ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციები | მკურნალი.გე
  1. ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციები
  2. ვირუსული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციები

ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციები ძალიან სერიოზულია. მენინგიტი აზიანებს თავისა და ზურგის ტვინის მფარავ გარსებს. ენცეფალიტი კი თავად თავის ტვინს.

  • ვირუსული გენეზის ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციები იწვევენ მენინგიტს და ენცეფალიტს;

  • სიმპტომები ძირითადად იწყება ცხელებით და პროგრესირებს გაღიზიანებამდე, უჭმელობამდე და ხანდახან კრუნჩხვებამდე;

  • დიაგნოზი ეფუძნება ლუბალურ პუნქციას;

  • ბევრი დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად, მაგრამ დანარჩენები – მძიმედ და შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი;

  • ანტივირუსული წამლები ძირითადად არ არის ეფექტური, ასე რომ, ბავშვებს სჭირდებათ დამხმარე ღონისძიებები (როგორიცაა სითბო და ბევრი სითხე).

ვირუსები, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (თავისა და ზურგის ტვინი), შემდეგია: ჰერპესვირუსი, არბოვირუსი, ენტეროვირუსი. ამ ინფექციებიდან ზოგიერთი გავლენას ახდენს თავდაპირველად მენინგეალურ გარსზე (ქსოვილი, რომელიც ფარავს თავის და ზურგის ტვინს). დანარჩენები მოქმედებენ პირველად თავის ტვინზე და იწვევენ ენცეფალიტს. ინფექციები, რომლებიც მოქმედებენ ორივეზე, მენინგეალურ გარსზეც და თავის ტვინზეც, იწვევენ მენინგოენცეფალიტს. მენინგიტი უფრო ხშირია ბავშვებში, ვიდრე ენცეფალიტი.

ვირუსები 2 გზით მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მათ შეუძლით პირდაპირ დააზიანონ და გაანადგურონ ცენტრალური ნერვული სისტემის უჯრედები მწვავე დაავადების დროს. გამოჯანმრთელების შემდგომ – ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ან სხეულის სხვა უბანში – ინფექციის მიმართ იმუნური პასუხი იწვევს ნერვების გარშემო არსებული უჯრედების მეორად დაზიანებას. მეორადი დაზიანება (პოსტინფექციური ენცეფალომიელიტი ან მწვავე დისემინირებული ენცეფალომიელიტი) იწვევს სიმპტომების გაჩენას ბავშვებში მწვავე დაავადების დასრულებიდან რამდენიმე კვირაში.

ბავშვები ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციებით რამდენიმე გზით ავადდებიან. ახალშობილებს შეიძლება განუვითარდეთ ჰერპესული ინფექცია დაბადებისას, სამშობიარო გზებში დაინფიცირებულ სეკრეტთან კონტაქტით. სხვა ვირუსული ინფექციების გადაცემა ხდება დაინფიცირებული ადამიანის ამოსუნთქულ ჰაერში არსებული ვირუსის შემცველი წვეთებით დაბინძურებული ჰაერის შესუნთქვისას. არბოვირუსული ინფექცია გადაეცემა დაინფიცირებული მწერების კბენით.

უფროსი ბავშვების და მოზარდების ვირუსული მენინგიტის და ენცეფალიტის სიმპტომები და მკურნალობა მოზრდილების მსგავსია. რადგან ჩვილებსა და ახალშობილებში იმუნური სისტემა კვლავ ვითარდება, შეიძლება შეგვხვდეს სხვა ინფექციები და ჩვილების პირდაპირი კომუნიკაციის უუნარობა ართულებს მათი სიმპტომების გაგებას. თუმცა, ძირითადად ცენტრალური ნერვულის სისტემის ინფექციის მქონე ჩვილებს უვითარდებათ ქვემოთ აღწერილი სიმპტომები.

სიმპტომები

ახალშობილებსა და ჩვილებში ცენტრალური ნერვული სისტემის ვირუსული ინფექციები ძირითადად იწყება ცხელებით. ახალშობილებს შეიძლება არ ჰქონდეთ სხვა სიმპტომები და დასაწყისში არ გამოიყურებოდნენ ავად. 1 თვეზე უფროსი ბავშვები ძირითადად არიან გაღიზიანებულები და მოუსვენრად, არ იღებენ საკვებს. ხშირია ღებინება. ზოგჯერ რბილი ადგილი ახალშობილის თავზე (ყიფლიბანდი) ამოიბურცება, რაც არის თავის ტვინზე წნევის მატების ნიშანი. რადგან მენინგეალური გარსის გაღიზიანებულობა მოძრაობისას უარესდება, მენინგიტის მქონე ბავშვი ხელში აყვანის და ჯანჯღარის შემთხვევაში შეიძლება უფრო მეტს ტიროდეს, დამშვიდების ნაცვლად. ზოგიერთ ახალშობილი ტირის საოცარი, მაღალი ტონალობით. ენცეფალიტის მქონე ბავშვებს აქვთ ხშირად კრუნჩხვები ან უცნაური მოძრაობები. მძიმე ენცეფალიტის მქონე ბავშვებს შეიძლება განუვითარდეთ ლეთარგიულობა, კომა და სიკვდილი. მარტივმა ჰერპესულმა ინფექციამ, რომელიც შეიძლება იყოს თავის ტვინის მხოლოდ ერთ ადგილას კონცენტრირებული, შეიძლება გამოიწვიოს სხეულის მხოლოდ ერთი ნაწილის კრუნჩხვები ან სისუსტე.

პოსტინფექციურმა ენცეფალომიელიტმა შეიძლება გამოიწვიოს ბევრი ნევროლოგიური პრობლემა, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ თავის ტვინის რომელი ნაწილია დაზიანებული. ბავშვებს აღენიშნებათ ხელის ან ფეხის სისუსტე, მხედველობის ან სმენის დარღვევა, მენტალური განუვითარებლობა/ინტელექტუალური უნარშეზღუდულობა ან მორეციდივე კრუნჩხვები. ეს სიმპტომები შეიძლება არ გამოვლინდეს, ვიდრე ბავშვი გარკვეული ასაკს არ მიაღწევს. ხშირად, ეს სიმპტომები გაივლის დროთა განმავლობაში, მაგრამ ხანდახან ისინი პერმანენტულად რჩებიან.

დიაგნოზი

ექიმებს ყოველთვის აქვთ ეჭვი მენინგიტის არსებობაზე ახალშობილებში, რომელთაც აქვთ სიცხე, აგრეთვე – ცხელების მქონე და აღგზნებულ უფროს ჩვილებში, რომლებიც არ იქცევიან ნორმალურად. ჩვილებს უტარდებათ ლუმბალური პუნქცია ლაბორატორიული კვლევისთვის ცერებროსპინალური სითხის (ცსს) მისაღებად. ვირუსული ინფექციის შემთხვევაში, ლიმფოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა) რიცხვი იმატებს ცსს-ში და არ არის მასში ბაქტერია. შეიძლება ჩატარდეს იმუნოლოგიური ტესტები, რომლებიც აღმოაჩენენ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს ცსს-ის მასალაში, მაგრამ მათ ჩატარებას სჭირდება დღეები. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (პჯრ) გამოიყენება ისეთი ორგანიზმების იდენტიფიცირებისთვის, როგორიცაა ჰერპესვირუსი და ენტეროვირუსი.

თავის ტვინის ტალღების კვლევა (ელექტროენცეფალოგრაფია) შეიძლება გამოვიყენოთ ჰერპესვირუსით გამოწვეული ენცეფალიტის დიაგნოსტირებისთვის. მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა (მრი) და კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) აგრეთვე გვეხმარება დიაგნოზის დადასტურებაში. ძალიან იშვიათად, თავის ტვინის ქსოვილის ბიოფსია (ქსოვილის ნიმუშის აღება კვლევისთვის) შეიძლება დაგვჭირდეს იმის დადგენისთვის, არის თუ არა ინფექციის მიზეზი ჰერპესვირუსი.

პროგნოზი და მკურნალობა

პროგნოზი ძლიერ მერყეობს ინფექციის ტიპიდან გამომდინარე. ვირუსული მენინგიტის და ენცეფალიტის ბევრი სახეობა მსუბუქია და ბავშვი გამოჯანმრთელდება სწრაფად და სრულად. სხვა ტიპები მძიმეა. მარტივი ჰერპესული ინფექცია განსაკუთრებით მძიმეა. მკურნალობის მიუხედავად, თავის ტვინის მარტივი ჰერპესული ინფექციის მქონე ახალშობილთა 15% იღუპება. თუ ჰერპესინფექცია მოიცავს სხეულის სხვა ნაწილებს და თავის ტვინსაც, სიკვდილიანობა 50%-ზე მაღალია. გადარჩენილების დაახლოებით 30%-ს აქვს სხვადასხვა სახის მუდმივი ნევროლოგიური უნარშეზღუდულობა.

ახალშობილთა უმრავლესობა საჭიროებს მხოლოდ მხარდამჭერ მზრუნველობას – უნდა მოხდეს მათი სითბოში ყოფნა და სითხეების მიწოდება. ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციისას ანტივირუსულ წამლებს არ აქვთ ეფექტი. თუმცა, მარტივი ჰერპესვირუსით გამოწვეულ ინფექციებს შესაძლებელია ვუმკურნალოთ ინტრავენურად აცილკოვირის მიწოდებით.