1. ასთმა (სასუნთქი გზების დაავადებები)
  2. სასუნთქი გზების დაავადებები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ასთმა (სასუნთქი გზების დაავადებები)

ასთმა არის ფილტვის მორეციდივე ანთებითი დაავადება, რომლის დროსაც გარკვეული სახის სტიმულატორები (ტრიგერები) იწვევენ სასუნთქი გზების ანთებას და ვითარდება მისი დროებითი შევიწროება, რასაც შედეგად სუნთქვის გაძნელება მოსდევს.

  • ასთმის ტრიგერებია: გამონაბოლქვი, სუნამო, ყვავილის მტვერი, სოკო, ოთახის მტვრის ტკიპა და ვირუსული ინფექციები;

  • ასთმის სიმპტომებია: მსტვინავი სუნთქვა, ხველა, გულმკერდის შებოჭილობა და სუნთქვის გაძნელება;

  • დიაგნოზი დამოკიდებულია ბავშვებში მსტვინავი სუნთქვის განმეორებით ეპიზოდებსა და ასთმის ოჯახურ ანამნეზზე;

  • ბავშვების უმეტესობა ასაკის მატების კვალდაკვალ გადალახავს ამ დაავადებას;

  • ასთმის პრევენცია შესაძლებელია ტრიგერებისგან თავის არიდებით;

  • მკურნალობა მოიცავს ბრონქოდილატატორებისა და საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მიღებას.

მიუხედავად იმისა, რომ ასთმა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, უფრო ხშირად ავადდებიან ბავშვები, განსაკუთრებით – სიცოცხლის პირველი 5 წლის მანძილზე. ზოგიერთ ბავშვს ასთმა მოზრდილობის დროსაც უგრძელდება. ბავშვებში ასთმა იკურნება. ასთმის შემთხვევები საგრძნობლად გახშირდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ექიმებს არ სჯერათ ამის, მაგრამ თეორიულად ეს ასეა. აშშ-ში ბავშვების 8,5%-ზე მეტს დაესვა ასთმის დიაგნოზი და ეს მონაცემები ადასტურებს, რომ ავადობამ იმატა 100%-ით და უფრო მეტადაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ქალაქში მცხოვრები ბავშვების პოპულაციაში კი ეს მაჩვენებელი 25-40%-საც კი აღწევს. ასთმა არის ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის და ქრონიკული მდგომარეობების გამო სკოლის გაცდენის მთავარი მიზეზი.

ასთმის მქონე ბავშვების უმეტესობას შეუძლია მონაწილეობის მიღება საბავშვო ჩვეულ აქტივობებში, გამწვავებების პერიოდის გარდა. შედარებით მცირე ნაწილს კი, რომელთაც აქვთ ასთმის საშუალო ან მძიმე ფორმა, სჭირდებათ ყოველდღიური საპროფილაქტიკო წამლები, რომ ჩაერთონ სპორტში და ითამაშონ ნორმალურად.

უცნობი მიზეზების გამო, გარკვეულ სტიმულატორებზე (ტრიგერებზე) ასთმიანი ბავშვი რეაგირებს იმ ბავშვებისგან განსხვავებულად, რომელთაც ასთმა არ აქვთ. არსებობს ბევრი პოტენციური ტრიგერი (ალერგენი) და ბავშვების უმეტესობა რეაგირებს მხოლოდ ზოგიერთ მათგანზე. ზოგიერთ ბავშვთან ვერ დგინდება გამწვავების სპეციფიკური მიზეზები.

გამღიზიანებლები იწვევენ ერთნაირ პასუხს. სასუნთქი გზების ზოგიერთი უჯრედი გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს. ეს ნივთიერებები იწვევენ სასუნთქი გზების ანთებასა და შეშუპებას და ასტიმულირებენ კუნთოვანი უჯრედების შეკუმშვას. ამ ქიმიური ნივთიერებებით განმეორებითი სტიმულაცია ზრდის ლორწოს პროდუქციას სასუნთქ გზებში, იწვევს ამომფენი უჯრედების ჩამოფცქვნას და კუნთოვანი უჯრედების გაზრდას. ყველა ეს საპასუხო რეაქცია ხელს უწყობს სასუნთქი გზების სწრაფ შევიწროებას (ასთმის შეტევა). ასთმის შეტევებს შორის პერიოდში ბავშვების უმრავლესობაში სასუნთქი გზები უბრუნდება ნორმალურ ფორმას.

რისკფაქტორები

ექიმებმა ბოლომდე არ იციან, რატომ უვითარდება ზოგიერთ ბავშვს ასთმა, მაგრამ ცნობილია ზოგიერთი რისკფაქტორი. თუ ერთ მშობელს აქვს ბრონქული ასთმა, შვილებში ასთმის განვითარების რისკი 25%-ია. თუ ორივე მშობელს აქვს ასთმა, რისკი იზრდება 50%-მდე. ასთმის განვითარების ალბათობა იმატებს, თუ დედები ეწეოდნენ სიგარეტს ორსულობის დროს. ასთმის განვითარების რისკი ასევე შეიძლება გაზარდოს დედასთან დაკავშირებულმა სხვა ფაქტორებმა, როგორიცაა დედის მცირე ასაკი, ცუდი კვება ორსულობისას და ძუძუთი კვების დეფიციტი. დღენაკლულობა და მცირე წონა დაბადებისას აგრეთვე რისკფაქტორებს წარმოადგენს.

აშშ-ში ასთმა უვითარდებათ უფრო მეტად ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს, განსაკუთრებით, თუკი ისინი დაბალ სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფში არიან. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის საკითხი სრულად შესწავლილი, მიაჩნიათ, რომ ცხოვრების ცუდი პირობები, ალერგენებთან ინტენსიური კავშირი და სამედიცინო მომსახურების ნაკლები ხელმისაწვდომობა, ხელს უწყობს ამ ჯგუფებში ასთმის მაღალ სიხშირეს. მიუხედავად იმისა, რომ ასთმით ავადობის პროცენტი უფრო მაღალია შავკანიან ბავშვებში, რასის გენეტიკური ასპექტის როლი ასთმის განვითარებაში საკამათოა, რადგან შავკანიანი ბავშვები აგრეთვე უფრო მეტად ცხოვრობენ ქალაქში.

ბავშვებს, რომელთაც აქვთ უფრო მეტი კავშირი ალერგენებთან, როგორებიცაა ოთახის მტვრის ტკიპა ან ტარაკნის ფეკალიები, ადრეულ ასაკში, უფრო მეტად უვითარდებათ ასთმა. ბრონქიოლიტის მქონე ბავშვებს ადრეულ ასაკში ზოგჯერ აქვთ მსტვინავი სუნთქვა (ვიზინგი) ვირუსული ინფექციების დროს. ვიზინგი თავდაპირველად შეიძლება შეფასდეს, როგორც ასთმა, მაგრამ ამ ბავშვებს შეიძლება არ განუვითარდეთ ასთმა მოზარდობაში.

სიმპტომები

რადგან ასთმის შეტევის დროს ვიწროვდება სასუნთქი გზები, ბავშვს ექმნება სუნთქვის პრობლემები, გულმკერდის არეში შებოჭილობა და ხველა, ძირითადად თან ახლავს ვიზინგი. ვიზინგი არის მაღალსიხშირიანი ხმიანობა, რომელიც ისმის ამოსუნთქვის დროს. თუმცა, ყველა ასთმის შეტევა არ იწვევს ვიზინგს. მსუბუქი ასთმისას, პრაქტიკულად ძალიან პატარა ბავშვებს შეიძლება განუვითარდეთ ხველა. ზოგიერთი უფროსი ასაკის ბავშვი, მსუბუქი ასთმით, მიდრეკილია ვარჯიშის ან ცივ ჰაერთან კონტაქტისას ხველის განვითარებისკენ. აგრეთვე, ძალიან მძიმე ასთმის მქონე ბავშვებს შეიძლება არ ჰქონდეთ ვიზინგი, რადგან ამ დროს საკმაოდ მცირე რაოდენობის ჰაერი შედის სასუნთქ გზებში და ვერ შექმნის ხმიანობას. მძიმე შეტევისას სუნთქვა საკმაოდ ძნელდება, ვიზინგი უფრო ხმამაღალი ხდება, ბავშვი სუნთქავს სწრაფად და ძლიერი ძალისხმევით, ნეკნები სწორდება ჩასუნთქვისას (ინსპირაცია). მძიმე შეტევისას ბავშვი ჩაისუნთქავს ბევრ ჰაერს და ჯდება სწორად, იხრება წინ. კანი ოფლიანია და ფერმკრთალი ან მოლურჯო. ხშირი მძიმე შეტევების მქონე ბავშვები იზრდებიან ნელა, მაგრამ მათი სიმაღლე ეწევა ნორმას მოზრდილობის ასაკისთვის.

დიაგნოზი

ექიმი ვარაუდობს ასთმას ბავშვებთან, რომელთაც აქვთ ვიზინგის განმეორებითი ეპიზოდები, განსაკუთრებით – თუ ოჯახის წევრებს აქვთ ასთმის ან ალერგიის დიაგნოზი. ექიმები, როგორც წესი, მიზეზის დასადგენად იღებენ გულმკერდის რენტგენოგრამას და ატარებენ ალერგიულ კვლევებს.

ხშირი ვიზინგის მქონე ბავშვები შეიძლება გამოვიკვლიოთ სხვა დარღვევებზეც, როგორიცაა კისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი) და გასტროეზოფაგური რეფლუქსი. უფროს ბავშვებს ხანდახან უტარდებათ ფილტვის ფუნქციური ტესტები, თუმცა ბავშვების დიდ ნაწილთან, ფილტვის ფუნქციური ტესტები გამწვავებებს შორის ნორმალურია.

უფროსი ბავშვები ან მოზარდები, როცა დიაგნოსტირებულია ასთმა, ხშირად ხმარობენ პიკური ნაკადის საზომს (პატარა მოწყობილობა, რომელიც იწერს, რამდენად სწრაფად შეუძლია ადამიანს ჰაერის ამოსუნთქვა) სასუნთქი გზების ობსტრუქციის ხარისხის დასადგენად. ექიმებსა და მშობლებს შეუძლიათ გააკეთონ ეს გამოკვლევა შეტევის დროს ბავშვის მდგომარეობის შესაფასებლად. ასთმიან ბავშვებს შეტევისას არ უტარდებათ რენტგენოლოგიური კვლევები, თუკი ექიმს არ ექნება ეჭვი სხვა დაავადებაზე, როგორიცაა პნევმონია ან ფილტვის კოლაფსი.

პროგნოზი და პრევენცია

ასთმის მქონე ბავშვების ნახევარს ეს დაავადება გარკვეულ ასაკში უქრება. უფრო მძიმე დაავადების მქონეთ უგრძელდებათ ასთმა მოზარდობისასაც. გახანგრძლივებისა და განმეორების სხვა რისკფაქტორებია მდედრობითი სქესი, სიგარეტის მოწევა, ადრეულ ასაკში ასთმის განვითარება და ოთახის მტვრის ტკიპაზე მგრძნობელობის არსებობა.

ასთმის გამწვავებების პრევენცია ხშირად შესაძლებელია იმ ტრიგერისგან თავის არიდებით, რომელიც იწვევს შეტევას. ალერგიული ბავშვების მშობლებს, როგორც წესი, ურჩევენ არ გააჩერონ ბავშვის ოთახში ბუმბულის ბალიში, ხალიჩები, ფარდები, რბილი ავეჯი, ფუმფულა სათამაშოები და სხვა, პოტენციურად მტვრის ტკიპისა და ალერგენების შემცველი წყაროები. თამბაქოს გამონაბოლქვის პასიური შესუნთქვა ხშირად უმწვავებს სიმპტომებს ასთმიან ბავშვს, ასე რომ, მნიშვნელოვანია ავკრძალოთ თამბაქოს მოწევა იმ ადგილას, სადაც ბავშვი ატარებს დროს. თუ გარკვეული ალერგენისგან ვერ მოხდა თავის არიდება, ექიმი უნდა ეცადოს ბავშვის მგრძნობელობის დაქვეითებას ხელოვნურად ალერგენების მცირე დოზების მიღებით, თუმცა მათი ეფექტიანობა ასთმის შემთხვევაში არაა კარგად შესწავლილი. რადგან ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის, ექიმები ხშირად ურჩევენ მშობლებს, ჩართონ ბავშვი ფიზიკურ აქტივობებში, ვარჯიშებსა და სპორტულ ღონისძიებებში და გამოიყენონ ასთმის პრეპარატები საჭიროებისამებრ, ვარჯიშის წინ.

მკურნალობა

მწვავე შეტევის მკურნალობა გულისხმობს:

  • სასუნთქი გზების გახსნას (ბრონქოდილატაციას)

  • ანთების შეჩერებას

სასუნთქ გზებს ხსნის მრავალი საინჰალაციო წამალი (ბრონქოდილატატორები). ტიპური მაგალითებია ალბუტეროლი და იპრატროპიუმი. ექიმები არ უწევენ რეკომენდაციას ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორებს, როგორიცაა სალმეტეროლი და ფორმეტეროლი, როგორც ბავშვების ერთადერთ სამკურნალო საშუალებას. უფროსი ბავშვები და მოზარდები ძირითადად იღებენ ამ წამლებს დოზირებული ინჰალატორებით. 8 წლამდე ასაკის ბავშვებს უადვილდებათ სპეისერებით და ხელში დასაჭერი შესასხურებლებით ინჰალაცია. ჩვილებმა და ძალიან პატარა ბავშვებმა შეიძლება გამოიყენონ შესასხურებლები და სპეისერები ჩვილის ზომის ნიღბით. მათ, რომელთაც არ შეუძლიათ ინჰალატორების გამოყენება, სახლში საინჰალაციო წამლებს იღებენ ნებულაიზერზე (პატარა მოწყობილობა, რომელიც წარმოქმნის წამლის ორთქლს კომპრესირებული ჰაერის მეშვეობით) დამაგრებული ნიღბით. ინჰალატორები და ნებულაიზერები ერთნაირად ეფექტურია წამლის მიწოდებისთვის. ალბუტეროლის მიღება შეიძლება დასალევად, თუმცა ეს გზა ნაკლებეფექტურია ინჰალაციასთან შედარებით და ძირითადად გამოიყენება მხოლოდ ჩვილებში, როდესაც არ აქვთ ინჰალატორები. საშუალო სიმძიმის ასთმის შეტევისას ბავშვებს ეძლევათ კორტიკოსტეროიდები დასალევად.

ასთმის მძიმე შეტევისას ბავშვებს მკურნალობა უტარდებათ საავადმყოფოში, ინჰალატორებით ან შესასხურებლებით ეძლევათ ბრონქოდილატატორები დასაწყისში მინიმუმ ყოველ 20 წუთში ერთხელ. ხანდახან ექიმები უკეთებენ ეპინეფრინის (ბრონქოდილატატორი) ინექციებს, თუ ინჰალირებული წამლები არაა ეფექტური. ბავშვებს მძიმე შეტევის დროს ექიმები უკეთებენ კორტიკოსტეროიდებს ინტრავენურად.

ბავშვები, რომელთაც აქვთ მსუბუქი, იშვიათი შეტევები, ძირითადად წამლებს იღებენ შეტევის დროს. მათ, რომელთაც აქვთ უფრო ხშირი ან მძიმე შეტევები, სჭირდებათ წამლების მიღება მაშინაც, როდესაც არ აქვთ შეტევები. გამოიყენება სხვადასხვა წამალი შეტევების სიხშირისა და სიმძიმის მიხედვით. იშვიათი, მსუბუქი შეტევების მქონე ბავშვები, როგორ წესი, იყენებენ ინჰალაციურ დაბალი დოზის კორტიკოსტეროიდებს ყოველდღიურად, შეტევების პრევენციისთვის. ეს წამლები ამცირებენ ანთებას ანთებადი ქიმიური ნივთიერებების გამოყოფის ბლოკირებით.

უფრო გახანგრძლივებული ასთმის მქონე ბავშვები ან ისინი, რომელთაც აქვთ ხშირი და მძიმე შეტევების განვითარების რისკი, ისხურებენ საშუალო ან მაღალი დოზის კორტიკოსტეროიდებს ყოველდღიურად, გარდა ამისა, მათ შეიძლება სჭირდებოდეთ ან არ სჭირდებოდეთ დამატებითი წამლები, როგორებიცაა ლეიკოტრიენების მოდიფიკატორი (მონტელუკასტი ან ზაფრილუკასტი), ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორები ან კრომოლინი. დროთა განმავლობაში ხდება წამლების დოზების მომატება ან დაკლება ბავშვთა ასაკის ასთმის სიმპტომების ოპტიმალური კონტროლისთვის და მძიმე შეტევების პრევენციისთვის. თუ ეს წამლები ვერ იცავენ ბავშვს მძიმე შეტევების განვითარებისაგან, შეიძლება საჭირო გახდეს კორტიკოსტეროიდების დანიშვნა დასალევად. ბავშვები, რომლებსაც ვარჯიშის დროს ემართებათ შეტევა, ბრონქოდილატატორის დოზას ისხურებენ უშუალოდ ვარჯიშის დაწყებამდე.

რადგან ასთმა არის ხანგრძლივი დაავადება, რომელსაც აქვს მკურნალობის მრავალი ვარიანტი, ექიმი მუშაობს მშობლებთან და ბავშვთან, რათა დარწმუნდეს, რომ მათ შეისწავლეს ეს დაავადება შეძლებისდაგვარად კარგად. მოზარდები და განვითარებული პატარა ბავშვები უნდა მონაწილეობდნენ საკუთარი ასთმის მართვის გეგმების და თერაპიის მიზნების დასახვაში, რათა გაუმჯობესდეს მკურნალობის შედეგები. მშობლები და ბავშვები უნდა სწავლობდნენ, როგორ განსაზღვრონ შეტევის სიმძიმე, როდის გამოიყენონ წამლები და პიკური ნაკადის საზომი, როდის დაურეკონ ექიმს და როდის წავიდნენ საავადმყოფოში.

მშობლებმა და ექიმებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ბავშვის დაავადებასა და გამოყენებულ წამლებზე სკოლის ექთანს, ბავშვის ჯანმრთელობაზე მზრუნველებს და სხვებს. ზოგიერთ ბავშვს საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დართონ ინჰალატორების სკოლაში ტარების ნება, სხვები კი უნდა გაკონტროლდნენ სკოლის ექთნების მიერ.