1. მენინგიტი
  2. ბაქტერიული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
მენინგიტი

ბაქტერიული მენინგიტი არის თავისა და ზურგის ტვინის მფარავი გარსების (მენინგეალური გარსების) ინფექცია.

  • ბაქტერიული მენინგიტი ძირითადად ვითარდება სისხლში არსებული ბაქტერიული ინფექციისგან (სეფსისი);

  • უფროს ბავშვებს აქვთ კისრის დაჭიმულობა სიცხესთან, თავის ტკივილთან და დაბნეულობასთან ერთად. ჩვილები ძირითადად არიან გაღიზიანებულები, არ ჭამენ, აღებინებენ და აქვთ სხვა სიმპტომები;

  • დიაგნოზი დაფუძნებულია თავ-ზურგტვინის სითხის და სისხლის ანალიზის შედეგებზე;

  • ზოგიერთი ბავშვი კვდება მენინგიტის გამო შესაბამისი მკურნალობის მიღების შემდეგაც კი;

  • ვაქცინაცია შეიძლება დაგვეხმაროს გარკვეული ბაქტერიული ინფექციების პრევენციაში, რომლებიც იწვევენ მენინგიტს;

  • ინფექციის მკურნალობისთვის ეძლევათ ანტიბიოტიკები.

მენინგიტი შეიძლება შეგვხვდეს ყველა ასაკში. მენინგიტის კლინიკური სურათი და მიმდინარეობა მსგავსია უფროს ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში, მაგრამ განსხვავებულია ახალშობილებსა და ჩვილებში.

მენინგიტის განვითარების რისკი მაღალია იმ ბავშვებში, რომელთაც აქვთ ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადება და არ აქვთ ელენთა. სახის და თავის ქალას თანდაყოლილი დეფორმაციების მქონე ბავშვებს აქვთ ძვლების დეფექტები, რაც ბაქტერიას საშუალებას აძლევს, მიაღწიოს მენინგეალურ გარსებს. ბავშვებს, რომლებსაც აქვთ დასუსტებული იმუნური სისტემა, მაგალითად, შიდსის გამო ან რომლებსაც უტარდებათ ქიმიოთერაპია, უფრო ადვილად ემართებათ მენინგიტი.

მიზეზები

მენინგიტი ახალშობილებში, როგორც წესი, სისხლის ინფექციის (სეფსისი) შედეგია. ინფექცია ძირითადად გამოწვეულია სამშობიარო გზებში არსებული ბაქტერიებით, როგორებიცაა: B ჯგუფის სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი და Listeria monocytogenes. მოზრდილ ჩვილებსა და ბავშვებს ინფექცია უვითარდებათ დაინფიცირებული ადამიანის რესპირატორულ სეკრეტებთან კონტაქტით. ბაქტერიები, რომლებიც აინფიცირებენ ჩვილს და ბავშვს, არის Streptococcus pneumoniae და Neisseria meningitidis. Haemophilus influenzae ტიპი b იყო მენინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი, მაგრამ ამ ორგანიზმის წინააღმდეგ ფართოდ გავრცელებულმა ვაქცინაციამ, იგი იშვიათი გამომწვევი გახადა. ამჟამინდელმა ვაქცინებმა Streptococcus pneumoniae-ს და Neisseria meningitidis-ს წინააღმდეგ (პნევმოკოკური და მენინგოკოკური კონიუგირებული ვაქცინა) უნდა შეამცირონ ამ ორგანიზმების მიერ გამოწვეული ბავშვთა მენინგიტის შემთხვევები.

სიმპტომები და დიაგნოზი

მენინტიგის მქონე უფროსი ასაკის ბავშვებს და მოზარდებს, როგორც წესი, რამდენიმე დღე აქვთ მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, თავბრუხვევა და კისრის დაჭიმულობა. მათ შეიძლება ჰქონდეთ ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, რომელიც არაა დაკავშირებული მენინგიტთან. ახალშობილებს და ჩვილებს იშვიათად უვითარდებათ კისრის დაჭიმულობა და ვერ გადმოსცემენ იმ სპეციფიკური დისკომფორტის შესახებ, რომელსაც განიცდიან. ეს პატარა ბავშვები აფორიაქებულები და გაღიზიანებულები არიან (განსაკუთრებით, ხელში ჭერის დროს) და წყვეტენ კვებას – მნიშვნელოვანი ნიშანი, რაც მშობლებისთვის სერიოზული განგაშის მიზეზი უნდა გახდეს. ხანდახან ახალშობილებს და ჩვილებს აქვთ სიცხე, ღებინება ან კანზე გამონაყარი, ერთ მესამედს აღენიშნება კრუნჩხვები. შეიძლება დაზიანდეს ნერვები, რომლებიც აკონტროლებენ თვალის და სახის მოძრაობებს, რაც იწვევს თვალის შიგნით ან გარეთ გადაბრუნებას ან სახის გამომეტყველების ასიმეტრიულობას. მენინგიტის მქონე ახალშობილთა დაახლოებით 25%-ში, თავ-ზურგტვინის სითხის მომატებულმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს ყიფლიბანდის (რბილი ადგილი ქალას ძვლებს შორის) ამობერილობა ან დაჭიმულობა. ეს სიმპტომები ძირითადად ვითარდება 1-2 დღის განმავლობაში, მაგრამ ზოგიერთი ჩვილი, განსაკუთრებით 3-4 თვის ასაკის შუალედში, შეიძლება სწრაფად დამძიმდეს და დაიღუპოს 24 საათზე ნაკლებ დროში.

იშვიათად, ზოგიერთი ბაქტერიის ზემოქმედებით, მენინგიტის მქონე ჩვილის თავის ტვინში ყალიბდება ჩირქის ჯიბეები (აბსცესი). აბსცესის ზრდასთან ერთად იზრდება თავის ტვინზე არსებული წნევა, რაც იწვევს ღებინებას, თავის გარშემოწერილობის ზრდას, ყიფლიბანდის ამობურცვას.

ბაქტერიული მენინგიტის დიაგნოზს ექიმი სვამს გასინჯვის და თავ-ზურტვინის სითხის ნიმუშის ბაქტერიოლოგიური კვლევის (ლუმბალური პუნქციის) საფუძველზე. ექიმი აგრეთვე ითხოვს ბაქტერიოლოგიურ კვლევას სისხლში ბაქტერიის აღმოსაჩენად. ექოსკოპია ან კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) შეიძლება გამოვიყენოთ აბსცესის დიაგნოსტირებისთვის.

პროგნოზი

დროულად, სწორი მკურნალობის დაწყების შემთხვევაშიც კი, იღუპება ბაქტერიული მენინგიტის მქონე ახალშობილების 25%-ზე მეტი. უფროს ჩვილებსა და ბავშვებში, სიკვდილიანობის სიხშირე მერყეობს 3-5 %-მდე, როდესაც გამომწვევია Haemophilus influenzae ტიპი b, 5-10%, როდესაც გამომწვევია Neisseriameningitidis, და 10-20% – როდესაც გამომწვევია Streptococcus pneumoniae.

გადარჩენილი ახალშობილების 15-25%-ს უვითარდება თავის ტვინის და ნერვების სერიოზული პრობლემები, როგორიცაა პარკუჭების გადიდება (ჰიდროცეფალია), სიყრუე, ცერებრალური დამბლა და მენტალური ჩამორჩენა/ინტელექტუალური უნარშეზღუდულობა. 30%-ს აქვთ მსუბუქი ნარჩენი პრობლემები, როგორიცაა დასწავლის დარღვევები, სმენის მსუბუქი დაკარგვა ან იშვიათი კრუნჩხვები. უფროს ჩვილებს და ბავშვებს ნაკლებად აქვთ ეს გართულებები.

პრევენცია

ჯანდაცვის პრაქტიკოსებმა და მშობლებმა შეიძლება ხელი შეუწყონ ბაქტერიული მენინგიტის პრევენციას ვაქცინაციით, თუკი ყველა პატარა ბავშვს გაუკეთდება Haemophilus influenzae type b და Streptococcus pneumoniae კონიუგირებული ვაქცინა, უფროს ბავშვებს და მოზარდებს კი Neisseria meningitidis polysaccharide ან კონიუგირებული ვაქცინა.

მკურნალობა

ექიმები მენინგიტზე დაეჭვებისთანავე ნიშნავენ ანტიბიოტიკების მაღალ დოზას ვენაში გადასასხმელად (ინტრავენურად). თუ ბავშვი ძალიან მივარდნილია, ანტიბიოტიკებს ლუბალური პუნქციის ჩატარებამდეც უკეთებენ. როდესაც ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგი ცნობილია, ექიმი ცვლის ანტიბიოტიკს საჭიროების შემთხვევაში, იმის მიხედვით, თუ რა არის მენინგიტის გამომწვევი. 6 კვირაზე უფროსი ასაკის ბავშვებს ეძლევათ კორტიკოსტეროიდები პერმანენტული ნევროლოგიური პრობლემების პრევენციისთვის. ხშირად მეორედ ტარდება ზურგის ტვინის პუნქცია და ბაქტერიოლოგიური კვლევა ანტიბიოტიკების მოქმედების ეფექტიანობის დასადგენად.