ყბაყურა | მკურნალი.გე
  1. ყბაყურა
  2. ვირუსული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ყბაყურა

ყბაყურა (ეპიდემიური პაროტიტი) არის კონტაგიოზური ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს სანერწყვე ჯირკვლების მტკივნეულ გადიდებას. ინფექციამ შეიძლება დააზიანოს სათესლე ჯირკვლები, თავის ტვინი და პანკრეასი, განსაკუთრებით მოზრდილებში.

  • ყბაყურას იწვევს ვირუსი;

  • სიმპტომები მოიცავს შემცივნებას, თავის ტკივილს, უმადობას, ცხელებას და ავადმყოფობას, რასაც მოჰყვება სანერწყვე ჯირკვლების შესივება;

  • დიაგნოზი დაფუძნებულია ტიპურ სიმპტომებზე;

  • ბავშვების უმრავლესობა გამოჯანმრთელდება პრობლემების გარეშე; თუმცა, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს მენინგიტი ან ენცეფალიტი;

  • რუტინული ვაქცინაცია ახდენს ინფექციის პრევენციას;

  • მკურნალობის მიზანია სიმპტომების შემსუბუქება.

ბავშვები ინფიცირდებიან ყბაყურათი დაინფიცირებული ადამიანის მიერ დახველებისას ჰაერში არსებული წვეთების შესუნთქვით ან დაინფიცირებული ნერწყვით დაბინძურებულ ნივთებთან პირდაპირი კონტაქტით. ყბაყურა ნაკლებად კონტაგიოზურია წითელასთან ან ჩუტყვავილასთან შედარებით. მჭიდროდ დასახლებულ ადგილას, იგი გვხვდება ყოველწლიურად, მაგრამ ყველაზე ხშირად – გვიან ზამთარში ან ადრეულ გაზაფხულზე. ეპიდემია შეიძლება გავრცელდეს მაშინ, როდესაც ერთად გროვდება ხალხი, ვისაც არ აქვს იმუნიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, შემთხვევათა უმრავლესობა 5-10 წლამდე ბავშვებშია. ინფექცია უჩვეულოა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ყბაყურას ინფექცია ტოვებს სამუდამო იმუნიტეტს.

სიმპტომები და დიაგნოზი

სიმპტომები იწყება დაინფიცირებიდან 14-24 დღეში. ბავშვების უმეტესობას უვითარდება შემცივნება, თავის ტკივილი, უმადობა, ზოგადი სისუსტე (უგუნებობა) და მსუბუქი ან საშუალო ცხელება. ამ სიმპტომებს 12-24 საათში მოჰყვება სანერწყვე ჯირკვლების შეშუპება, რომელიც ყველაზე მეტადაა გამოხატული მეორე დღეს და გრძელდება 5-7 დღე. ზოგიერთ ბავშვს აქვს მხოლოდ სანერწყვე ჯირკვლის შესივება სხვა სიმპტომების გარეშე. შესივება იწვევს ტკივილს ღეჭვისა და ყლაპვის დროს, ძირითადად მჟავე სითხეების მიღებისას, როგორიცაა ციტრუსების წვენები. ჯირკვალი მგრძნობიარეა შეხებისას. ამ სტადიაზე, ტემპერატურა იმატებს 103-104ა(დაახლოებით 39,4-40°C) და გრძელდება 1-3 დღე.

პუბერტული ასაკის შემდგომ ინფიცირებული ბიჭების 20%-ს უვითარდება ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვლის ანთება (ორქიტი). სათესლე ჯირკვლის ანთება იწვევს ძლიერ ტკივილს. გამოჯანმრთელების შემდგომ, დაავადებული სათესლე ჯირკვლები შეიძლება იყოს უფრო პატარა ზომის, მაგრამ ტესტოსტერონის პროდუქცია და ფერტილობა ძირითადად არ ირღვევა.

ყბაყურა იწვევს თავის ტვინის მფარავი გარსების ანთებას (მენინგიტი) 1-10 % შემთხვევაში. მენინგიტისას აღინიშნება თავის ტკივილი, ღებინება და კისრის რიგიდობა. ყბაყურა აგრეთვე იწვევს თავის ტვინის ანთებას (ენცეფალიტი) 1000-5000 ადამიანიდან 1-ში. ენცეფალიტის შედეგებია ძილიანობა, კომა ან კრუნჩხვები. ხალხის უმეტესობა სრულიად გამოჯანმრთელდება, მაგრამ აქვთ ნერვის და თავის ტვინის მუდმივი დაზიანება, როგორიცაა სიყრუე ან სახის კუნთის დამბლა, ძირითადად – სხეულის ერთ მხარეს.

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) შეიძლება განვითარდეს ინფექციის პირველი კვირის ბოლოს. ეს დარღვევა იწვევს მუცლის ტკივილს, გულისრევას და ღებინებას, რომელიც ვარირებს მსუბუქიდან მძიმე მდგომარეობამდე. ეს სიმპტომები ქრება დაახლოებით ერთ კვირაში და ადამიანი სრულად გამოჯანმრთელდება.

ექიმი ყბაყურას დიაგნოზს სვამს ტიპური სიმპტომების საფუძველზე, ძირითადად ყბაყურას ეპიდემიის დროს. ლაბორატორიულმა ტესტებმა შეიძლება ამოიცნონ ყბაყურას ვირუსი და მისი ანტისხეულები, მაგრამ ასეთი ტესტები იშვიათადაა საჭირო დიაგნოსტირებისთვის.

პროგნოზი

ყბაყურას მქონე თითქმის ყველა ბავშვი გამოჯანმრთელდება სრულად პრობლემების გარეშე, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს დაახლოებით 2 კვირის შემდგომ.

პრევენცია

რადგან ბავშვებში ყბაყურას წინააღმდეგ ვაქცინაცია ტარდება რუტინულად, 12-15 თვის ასაკში, ყოველწლიურად გვხვდება 300-ზე ნაკლები შემთხვევა. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების შუა დასავლეთში 2006 წელს ყბაყურას ეპიდემიამ გამოიწვია 4 თვეში 2500 შემთხვევა. ახალგაზრდებს ჰქონდათ ინფექციის ყველაზე მაღალი სიხშირე, რამაც ნათელჰყო ვაქცინაციის გაგრძელების აუცილებლობა.

მკურნალობა

როდესაც დაიწყება ინფექცია, მან უნდა გაიაროს განვითარების ჩვეული გზა. დისკომფორტის მინიმიზაციისთვის, ბავშვები უნდა მოვარიდოთ ისეთ საკვებს, რომელიც საჭიროებს დაღეჭვას ან არის მჟავე. ანალგეტიკები, როგორიცაა აცეტამინოფენი და იბუპროფენი, შეიძლება დაგვჭირდეს თავის ტკივილის და დისკომფორტის შემთხვევაში. სათესლე ჯირკვლის ანთების მქონე ბიჭებს ან კაცებს ესაჭიროებათ წოლითი რეჟიმი. შეიძლება მოხდეს სათესლე პარკის ფიქსირება სპორტული ბანდაჟით ან ბარძაყებს შორის დამაგრებული წებოვანი პლასტირის ხიდით. ყინულის პაკეტების გამოყენება შესაძლებელია ტკივილის შესამცირებლად.

თუ პანკრეატიტი გამოიწვევს ძლიერ ღებინებას ან გულისრევას, საჭიროა სითხეების გადასხმა ვენაში (ინტრავენურად) და იკრძალება რამდენიმე დღე საკვების მიღება. მენინგიტის ან ენცეფალიტის მქონე ბავშვებს შეიძლება დასჭირდეთ ინტრავნურად სითხეების გადასხმა და ცხელებისა და თავის ტკივილისთვის აცეტამინოფენის ან იბუპროფენის მიღება. კრუნჩხვების განვითარების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ანტიკონვულსანტური წამლები.