წითელა | მკურნალი.გე
  1. წითელა
  2. ვირუსული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
წითელა

წითელა (რუბეოლა, 9-დღიანი წითელა), ძლიერ გადამდები ვირუსული ინფექციაა, რომელიც იწვევს სხვადასხვა სიმპტომსა და დამახასიათებელ გამონაყარს.

  • წითელას იწვევს ვირუსი;

  • სიმპტომები მოიცავს ცხელებას, ცხვირიდან გამონადენს, ხველას, წითელ თვალებს და წითელ გამონაყარს ქავილით;

  • დიაგნოზი დაფუძნებულია ტიპურ სიმპტომებსა და დამახასიათებელ გამონაყარზე;

  • წითელა იშვიათადაა სერიოზული ჯანმრთელ ბავშვებში, თუმცა ხანდახან ის შეიძლება იყოს ფატალური და გამოიწვიოს თავის ტვინის დაზიანება;

  • ინფექციის პრევენციას ახდენს რუტინული ვაქცინაცია;

  • მკურნალობის მიზანია სიმპტომების შემცირება.

ბავშვების წითელათი დაინფიცირება ხდება დაავადებული ადამიანის ამოხველებული პატარა ჰაერის წვეთების შესუნთქვით ან ამ წვეთებით დაბინძურებული ნივთების შეხებით. წითელა გადამდებია გამონაყრის გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე პერიოდიდან და შემდგომ – კიდევ რამდენიმე დღე.

ვიდრე ვაქცინაცია ფართოდ გახდებოდა ხელმისაწვდომი, წითელას ეპიდემიები ხდებოდა ყოველ 2-3 წელიწადში, განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის და სკოლის ასაკის ბავშვებში. მცირე, ლოკალური აფეთქებები გასულ წლებშიც იყო. თუმცა წითელა კვლავ ხშირია სხვა ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში წელიწადში მხოლოდ 100-300 ადამიანს ხვდება ეს ინფექცია. ქალებს, რომელთაც ჰქონდათ წითელა ან ჩაუტარდათ ვაქცინაცია, გადასცემენ იმუნიტეტს (ანტისხეულების სახით) საკუთარ შვილებს. გადაცემული იმუნიტეტი გრძელდება ძირითადად სიცოცხლის პირველ წელიწადს. შემდგომ, წითელასადმი მგრძნობელობა მაინც მაღალია, თუ არ ჩატარდა ვაქცინაცია. ადამიანს, რომელსაც ჰქონდა წითელა, უვითარდება იმუნიტეტი და აღარ ინფიცირდება ხელმეორედ.

სიმპტომები და დიაგნოზი

წითელას სიმპტომები იწყება ინფიცირებიდან 7-14 დღის შემდეგ. დაავადებულ ბავშვს პირველად აღენიშნება სიცხე, ცხვირიდან გამონადენი, ხველა და წითელი თვალები. ხანდახან თვალები მგრძნობიარეა ნათელი სხივებისადმი. პირის ღრუში ჩნდება პატარა წითელი ლაქები (კოპლიკის ლაქები) 2-4 დღის შემდგომ და ამის შემდეგ ბავშვს ეწყება ყელის ტკივილი.

გამონაყარი, რომელსაც ახასიათებს მსუბუქი ქავილი, ჩნდება სიმპტომების დაწყებიდან 3-5 დღეში. გამონაყარი ვითარდება ყურების წინ და ქვემოთ და კისერზე – არასწორი ფორმის, ბრტყელი, წითელი ადგილების სახით, რომლებიც შემდგომ ამოიბურცება. გამონაყარი ვრცელდება 1-2 დღის განავლობაში სხეულზე, ხელებზე, ხელისგულებზე, ფეხებზე და ფეხისგულებზე და იწყებს სახეზე გაქრობას.

დაავადების პიკის დროს, ბავშვები თავს გრძნობენ ძალიან ავად და ვითარდება თვალის ანთება (კონიუნქტივიტი), გამონაყარი ინტენსიურია და ტემპერატურა აჭარბებს 104ºF (40ºC)-ს. 3-5 დღეში ტემპერატურა ეცემა, ბავშვი უკეთ გრძნობს თავს და დარჩენილი გამონაყარი სწრაფად ლაგდება. დიაგნოზი დაფუძნებულია ტიპურ სიმპტომებსა და დამახასიათებელ გამონაყარზე.

თავის ტვინის ინფექცია (ენცეფალიტი) გვხვდება წითელას მქონე 1000-2000-იდან 1 ბავშვში. ენცეფალიტი იწყება გამონაყარის გაჩენიდან დაახლოებით 2 დღიდან – 1 კვირაში – მაღალი ცხელებით, თავის ტკივილით, კრუნჩხვებით და კომით. დაავადება შეიძლება გაგრძელდეს მოკლე ხანს, გამოჯანმრთელება მოხდეს 1 კვირაში ან გახანგრძლივდეს და გამოიწვიოს თავის ტვინის დაზიანება ან სიკვდილი.

საკმაოდ ხშირად გვხვდება მეორეული ბაქტერიული ინფექცია, როგორიცაა პნევმონია (განსაკუთრებით ჩვილებში) ან შუა ყურის ანთება (otitis media). იშვიათად, თრომბოციტების დონე იმდენად ეცემა, რომ ვითარდება სისხლჩაქცევები და სისხლდენები.

პროგნოზი

ჯანმრთელ, კარგად ნაკვებ ბავშვს წითელა იშვიათად ურთულდება. თუმცა, მეორეული ბაქტერიული ინფექციები, განსაკუთრებით პნევმონია, ხანდახან შეიძლება იყოს ფატალური. იშვიათად, ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტი – წითელას სერიოზული გართულება – შეიძლება განვითარდეს თვეების და წლების შემდგომ, გამოიწვიოს თავის ტვინის დაზიანება.

პრევენცია

წითელას ვაქცინა, ბავშვთა ერთ-ერთი რუტინული იმუნიზაცია, კეთდება 12-15 თვის ასაკში, მაგრამ შეიძლება ჩაუტარდეთ 6 თვემდე ასაკის ბავშვებს წითელას ეპიდემიის დროს. ბავშვები (და მოზრდილები), რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ წითელასთან და არ აქვთ იმუნიტეტი, შეიძლება დავიცვათ ვაქცინაციით კონტაქტიდან 3 დღის განმავლობაში. ორსულ ქალებსა და წლამდე ჩვილებს არ უნდა გაუკეთდეთ ვაქცინაცია არაეპიდემიურ სიტუაციებში და ამის ნაცვლად დასაცავად ეძლევათ წითელას იმუნოგლობულინები.

მკურნალობა

არ არსებობს წითელას სპეციფიკური მკურნალობა. ამერიკის შეერთებულ შტატებში წითელას გამო ჰოსპიტალიზებულ 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებს ზოგიერთი ექიმი აძლევს A ვიტამინს, რადგან იგი ამცირებს წითელათი გამოწვეულ სიკვდილიანობას ქვეყნებში, სადაც A ვიტამინის დეფიციტია.

წითელათი დაავადებული ბავშვები უნდა იმყოფებოდნენ თბილად და კომფორტულად. აცეტამინოფენი ან იბუპროფენი შეიძლება მიეცეთ ცხელების შესამცირებლად. მეორადი ბაქტერიული ინფექციის განვითარების შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკები.