე თმის გამოჩენიდან 2 წელში თმა იზრდება სახეზე და იღლიაში. ეაკულაცია შეიძლება დაიწყოს შუა მოზარდობის დროს (დაახლოებით 121/2-14 წლებში), პენისის ზრდის დაწყებიდან 1 წელში. თუმცა, ფერტილობა არ დგება გვიან მოზარდობამდე. მკერდის ზრდა (გინეკომასტია) ერთ მხარეს ან ორივე მხარეს ხშირია მოზარდ ბიჭებში და ძირითადად ქრება 1 წელში.
გოგონების უმრავლესობასთან, მომწიფების პირველი ხილული ნიშნებია მკერდის ზრდა, თუმცა ბევრ გოგონასთან ზრდის ნახტომი შეიძლება განვითარდეს 1 წლით ადრე. მკერდის გაზრდის შემდგომ მალევე, ჩნდება თმა ბოქვენზე და იღლიაში. პირველი მენსტრუალური პერიოდის (მენარხე) თარიღი ძლიერ მერყეობს (ძირითადად 10-16 წლებში). ამერიკის შეერთებულ შტატებში გოგონებს პირველი პერიოდი აქვს 12 ან 13 წლის ასაკში. ამ თარიღზე მოქმედებს გენეტიკა, ეთნიკურობა, კვება და სხვა ფაქტორები. წინა საუკუნესთან შედარებით დღევანდელ დღეს მომწიფება იწყება ნაადრევად. მაგალითად, პირველი მენსტრუალური პერიოდის (მენარხე) საშუალო ასაკმა დაიკლო დაახლოებით 3 წლით ბოლო 100 წლის მანძილზე. ამის მიზეზია კვების, ზოგადი ჯანმრთელობის და საცხოვრებელი მდგომარეობის გაუმჯობესება.
ნორმალური მოზარდობის პერიოდშიც კი, საჭიროა მნიშვნელოვანი ემოციური რეგულირება. თუ სქესობრივი სიმწიფის დაწყების დრო არ არის ტიპური, განსაკუთრებით ბიჭებში, რომელთა ფიზიკური განვითარება იგვიანებს ან გოგონებში, რომელთა მომწიფება უფრო ადრე ხდება, ეს დამატებითი სტრესის საფუძველი ხდება ხოლმე. ბიჭების უმრავლესობა იზრდება ნელა, მაგრამ საბოლოოდ აღწევენ ნორმალურ სიმაღლეს. თუმცა, მოზარდები, რომელთა ზრდა და სქესობრივი განვითარება დაგვიანებულია, უნდა შეფასდნენ, რათა გამოირიცხოს დაავადებები და სხვა ფიზიკური მიზეზები და უარყოფითი შეფასების შემთხვევაში მიეცეთ რჩევები.