1. წითურა
  2. ვირუსული ინფექციები (ინფექციები)
  3. ინფექციები
წითურა

წითურა (გერმანული წითელა, 3-დღიანი წითელა) არის გადამდები ვირუსული ინფექცია, რომელიც იწვევს სუსტ სიმპტომებს, როგორიცაა სახსრების ტკივილი და გამონაყარი.

  • წითურა გამოწვეულია ვირუსით და დედის ორსულობაში დაინფიცირებისას ვითარდება ნაყოფის განვითარების მძიმე დეფექტები;

  • ტიპური სიმპტომებია: გადიდებული ლიმფური კვანძები, პირში და სასაზე ვარდისფერი ლაქები და დამახასიათებელი გამონაყარი;

  • დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებზე;

  • წითურას პრევენციას ახდენს რუტინული ვაქცინაცია;

  • მკურნალობის მიზანია სიმპტომების შემცირება.

წითურა ძირითადად არის მსუბუქი ბავშვთა ასაკის ინფექცია, თუმცა შეიძლება ჰქონდეს გამანადგურებელი შედეგები მშობიარობამდე დაინფიცირებული ჩვილისთვის. პირველი 16 კვირის მანძილზე დაინფიცირებული დედა (განსაკუთრებით პირველი 8-10 კვირა) გადასცემს ინფექციას ნაყოფს. იგი იწვევს აბორტს, მკვდრად შობადობას ან მძიმე განვითარების დეფექტს.

წითურა ერთხანს ხშირი იყო გაზაფხულის პერიოდში, მთავარი ეპიდემიის დროს ყოველ 6-9 წელიწადში ინფიცირდებოდა მილიონობით ადამიანი. აშშ-ში ეს დაავადება ამჟამად იშვიათია ფართოდ გავრცელებული ვაქცინაციის შედეგად. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ახალგაზრდა ქალბატონს არასდროს ჰქონია წითურა, არც წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარებია და ამის გამო არიან სერიოზული, განვითარების დეფექტის მქონე ბავშვის ყოლის რისკის ქვეშ, თუ დაინფიცირება მოხდა ორსულობის ადრეულ ეტაპზე.

წითურა ვრცელდება ძირითადად დაინფიცირებული ადამიანის ამოხველებული ჰაერის ნესტის პატარა ვირუსის შემცველი წვეთების შესუნთქვით. დაავადებულ პირთან ახლო კონტაქტი აგრეთვე ავრცელებს ინფექციას. კონტაგიოზურობა იწყება გამონაყარის დაწყებამდე 7 დღით ადრე და გამოყრიდან შემდგომი 14 დღე, თუმცა ძირითადად მაქსიმალური კონტაგიოზურობის პერიოდი არის რამდენიმე დღით ადრე სიმპტომების დაწყებიდან – გამონაყარის გაქრობამდე. დაბადებამდე დაინფიცირებულ ჩვილს შეუძლია გაავრცელოს ინფექცია დაბადებიდან რამდენიმე თვის მანძილზე.

სიმპტომები და დიაგნოზი

სიმპტომები იწყება დაინფიცირებიდან 14-21 დღის შემდეგ. ზოგიერთი ბავშვი რამდენიმე დღე თავს გრძნობს მსუბუქად ცუდად, აქვს ცხვირიდან გამონადენი, ხველა, უმტკივნეულო და ვარდისფერი ლაქები სასაზე. ეს ლაქები შემდგომში ერთიანდება სიწითლედ ხახის უკანა ზედაპირზე. ბავშვების უმრავლესობის, განსაკუთრებით დიდების, დაავადების პირველი ნიშნებია ლიმფური კვანძების შესივება კისერსა და თავის უკანა ზედაპირზე. დამახასიათებელი გამონაყარი ვლინდება დაახლოებით ერთი დღის შემდგომ და გრძელდება 3-5 დღე. გამონაყარი იწყება სახესა და კისერზე და ვრცელდება სწრაფად ტანზე, ხელებსა და ფეხებზე. როდესაც ჩნდება გამონაყარი, იწყება კანის მსუბუქი შეწითლება, განსაკუთრებით სახეზე.

წითურას დროს მოზრდილებს, განსაკუთრებით ქალებს, უვითარდებათ ართრიტი ან სახსრის ტკივილი. იშვიათ შემთხვევებში გვხვდება შუა ყურის ანთება. თავის ტვინის ინფექცია (ენცეფალიტი) არის იშვიათი, მაგრამ ფატალური გართულება.

დიაგნოზი დაფუძნებულია დამახასიათებელი სიმპტომების არსებობაზე. ზუსტი დიაგნოზი შეიძლება დაისვას სისხლში წითურას მიმართ ანტისხეულების დონის განსაზღვრით, ეს აუცილებელი ხდება ხოლმე ორსულობისას.

პრევენცია და მკურნალობა

წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ბავშვთა ასაკის ერთ-ერთი რუტინული იმუნიზაცია, უტარდებათ ბავშვებს 12 თვის ასაკის დასაწყისისთვის. პიროვნებას, რომელსაც ჰქონდა წითურა, უვითარდება იმუნიტეტი და აღარ ხდება შემდგომში მისი დასნებოვნება.

წითურას მქონე ბავშვების უმეტესობა გამოჯანმრთელდება სრულად მკურნალობის გარეშე. შუა ყურის ინფექციის მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებით. არ არსებობს ენცეფალიტის თერაპია, მან უნდა გაიაროს თავისი კურსი მხარდამჭერი მკურნალობით.