1. ბლასტომიკოზი
  2. სოკოვანი ინფექციები
  3. ინფექციები
ბლასტომიკოზი

ბლასტომიკოზი (ჩრდილოეთ ამერიკის ბლასტომიკოზი, გილკრისტის დაავადება) არის ძირითადად ფილტვების ინფექცია, რომელიც გამოწვეულია სოკო Blastomyces dermatitidis-ით.

  • ადამიანებს აღენიშნებათ ცხელება, შემცივნება, პროფუზული ოფლიანობა და ზოგჯერ ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება და ხველა;

  • ინფექცია შეიძლება გავრცელდეს კანზე, ძვლებში, რეპროდუქციულ და საშარდე სისტემებსა და ტვინის მფარავ ქსოვილებში. იგი იწვევს შეშუპებას, ტკივილსა და სხვა სიმპტომებს;

  • ინფიცირებული ნახველის ან ქსოვილის ნიმუში იგზავნება დასათესად;

  • ანტიფუნგური პრეპარატების გამოყენება უნდა გაგრძელდეს თვეების განმავლობაში.

Blastomyces-ის სპორები ორგანიზმში შესაძლებელია მოხვდნენ სასუნთქი გზებიდან, შესუნთქვის შედეგად. ამგვარად, ბლასტომიკოზი, პირველ რიგში, ფილტვებს აზიანებს, თუმცა, სოკოები ზოგჯერ სისხლის ნაკადით ვრცელდება სხვა ორგანოებში, კანის ჩათვლით.

ინფექციების უმეტესობა გვხვდება შეერთებულ შტატებში, უმთავრესად – სამხრეთ-აღმოსავლეთით და მდინარე მისისიპის ხეობაში, სადაც სოკოები ცხოვრობენ ნიადაგში, მდინარის პირას. ინფექცია შეიძლება შეგვხვდეს აფრიკაში, ერთმანეთისგან დაშორებულ რეგიონებში. სხვა სოკოვანი ინფექციებისგან განსხვავებით, ბლასტომატოზი არ არის უფრო ხშირი შიდსით დაავადებულ ადამიანებში.

სიმპტომები

ფილტვების ბლასტომიკოზი იწყება თანდათანობით – ცხელებით, შემცივნებითა და ძლიერი ოფლიანობით. ასევე შეიძლება განვითარდეს გულმკერდის არეში ტკივილი, სუნთქვის გაძნელება და ხველა, რომელიც შეიძლება იყოს ნახველიანი ან მის გარეშე. ფილტვების ინფექცია, ჩვეულებრივ, ნელა პროგრესირებს, თუმცა, ადამიანების მდგომარეობა შეიძლება მკურნალობის გარეშეც გაუმჯობესდეს.

როდესაც ორგანოებში ბლასტომიკოზი ვრცელდება, მან შეიძლება დააზიანოს სხეულის ბევრი ადგილი, თუმცა, კანი, ძვლები, რეპროდუქციული და საშარდე სისტემები (პროსტატის ჯირკვლის ჩათვლით) ის ადგილებია, რომლებიც ყველაზე ხშირად ზიანდება. ინფექცია იწყება ძალიან პატარა, კანიდან ამოწეული კვანძების (პაპულები) სახით, რომლებიც შესაძლოა ჩირქს შეიცავდნენ. შეიძლება გაჩნდეს კანიდან ამოწეული ხორკლიანი ლაქები შემოფარგლული პატარა, მტკივნეული ჩირქგროვებით (აბსცესი). დაზიანებული ძვლების ზემოთ ქსოვილები ხდება შეშუპებული და მტკივნეული. მამაკაცებში კლაკნილი მილი სათესლე ჯირკვლების ზემოთ (ეპიდიდიმისი) შუპდება, ხდება მტკივნეული, წინამდებარე ჯირკვლის ინფექციამ (პროსტატიტი) შეიძლება დისკომფორტი გამოიწვიოს.

ზოგჯერ სოკო ვრცელდება თავისა და ზურგის ტვინის მფარავ ქსოვილებზე (მენინგეს) და იწვევს სოკოვან მენინგიტს. ამ ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი და ცნობიერების დარღვევა.

დიაგნოზი და მკურნალობა

ექიმი, ბლასტომიკოზის დიაგნოზის დასმის მიზნით ნახველსა და ინფიცირებული ქსოვილის ნიმუშს აგზავნის ლაბორატორიაში მიკროსკოპული კვლევისთვის და დასათესად.

ბლასტომიკოზის მკურნალობა შეიძლება ამფოტერიცინ B-ს გამოყენებით, რომელიც შეიყვანება ინტრავენურად ან ინტრაკონაზოლის, ან ვორიკონაზოლის გამოყენებით, რომელიც ორალურად ინიშნება. მკურნალობის ფონზე მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდება, მაგრამ მედიკამენტებით მკურნალობა რამდენიმე თვე უნდა გაგრძელდეს. მკურნალობის გარეშე დაავადება ნელ-ნელა მძიმდება და საბოლოოდ სიკვდილის მიზეზიც ხდება.