ფარული ბაქტერიემია | მკურნალი.გე
  1. ფარული ბაქტერიემია
  2. ბაქტერიული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ფარული ბაქტერიემია

ფარული (დამალული) ბაქტერიემია არის მდგომარეობა, როდესაც ბავშვს, რომელსაც აქვს ცხელება, სისხლში აქვს ბაქტერია, მაგრამ არ გამოიყურება განსაკუთრებულად ავადმყოფად და ინფექციის ხილული წყარო ნაპოვნი არ არის.

  • ყველაზე ხშირად, ფარული ბაქტერიემია გამოწვეულია ბაქტერიით Streptococcus pneumoniae;

  • ძირითადად, ბავშვებს არ აქვთ სიცხის გარდა სხვა სიმპტომი;

  • დიაგნოზი დაფუძნებულია სისხლის ანალიზზე;

  • ანტიბიოტიკებს შეუძლია ინფექციის აღმოფხვრა.

3 წლამდე ასაკის ბავშვებში ძირითადად ვითარდება ცხელება. უმეტეს შემთხვევაში აღინიშნება სხვა სიმპტომებიც, როგორიცა ხველა, ცხვირიდან გამონადენი, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს, მოახდინონ მიზეზის დიაგნოსტირება. შემთხვევათა დაახლოებით მესამედში ბავშვებს ცხელების გარდა სხვა სიმპტომი არ აქვთ. ამ ბავშვების უმრავლესობას აქვს ვირუსული ინფექცია, რომელიც თავისით გაივლის მკურნალობის გარეშე. თუმცა, ასეთი ბავშვების 3%-ის სისხლში ცირკულირებს ბაქტერია (ბაქტერიემია). Streptococcus pneumoniae არის ბაქტერიის ყველაზე ხშირი ტიპი, რომელიც იწვევს ფარულ ბაქტერიემიას. სისხლში ცირკულირებადი ბაქტერია თითქმის არასდროსაა უფროს ბავშვებსა და მოზრდილებში, რომელთაც აქვთ ცხელება სხვა სიმპტომების გარეშე. ეს ცირკულირებადი ბაქტერია შეიძლება თავს დაესხას სხვადასხვა ორგანოს და გამოიწვიოს სერიოზული დაავადებები, როგორიცაა პნევმონია ან მენინგიტი. თუმცა, ფარული ბაქტერიემიის მქონე ბავშვების მხოლოდ 5-10%-ს უვითარდება ეს სერიოზული პრობლემები, ექიმი ატარებს სისხლის ბაქტერიოლოგიურ კვლევებს ბაქტერიის იდენტიფიცირებისათვის, მანამ ამგვარი პრობლემები განვითარდება. სისხლის თეთრი უჯრედების მომატებული რაოდენობა განსაზღვრავს ბაქტერიული ინფექციის მაღალ რისკს. ამ შემთხვევაში ექიმი იწყებს ანტიბიოტიკის მიცემას სისხლის კულტურის შედეგების მიღებამდე.

რადგან ექიმებს არ შეუძლიათ, თქვან დარწმუნებით, ცხელების მქონე რომელ ბავშვს აქვს ბაქტერიემია, ტარდება სისხლის საერთო ანალიზი და სისხლის ბაქტერიოლოგიური კვლევა, თუ ბავშვი 3 წლამდეა, აქვს მაღალი ცხელება 102ºF (38,90 C) და არ აქვს ცხელების რაიმე აშკარა მიზეზი. რადგან ფარული ბაქტერიემია უფრო იშვიათია 3 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში, ისინი არ საჭიროებენ სისხლის ბაქტერიოლოგიურ კვლევას.

თუ საეჭვოა, რომ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ფარული ბაქტერიემია, ექიმი ხელახლა აფასებს მის მდგომარეობას 24-48 საათში, როდესაც მზადაა ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგი. თუ ბაქტერიული კულტურის შედეგი დადებითია, ბავშვებს ეძლევათ ორალური ანტიბიოტიკები სახლში, თუკი ისინი მძიმედ არ გამოიყურებიან. ხოლო ბავშვებს, რომლებსაც აქვთ სერიოზული ავადმყოფობის ნიშნები, ანტიბიოტიკები უკეთდებათ ინტრავენურად საავადმყოფოში. ბავშვს, რომელსაც აქვს ცხელება და გამოიყურება ავად ან აქვს ბაქტერიემიის რისკფაქტორები (როგორიცაა სისხლის თეთრი უჯრედების მომატებული რაოდენობა), ზოგჯერ, ბაქტერიოლოგიური კვლევის მიღებამდე ექიმი მკურნალობს ანტიბიოტიკის ერთჯერადი ინექციით, როგორიცაა ცეფტრიაქსონი.

Haemophilus influenzae ტიპი b კონიუგირებულმა ვაქცინამ, რომელიც ამჟამად ეძლევა თითქმის ყველა ბავშვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფაქტობრივად აღმოფხვრა Haemophilus influenzae ტიპი b-თი გამოწვეული ფარული ბაქტერიემია. შედარებით ახალმა კონიუგირებულმა ვაქცინამ Streptococcus pneumoniae-ს წინააღმდეგ, რომელიც ეძლევათ ჩვილებს, ძლიერ შეამცირა ფარული პნევმოკოკური ბაქტერიემიის სიხშირე. პატარა ბავშვებში ხდება Neisseria meningitidis-ს წინააღმდეგ ახალი კონიუგირებული ვაქცინების ტესტირება. მოსალოდნელია, ამ ვაქცინების გამოყენებამ არსებითად აღმოფხვრას ფარული ბაქტერიემია ბავშვთა ასაკში.