1. ასპერგილოზი
  2. სოკოვანი ინფექციები
  3. ინფექციები
ასპერგილოზი

ასპერგილოზი არის ინფექცია, ჩვეულებრივ – ფილტვების ინფექცია, რომელსაც იწვევს fungus Aspergillus.

  • ფილტვებში ან მის სინუსებში შეიძლება გაჩნდეს სოკოს ბოჭკოების გორგალი, სისხლის კოლტები და სისხლის თეთრი უჯრედები.

ასპერგილები არიან სასუქის მასაში, სავენტილაციო ნასვრეტებსა და ჰაერში არსებულ მტვერში. მათი სპორების ჩასუნთქვა ასპერგილოზის განვითარების პირველადი მიზეზია. ასპერგილოზის რამდენიმე ფორმა არსებობს:

  • ფილტვისმიერი ასპერგილოზი: ასპერგილოზი ჩვეულებრივ, სხეულის ღია სივრცეებში ვითარდება, როგორიცაა ფილტვებში არსებული დარღვევების შედეგად განვითარებული ღრუები. ინფექცია ასევე შეიძლება განვითარდეს ყურის არხებსა და სინუსებში. ფილტვებსა და სინუსებში ასპერგილოზი ვითარდება გორგლის ფორმით (ასპერგილომა), რომელიც წარმოადგენს სოკოების ბოჭკოების, სისხლის კოლტებისა და სისხლის თეთრი უჯრედებისაგან შემდგარ დახლართულ მასას. გორგალი თანდათან იზრდება და არღვევს ფილტვების ქსოვილს. ჩვეულებრივ, იგი სხვა მიდამოებში არ ვრცელდება.

  • ინვაზიური ასპერგილოზი: ასპერგილოზი შედარებით იშვიათად შეიძლება ძალიან აგრესიული გახდეს და სწრაფად გავრცელდეს ფილტვების გარეთ. სისხლის ნაკადის მეშვეობით მიიტანება ტვინში, გულში, ღვიძლსა და თირკმელებში. ასეთი სწრაფი გავრცელება იმუნიტეტდაქვეითებულ ადამიანებს აღენიშნებათ.

  • ალერგიული ბრონქოპულმონური ასპერგილოზი: ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც აქვს ასთმა ან კისტოზური ფიბროზი, თუ ასპერგილები სასუნთქი გზების შიგნით უვითარდება, ეწყება ქრონიკული ალერგიული რეაქციები ხველებით, ქოშინითა და ცხელებით.

სიმპტომები

ფილტვებში არსებული სოკოს გორგალი შეიძლება საერთოდ არ იწვევდეს სიმპტომებს და შემთხვევით იქნეს აღმოჩენილი სხვა მიზეზების გამო რენტგენოლოგიური გამოკვლევისას. თუმცა, მან შეიძლება გამოიწვიოს სისხლიანი ღებინება და იშვიათად – მძიმე, ზოგჯერ ფატალური სისხლდენაც კი. ფილტვებში სწრაფად ინვაზირებადი ინფექცია ხშირად იწვევს ხველას, ცხელებას, ტკივილს გულმკერდის არეში და სუნთქვის გაძნელებას. მკურნალობის გარეშე ასპერგილოზის ინვაზიური ფორმები ფატალურად მთავრდება.

სხვა ორგანოებში გავრცელებული ასპერგილოზი ამძიმებს ადამიანის მდგომარეობას. ამ დროს არსებული სიმპტომები მოიცავს: ცხელებას, შემცივნებას, შოკს, ცნობიერების დარღვევას, ჰალუცინაციებსა და სისხლის კოლტების განვითარებას. შეიძლება განვითარდეს თირკმლების უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა (რომელიც იწვევს სიყვითლეს) და სუნთქვის გაძნელება. ეს მდგომარეობა შეიძლება სწრაფი სიკვდილით დამთავრდეს.

ყურის ასპერგილოზი იწვევს ქავილსა და ზოგჯერ ტკივილს. ღამის განმავლობაში ყურიდან გამონადენი ბალიშზე ლაქას ტოვებს. სინუსების ასპერგილოზმა შეიძლება გამოიწვიოს დახშობის შეგრძნება და ზოგჯერ ტკივილი ან გამონადენი.

დიაგნოზი

ექიმები დიაგნოზს სვამენ არსებული სიმპტომების საფუძველზე. ინფიცირებული მიდამოს რენტგენოლოგიური გამოკვლევები ან კომპიუტერული ტომოგრაფია ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს ინფორმაციული დიაგნოზის დასადგენად.

ყოველთვის, როდესაც შესაძლებელია, ექიმი ინფიცირებული მასალის ნიმუშს დასათესად აგზავნის ლაბორატორიაში, რათა სოკოს არსებობა დადგინდეს. ფილტვებიდან და სინუსებიდან მასალის ასაღებად იყენებენ სპეციალურ სადიაგნოსტიკო მილს (ბრონქოსკოპს ან რინოსკოპს).

მკურნალობა

ასპერგილოზი, რომელიც აზიანებს მხოლოდ სინუსს ან ფილტვების ერთ მიდამოს, ჩვეულებრივ, საჭიროებს მკურნალობას, თუმცა იგი არ წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს, რადგან ნელა პროგრესირებს. თუ ინფექცია გავრცელებას იწყებს ან ადამიანები სერიოზულად ავად გრძნობენ თავს, მკურნალობა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს.

ინვაზიური ასპერგილოზის მკურნალობა ტარდება ანტიფუნგური მედიკამენტებით, როგორიცაა ამფოტერიცინ B ან ვორიკონაზოლი. თუმცა, ასპერგილოზის ზოგიერთი ფორმა არ ექვემდებარება აღნიშნული მედიკამენტებით მკურნალობას და შეიძლება მკურნალობა საჭირო გახდეს ახალი ანტიფუნგური პრეპარატით, კერძოდ კასპოფუნგინით, დამოუკიდებლად ან სხვა მედიკამენტებთან ერთად.

ექიმები ყურის არხის ასპერგილოზს მკურნალობენ ყურიდან სოკოს გამოფხეკით ან ანტიფუნგური მედიკამენტების წვეთების ყურში ჩაწვეთებით. სინუსებში დაგროვილი სოკოს გროვები, ჩვეულებრივ, ამოღებულ უნდა იქნეს ქირურგიული მეთოდით. თუ ფილტვებში განვითარებული სოკოს გორგლები იწყებენ გადიდებას მსხვილი სისხლძარღვების ახლოს, შესაძლოა საჭირო გახდეს მათი ქირურგიული მეთოდით ამოღება, ვინაიდან ისინი შეიძლება შეიჭრან სისხლძარღვებში და სისხლდენა გამოიწვიონ.