საშარდე გზების ინფექცია | მკურნალი.გე
  1. საშარდე გზების ინფექცია
  2. ბაქტერიული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
საშარდე გზების ინფექცია

საშარდე გზების ინფექცია არის შარდის ბუშტისა (ცისტიტი) და თირკმლების (პიელონეფრიტი) ბაქტერიული ინფექცია.

  • საშარდე გზების ინფექცია გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით;

  • ახალშობილებს და ჩვილებს შეიძლება არ ჰქონდეთ ცხელების გარდა სხვა სიმპტომები, მაშინ, როდესაც უფროს ბავშვებს აქვთ ტკივილი ან წვა შარდვის დროს, ტკივილი შარდის ბუშტის მიდამოში და ხშირი შარდვა;

  • დიაგნოზი დაფუძნებულია შარდის კვლევაზე;

  • სწორი ჰიგიენა შეიძლება დაეხმაროს საშარდე გზების ინფექციის პრევენციას;

  • ინფექციის აღმოსაფხვრელად საჭიროა ანტიბიოტიკები.

საშარდე გზების ინფექცია (სგი) ხშირია ბავშვთა ასაკში. თითქმის ყველა სგი გამოწვეულია ბაქტერიით, რომელიც იჭრება შარდსაწვეთში და მოძრაობს ზედა მიმართულებით შარდის ბუშტისკენ და ხანდახან თირკმლებისკენ. იშვიათად, მძიმე ინფექციის დროს, ბაქტერია შეიძლება თირკმლებიდან მოხვდეს სისხლში და გამოიწვიოს სისხლის (სეფსისი) ან სხვა ორგანოების ინფექცია.

ჩვილობის ასაკში, ბიჭებს უფრო მეტად უვითარდებათ სგი, ჩვილობის შემდგომ კი უფრო ხშირად გვხვდება გოგონებში, რადგან შარდსადენი მოკლეა და ბაქტერია მარტივად მოძრაობს საშარდე გზებში. სგი-ს განვითარებისკენ მიდრეკილები არიან ჩვილი ბიჭები, რომელთაც არ ჩატარებიათ წინადაცვეთა (რადგან ბაქტერია მეტად გროვდება ჩუჩაში) და პატარა ბიჭებში – მძიმე ყაბზობით.

სგი სკოლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში განსხვავდება მოზრდილების სგი-ისგან. სგი-ს მქონე ჩვილებს და ბავშვებს უფრო ხშირად აქვთ საშარდე გზების მძიმე სტრუქტურული პათოლოგიები, რაც უფრო მგრძნობიარეს ხდის ინფექციების მიმართ. ეს პათოლოგიები მოიცავს ვეზიკოურეთრალურ რეფლუქსს (შარდსაწვეთების პათოლოგია – მილები, რომლებიც აკავშირებს თირკმელს შარდის ბუშტთან – ხელს უწყობს შარდის ბუშტიდან თირკმლებისკენ შარდის დინებას) და მდგომარეობებს, რომლებიც ბლოკავენ შარდის დინებას. სგი-ის მქონე ახალშობილების, ჩვილების 50%-ს და სკოლის ასაკის ბავშვების 20-30%-ს აქვთ მსგავსი პათოლოგიები.

სგი-ს მქონე ჩვილების და სკოლამდელი ასაკის ბავშვების 50%-ს – ძირითადად მათ, ვისაც აქვთ ცხელება – აქვთ ორივე, შარდის ბუშტის და თირკმლების ინფექციები. თუ თირკმელი დაინფიცირებულია და მძიმე რეფლუქსია, ბავშვების 5-20%-ს უგრძლდება თირკმლის დაზიანება. თუ რეფლუქსი მცირე ხარისხისაა ან საერთოდ არაა, მხოლოდ მცირე რაოდენობით ბავშვებს უზიანდებათ თირკმელი. დაზიანება ყურადსაღებია, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევა და მოზარდობაში – დაქვეითებული თირკმლის ფუნქცია.

სიმპტომები და დიაგნოზი

სგი-ის მქონე ახალშობილებს და ჩვილებს შეიძლება სიცხის გარდა არ ჰქონდეთ სხვა სიმპტომები. ხანდახან ისინი არ ჭამენ კარგად, არიან მივარდნილები (ლეთარგიულები), აღებინებენ ან აქვთ დიარეა. შარდის ბუშტის ინფექციისას უფროს ბავშვებში აღინიშნება ტკივილი ან წვა შარდვის დროს, გახშირებული შარდვა და შარდის შეუკავებლობა, ტკივილი შარდის ბუშტის მიდამოში. მათ შეიძლება ჰქონდეთ შარდვის გაძნელება ან შეკავება (შეუკავებლობა). შარდს შეიძლება ასდიოდეს ცუდი სუნი. თირკმლის ინფექციის მქონე ბავშვებს, როგორც წესი, სტკივათ გვერდი ან ზურგის მიდამო დაზიანებული თირკმლის მხარეს, აქვთ ცხელება, შემცივნება და ზოგადი სისუსტე (უგუნებობა).

ექიმი სგი-ის დიაგნოზს სვამს შარდის ანალიზით. შარდსადენის გამოსავლის დასუფთავების შემდეგ ბავშვები აგროვებენ შარდის ნიმუშს ჭიქაში მოშარდვით. პატარა ბავშვებისგან და ჩვილებისგან კი ექიმი იღებს შარდს ვიწრო, სტერილური მილის (კათეტერის) ჩაყენებით შარდის ბუშტის შარდსადენის გამოსვლის ადგილას. ჩვილებში, ექიმი ზოგჯერ შარდს იღებს შარდის ბუშტიდან, ბოქვენის ძვლის მაღლა კანში ნემსის ჩარჭობით. შარდი, რომელიც გროვდება გენიტალიასთან მიერთებულ პოლიეთილენის ჩანთაში, კვლევისთვის არ არის გამოსადეგი, რადგან ის ხშირად ბინძურდება ბაქტერიით ან კანზე არსებული სხვა ნივთიერებებით.

შარდში სისხლის თეთრი უჯრედების აღმოსაჩენად, რაც ხდება სგი-ისას, ლაბორატორია შარდს იკვლევს მიკროსკოპის ქვეშ და ატარებს რამდენიმე ქიმიურ ტესტს. ლაბორატორია ზრდის აგრეთვე შარდის კულტურას რაიმე ბაქტერიის არსებობის დასადასტურებლად. ამ კვლევებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია კულტურა.

ძირითადად, ყველა ასაკის ბიჭებს და გოგონებს 2 წლის ქვემოთ, რომელთაც ერთხელ მაინც ჰქონიათ სგი, ესაჭიროებათ საშარდე სისტემის სტრუქტურული ანომალიების გამოკვლევა. უფროს გოგონებს, რომელთაც აქვთ განმეორებითი ინფექციები, აგრეთვე სჭირდებათ ეს ტესტები. გამოკვლევები მოიცავს: ექოსკოპიას, რომელიც აღმოაჩენს თირკმლის პათოლოგიას და ობსტრუქციას, ცისტოურეთროგრაფიას შარდის გამოყოფის დროს, რომელიც უფრო ღრმად ადგენს პათოლოგიას, როდესაც შარდი ნაწილობრივად ბრუნდება უკან (რეფლუქსი). შარდის გამოყოფის დროს ცისტოურეთროგრაფიისთვის, კათეტერს აყენებენ შარდსადენიდან შარდის ბუშტში, კათეტერში შეჰყავთ კონტრასტი და იღებენ რენტგენოლოგიურ კვლევას მოშარდვამდე და მოშარდვის შემდგომ. სხვა გამოკვლევა, რადიონუკლიდური ცისტოურეთროგრაფია, არის შარდვის დროს ცისტოურეთროგრაფიის მსგავსი, მაგრამ ამ დროს რადიოაქტიური ნივთიერება თავსდება შარდის ბუშტში და სურათებს იღებენ ნუკლეარული სკანერით. ეს პროცედურა ნაკლებად ასხივებს ბავშვის საკვერცხეებს ან სათესლე ჯირკვლებს, ვიდრე შარდის გამოყოფის დროს ჩატარებული ცისტოურეთროგრაფია. თუმცა, რადიონუკლიდური ცისტოურეთროგრაფია უფრო მეტად ინფორმაციულია რეფლუქსის მკურნალობის მონიტორინგისათვის, ვიდრე დიაგნოსტირებისთვის, რადგან ამ დროს ორგანოების სტრუქტურები იმდენად გამოკვეთილი არაა, როგორც შარდის გამოყოფის დროს ჩატარებული ცისტოურეთროგრაფიისას. ნუკლეარული სკანირების კიდევ სხვა ტიპი შეიძლება გამოვიყენოთ პიელონეფრიტის დიაგნოზის დასადასტურებლად და თირკმლის დაზიანების განსაზღვრისათვის.

პრევენცია და მკურნალობა

სგი-ის პრევენცია რთულია, მაგრამ შეიძლება ხელი შეუწყოს სწორმა ჰიგიენამ. გოგონებს უნდა ვასწავლოთ კუჭის მოქმედების შემდგომ გაწმენდა წინიდან უკანა მიმართულებით (და არა უკნიდან წინა მიმართულებით), რათა შარდსადენის გახსნის ადგილას ბაქტერიის შეჭრის შესაძლებლობა მინიმუმამდე დავიდეს. ხშირად ქაფიანი აბაზანებისგან თავის არიდება (რამაც შეიძლება გააღიზიანოს შარდსადენის შესასვლელთან კანი გოგონებსა და ბიჭებში), ამცირებს სგი-ს განვითარების რისკს. წინადაცვეთა ბიჭებში ამცირებს სგი-ს რისკს ჩვილობის პერიოდში 10-ჯერ, თუმცა არ არის ნათელი, არის თუ არა ეს უპირატესობა საკმარისი მიზეზი წინადაცვეთის ჩატარებისთვის. რეგულარული შარდვა და ნაწლავთა მოქმედება ამცირებს სგი-ის განვითარების რისკს.

სგი-ის ინფექციის მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებით. ბავშვებს, რომლებიც ავად გამოიყურებიან და რომელთა თავდაპირველი გამოკვლევების შედეგები მიგვანიშნებს სგი-ს არსებობაზე, ეძლევათ ანტიბიოტიკები ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგებამდე. სხვა შემთხვევაში, ექიმები ელოდებიან კულტურის შედეგებს, რათა დიაგნოზი დადასტურდეს. ბავშვებს, რომლებიც მძიმდედ ავად არიან და ყველა ახალშობილს ენიშნება ანტიბიოტიკები კუნთში (ინტრამუსკულარულად) ან ვენაში (ინტრავენურად). სხვა ბავშვებს ანტიბიოტიკები ეძლევათ დასალევად. მკურნალობა გრძელდება 7-14 დღემდე. ბავშვებს, რომელთაც ესაჭიროებათ ტესტები სტრუქტურული პათოლოგიის დიაგნოსტირებისთვის, ხშირად უგრძელდებათ მკურნალობა დაბალი დოზებით, მანამ ტესტები არ დასრულდება.

საშარდე გზების სტრუქტურული პათოლოგიის მქონე ბავშვებს ესაჭიროებათ ქირურგიული ჩარევა პრობლემის კორექციისათვის. სხვებმა უნდა მიიღონ ანტიბიოტიკები ყოველდღიურად ინფექციის პრევენციისთვის. ზოგიერთი მსუბუქი პათოლოგიის განკურნება ხდება მკურნალობის გარეშე.