1. დიფთერია
  2. ბაქტერიული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
დიფთერია

დიფთერია არის ზედა სასუნთქი გზების გადამდები, ხანდახან ფატალური, ინფექცია, რომელიც გამოწვეულია Coryne-bacterium diphtheriae-ით.

  • დიფთერია გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით, რომელიც ამჟამად იშვიათად გვხვდება განვითარებულ ქვეყნებში;

  • ტიპური სიმპტომებია ყელის ტკივილი, ავადმყოფობის ზოგადი შეგრძნება, ხანდახან გადიდებული ლიმფური კვანძები და ხველა, ყელზე ნაცრისფერი ფსევდომემბრანული ნადები;

  • დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებზე – ყელის ტკივილსა და ფსევდომემბრანულ ნადებზე.

  • ვაქცინაცია ეხმარება ამ ინფექციის პრევენციას;

  • საჭიროა ბავშვის ჰოსპიტალიზაცია და ანტიბიოტიკების დანიშვნა ინფექციის აღმოსაფხვრელად.

წლების წინ, დიფთერია იყო ბავშვთა ასაკში სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. დღეს, დიფთერია იშვიათად გვხვდება განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული ვაქცინაციის გამო. ყოველწლიურად 5 შემთხვევაზე ნაკლები გვხვდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ დიფთერიის ბაქტერია კვლავ არსებობს მსოფლიოში და შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემია, თუ ვაქცინაცია არ იქნება ადეკვატური.

ბაქტერია, რომელიც იწვევს დიფთერიას, ძირითადად ვრცელდება ჰაერში წვეთების სახით ხველის შემდგომ. ჩვეულებრივ, ბაქტერია მრავლდება პირის ან ხახის ლორწოვანის ზედაპირზე ან მის მახლობლად, სადაც იწვევს ანთებას. Coryne bacterium diphtheriae ზოგიერთი ტიპი გამოყოფს ძლიერ ტოქსინს, რომელიც აზიანებს გულს, თირკმელს და ნერვულ სისტემას. დიფთერიის მსუბუქი ფორმა გავლენას ახდენს კანზე და გვხვდება ძირითადად მოზრდილებში. ეს ფორმა ხშირია მწირი ჰიგიენის პირობების მქონე ადამიანებში (მაგ, უსახლკარო ხალხი).

სიმპტომები და დიაგნოზი

დაავადება იწყება ბაქტერიასთან კონტაქტიდან 1-4 დღეში. სიმპტომები ვითარდება დღეების განმავლობაში ყელის ტკივილით, ზოგადი სისუსტით (უგუნებობა) და ცხელებით 103ºF-მდე (39.4ºC). ბავშვებს აქვთ აგრეთვე აჩქარებული გულისცემა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, კანკალი და თავის ტკივილი. გადიდებულია კისრის ლიმფური ჯირკვლები. ანთების ფონზე შეიძლება ხახა იყოს შეშუპებული, მოხდეს სასუნთქი გზების შევიწროება და ძალიან გაძნელდეს სუნთქვა.

როგორც წესი, ბაქტერია ტონზილებზე ან ყელის სხვა ადგილებზე წარმოქმნის მაგარ, ნაცრისფერ ფსევდომემბრანას – ფენას, რომელიც შედგება სისხლის მკვდარი თეთრი უჯრედების, ბაქტერიებისა და სხვა ნივთიერებებისგან. ფსევდომემბრანა ავიწროებს სასუნთქ გზებს, შეიძლება უცბად მოსწყდეს ადგილს და მთლიანად დაახშოს სასუნთქი გზები, შეუძლებელი გახადოს თავისუფალი სუნთქვა. დიფთერიის ბაქტერიისგან წარმოქმნილი ტოქსინი, როგორც წესი, გავლენას ახდენს გარკვეულ ნერვებზე, განსაკუთრებით სახის, ხახის, ხელების და ფეხების კუნთების ნერვებზე და იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა, ყლაპვის გაძნელება ან თვალების, ხელების და ფეხების მოძრაობა. ბაქტერიის ტოქსინმა შეიძლება აგრეთვე გამოიწვიოს გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი), რაც ხანდახან იწვევს გულის რიტმის დარღვევას, გულის უკმარისობას და სიკვდილს.

ექიმი ეჭვობს ავადმყოფ ბავშვთან დიფთერიის არსებობას, როდესაც აღინიშნება ყელის ტკივილი ფსევდომემბრანის არსებობასთან ერთად, განსაკუთრებით, თუ სახის და ხახის კუნთები პარალიზებულია და ბავშვი არ არის ვაქცინირებული. დიაგნოზი დასტურდება ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევით.

პრევენცია და მკურნალობა

ბავშვები რუტინულად იცრებიან დიფთერიის საწინააღმდეგოდ. დიფთერიის ვაქცინა ძირითადად კომბინირებულია ტეტანუსის და ყივანახველის ვაქცინასთან ერთად.

დიფთერიის სიმპტომების მქონე ბავშვი, როგორც წესი, თავსდება საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში და ეძლევა ანტისხეულები (ანტიტოქსინი) დიფთერიის ტოქსინის ნეიტრალიზაციისთვის. ექიმები აგრეთვე ნიშნავენ ანტიბიოტიკებს, როგორიცაა პენიცილინი ან ერითრომიცინი – დიფთერიის ბაქტერიების განადგურებისთვის. ანტიბიოტიკოთერაპია გრძელდება 14 დღე. ბავშვი უნდა იყოს იზოლირებული (რათა დაინფიცირებულმა სეკრეტებმა ზემოქმედება არ მოახდინოს სხვა ადამიანებზე) მანამ, სანამ ანტიბიოტიკების მიღების შეწყვეტის შემდგომ ორი ბაქტერიოლოგიური კვლევა არ დაადასტურებს, რომ ბაქტერია მკვდარია.