1. კოკციდიოიდიმიკოზი
  2. სოკოვანი ინფექციები
  3. ინფექციები
კოკციდიოიდიმიკოზი

კოკციდიოიდიმიკოზი (San Joaquin fever, valley fever) არის ზოგადად ფილტვების ინფექცია, რომელსაც იწვევს fungus Coccidioides immitis.

  • ინფექცია ვითარდება სოკოს სპორების ჩასუნთქვის შედეგად;

  • ფილტვების ინფექციის მსუბუქი ფორმის შემთხვევაში აღინიშნება გრიპის მსგავსი სიმპტომები და ზოგჯერ ქოშინი, მაგრამ ინფექციის მიმდინარეობა შეიძლება გაუარესდეს და იგი გავრცელდეს მთელ სხეულში, რის შედეგად სხვადასხვა სიმპტომი ვლინდება;

  • დიაგნოზი შეიძლება დადასტურდეს სოკოს იდენტიფიცირების შედეგად ინფიცირებული მასალების ნიმუშებში მათი მიკროსკოპული გამოკვლევით ან დათესვის გზით;

  • მკურნალობა ანტიფუნგური მედიკამენტებით, რომლებიც ინიშნება დასალევად ან ინტრავენურად შესაყვანად, უნდა გაგრძელდეს წლების განმავლობაში, შესაძლოა – მთელი ცხოვრების მანძილზეც კი.

Coccidioides სპორები არსებობენ ნიადაგში შეერთებული შტატების აღმოსავლეთში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. სპორების ჩასუნთქვა და ამის შედეგად დაინფიცირება შეიძლება უმეტესად უხდებათ ფერმერებს, რომლებიც დაზიანებულ ნიადაგზე მუშაობენ. იმ ადამიანებში, რომლებიც ინფიცირდებიან მოგზაურობის დროს, შეიძლება სიმპტომები არ გამოვლინდეს შინ დაბრუნებამდე.

Coccidioides ვლინდება ორი ფორმით:

  • ფილტვების მსუბუქი ინფექცია (მწვავე პირველადი კოკციდიოიდიმიკოზი): ინფექცია ქრება ყოველგვარი მკურნალობის გარეშე. იგი შეადგენს შემთხვევათა დაახლოებით ნახევარს;

  • მძიმე, პროგრესირებადი ინფექცია (პროგრესირებადი კოკციდიოიდიმიკოზი): ინფექცია ვრცელდება მთელ სხეულში და ხშირად ფატალურია. იგი უფრო ხშირია მამაკაცებსა და შავკანიანებში, ფილიპინელებსა და ადგილობრივ ამერიკელებში. ეს ფორმები, სავარაუდოდ, ვითარდება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა დასუსტებულია სხვადასხვა დარღვევის არსებობისას (განსაკუთრებით შიდსის დროს) ან ისეთი მედიკამენტების ზემოქმედების შედეგად, რომლებიც იმუნური სისტემის სუპრესიას (იმუნოსუპრესანტები) იწვევენ.

სიმპტომები

პირველადი კოკციდიოიდიმიკოზის მქონე ადამიანების უმრავლესობას სიმპტომები არ აღენიშნებათ. თუ სიმპტომები ვითარდება, ისინი ვლინდებიან ინფიცირებიდან 1-3 კვირის შემდეგ. სიმპტომები ზოგადად მსუბუქადაა გამოხატული და ხშირად გრიპის სიმპტომების მსგავსია. აღინიშნება: ხველა, ცხელება, შემცივნება, ტკივილი გულმკერდის არეში და ზოგჯერ ქოშინი. ხველების დროს შეიძლება გამოიყოს ნახველი და ზოგჯერ სისხლი. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს უდაბნოს რევმატიზმი, რომელიც მოიცავს: ანთებით პროცესებს თვალების ზედაპირზე (კონიუნქტივიტი) და სახსრებში (ართრიტი) და აგრეთვე კანის კვანძების განვითარებას (კვანძოვანი ერითემა). ეს მოვლენები, რომლებსაც ახასიათებს ტკივილი, წარმოადგენენ ალერგიულ რეაქციას სოკოების მიმართ და, ჩვეულებრივ, ნიშნავს, რომ ადამიანები ეფექტურად ებრძვიან სოკოებს.

პროგრესირებადი ფორმები იშვიათია და შეიძლება გამოვლინდეს ინფიცირებიდან კვირების, თვეებისა და წლების შემდეგ. სიმპტომები მოიცავს მსუბუქ ცხელებასა და მადის, წონისა და ძალის დაქვეითებას. ფილტვების ინფექცია შეიძლება დამძიმდეს და გამოიწვიოს ქოშინი. ინფექცია ფილტვებიდან შესაძლოა გავრცელდეს ძვლებში, სახსრებში, ელენთაში, ღვიძლსა და თირკმელებში. სახსრები შუპდება და მტკივნეული ხდება. სოკომ შეიძლება ასევე დააზიანოს ტვინი და ტვინის მფარავი ქსოვილი (მენინგეს) და შედეგად მენინგიტი გამოიწვიოს. ეს ინფექცია უფრო ხშირად ქრონიკულად მიმდინარეობს, იწვევს თავის ტკივილებს, ცნობიერების დარღვევას, წონასწორობის უნარის დაქვეითებას, გაორებულ მხედველობასა და სხვა პრობლემებს. არანამკურნალები მენინგიტი ყოველთვის ფატალურად მთავრდება.

დიაგნოზი

ექიმმა შესაძლოა ეჭვი მიიტანოს კოკციდიოიდიმიკოზის არსებობაზე იმ შემთხვევაში, თუ ადამიანებს განუვითარდებათ სიმპტომები ისეთ ადგილებში ყოფნისას ან მოგზაურობისას, სადაც ეს ინფექცია ხშირია. გულმკერდის რენტგენოგრამა, ჩვეულებრივ, აჩვენებს ცვლილებებს, მაგრამ სოკოს იდენტიფიცირებისა და ამის შედეგად დიაგნოზის დადასტურების მიზნით ექიმები იკვლევენ სისხლს, ნახველს, ჩირქსა და სხვა დაინფიცირებულ ქსოვილს მიკროსკოპით და მათ დასათესად ლაბორატორიაში აგზავნიან.

მკურნალობა

მწვავე, პირველადი კოკციდიოიდიმიკოზი ტიპურ შემთხვევებში გაივლის მკურნალობის გარეშე და გამოჯანმრთელება ზოგადად სრულად ხდება. თუმცა, ზოგიერთი ექიმი ამჯობინებს დაავადების მკურნალობას მაშინ, როდესაც იგი ფილტვებს აზიანებს.

პროგრესირებადი ფორმების დროს ინიშნება ფლუკონაზოლი დასალევად ან ამფოტერიცინი B ინტრავენურად. ალტერნატივის სახით ექიმმა შეიძლება ინფექციის მკურნალობა ვორიკონაზოლით ან პოსაკონაზოლით ჩაატაროს.

თუ მენინგიტი განვითარდება, ინიშნება ამფოტერიცინი B ინტრავენურად. დამატებით, ამფოტერიცინ B შეიძლება ზურგის ტვინის სითხეში იქნეს შეყვანილი.

მიუხედავად იმისა, რომ ლოკალური ინფექციების დროს (მაგალითად, კანზე, ძვლებში ან სახსრებში) ადგილობრივი მკურნალობა შეიძლება ეფექტური იყოს, ხშირად ვითარდება რეციდივი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ამიტომ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს წლების, ზოგჯერ მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ადგილობრივი რეაქციების შემთხვევებში ხშირად საჭიროა მკურნალობა ისეთი მედიკამენტებით, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები.