1. რეტროფარინგეალური აბსცესი
  2. ბაქტერიული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
რეტროფარინგეალური აბსცესი

რეტროფარინგეალური აბსცესი არის ხახის უკანა ზედაპირზე ლიმფურ კვანძებში ჩირქის დაგროვება.

  • რეტროფარინგეალური აბსცესი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით;

  • სიმპტომებია ყლაპვის გაძნელება და ტკივილი, ცხელება, კისრის დაჭიმულობა და ხმაურიანი სუნთქვა;

  • სწრაფი მკურნალობის შემთხვევაში ბავშვები გამოჯანმრთელდებიან;

  • ხდება აბსცესის ქირურგიულად დრენირება და ანტიბიოტიკების მიცემა ინფექციის აღმოფხვრისთვის.

რადგან ხახის უკან ლიმფური კვანძები ბავშვობის შემდგომ ქრება, რეტროფარინგეალური აბსცესი უფრო ხშირია ბავშვებში მოზრდილებთან შედარებით. აბსცესი, როგორიც წესი, გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით, რომელიც ვრცელდება ტონზილებიდან, ხახიდან, სინუსებიდან, ადენიოიდებიდან, ცხვირიდან ან შუა ყურიდან. ბევრი ინფექცია გამოწვეულია ბაქტერიების კომბინაციით. ხახის უკანა ზედაპირის ნებისმიერი დაზიანება ბასრი ნივთით, როგორიცაა, მაგალითად, თევზის ფხა, ზოგჯერ იწვევს რეტროფარინგეალური აბსცესის განვითარებას.

სიმპტომები და დიაგნოზი

მთავარი სიმპტომია ყლაპვის გაძნელება და მტკივნეულობა, ცხელება და კისრის ლიმფური კვანძების გადიდება. ხმა ბოხდება და ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ გაძლიერებული ნერწყვდენა. შესაძლოა განვითარდეს კისრის დაჭიმულობა და ბავშვს თავი ეჭიროს რაღაც კუთხით. აბსცესი ზოგჯერ იწვევს სასუნთქი გზების დახშობას, წარმოიქმნება ხმაურიანი და გაძნელებული სუნთქვა, განსაკუთრებით – ჩასუნთქვის ფაზაში (ეწოდება სტრიდორი). ბავშვები ასეთ დროს წვებიან ზურგზე და სუნთქვის გამარტივებისათვის თავსა და კისერს უკან გადახრიან, ნიკაპს კი წინ წამოწევენ.

გართულებებია აბსცესიდან სისხლდენა, აბსცესის გახსნა სასუნთქ გზებში (რამაც შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების დახშობა) და პნევმონია. შეიძლება მოხდეს სახმო ყუთის (ხორხის) სპაზმი და უფრო გართულდეს სუნთქვა; წარმოიქმნას სისხლის კოლტები კისრის საუღლე ვენაში; გავრცელდეს ინფექცია მკერდის ღრუში. ხანდახან ხდება ანთების და ინფექციის ფართოდ გავრცელება სისხლში, რაც იწვევს ორგანოების ფუნქციის დარღვევას (ამ მდგომარეობას ეწოდება სეპტიკური შოკი).

ექიმი ეჭვობს ამ დარღვევის არსებობას, თუ ბავშვს აქვს მძიმე, აუხსნელი ყელის ტკივილი, კისრის რიგიდობა და ხმაურიანი სუნთქვა. კისრის რენტგენოლოგიური კვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია ადასტურებს დიაგნოზს.

მკურნალობა

ბავშვების უმეტესობა კარგად ექვემდებარება სწრაფ მკურნალობას. რეტროფარინგეალურ აბსცესს ხშირად სჭირდება ქირურგიული დრენირება. ექიმი ტოვებს აბსცესს ღიად, რათა მოხდეს ჩირქის დრენირება. ინიშნება პენიცილინი და დამატებით მეტრონიდაზოლი, კლინდამიცინი, ამპიცილინ-სულბაქტამი, ცეფოქსიტინი ან სხვა ანტიბიოტიკები, თავიდან – ინტრავენურად და შემდგომ დასალევად.