ჩვილთა როზეოლა | მკურნალი.გე
  1. ჩვილთა როზეოლა
  2. ვირუსული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
ჩვილთა როზეოლა

ბავშვთა როზეოლა (უეცარი ეგზანთემა, ცრუ წითურა) არის ჩვილების ან ძალიან პატარა ბავშვების ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს მაღალ ტემპერატურას და შემდგომში გამონაყარს.

ბავშვთა როზეოლა გვხვდება წლის ნებისმიერ დროს, ხანდახან ლოკალური გავრცელებებით. ყველაზე ხშირი გამომწვევია ჰერპესვირუსი 6, მრავალი ჰერპესვირუსიდან ერთ-ერთი. ბავშვების უმეტესობას ჩვილთა როზეოლა 6 თვიდან 3 წლამდე ასაკში უვითარდება.

სიმპტომები იწყება დაინფიცირებიდან 5-15 დღეში. უცბად იწყება ცხელება 103-105ºF (დაახლოებით 39.4-40.5ºC) და გრძლედება 3-5 დღე. 5-15%-ში ცხელების შედეგად შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები, განსაკუთრებით ცხელების დაწყებისას და ტემპერატურის სწრაფი აწევისას. მაღალი სიცხის მიუხედავად, ბავშვი ფხიზელია და აქტიური. მხოლოდ ზოგს აქვს ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკვილი ან კუჭის ტკივილი. გადიდებულია კისრის უკანა და ყურის უკანა ლიმფური კვანძები. ცხელება ძირითადად ქრება მეოთხე დღეს.

ბავშვების დაახლოებით 30%-ს უვითარდება გამონაყარი რამდენიმე საათის განმავლობაში და ძირითადად – ტემპერატურის დავარდნის შემდგომ. გამონაყარი წითელია და ბრტყელი, მაგრამ შეიძლება ამოიწიოს ზედაპირიდან ხშირად გულმკერდსა და მუცელზე, ნაკლები ინტენსიობით – სახეზე, ხელებსა და ფეხებზე. გამონაყარი არ იწვევს ქავილს და გრძელდება რამდენიმე საათიდან 2 დღემდე.

ექიმის დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებზე. ანტისხეულების და ვირუსოლოგიური კვლევა იშვიათადაა საჭირო.

ცხელებისას მკურნალობა ტარდება აცეტამინოფენით ან იბუპროფენით. კრუნჩხვები და გამონაყარი არ საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას, მაგრამ რადგან ისინი საშიშია, მშობლების უმეტესობას მოჰყავთ ბავშვები ექიმთან შესაფასებლად. თუ დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ბავშვებში დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, ექიმებმა შეიძლება მოსინჯონ მკურნალობა ანტივირუსული წამლებით – ფოსკანეტით ან განციკლოვირით.