1. გასტროენტერიტი (საჭმლის მონელების დარღვევები)
  2. საჭმლის მონელების დარღვევები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
გასტროენტერიტი (საჭმლის მონელების დარღვევები)

გასტროენტერიტი არის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთება, რომელიც იწვევს ღებინებას, დიარეას ან ორივეს ერთად და ხშირად თან ახლავს ცხელება ან მუცლის კოლიკის ტიპის ტკივილი.

  • გასტროენტერიტი ძირითადად გამოწვეულია ვირუსული, ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექცით;

  • ინფექცია იწვევს ღებინებას, დიარეას, მუცლის კოლიკას, ცხელებას, უმადობას, შედეგად კი ვითარდება გაუწყლოება;

  • ბავშვის სიმპტომები და ანამნეზი ეხმარება ექიმს დიაგნოზის დაზუსტებაში;

  • ბავშვებისთვის ხელების დაბანისკენ მითითება და არასწორად მომზადებული საკვებისგან თავის არიდების სწავლება არის გასტროენტერიტის პრევენციის საუკეთესო გზა;

  • საჭიროა სითხეები და რეჰიდრატაციული ხსნარები, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია, რომ ბავშვი გასინჯოს ექიმმა.

გასტროენტერიტი, რომელსაც ხშირად არასწორად `ნაწლავის გრიპს“ უწოდებენ, ბავშვებს შორის საჭმლის მონელების ყველაზე ხშირი დარღვევაა. მსოფლიოს მასშტაბით 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ყოველწლიურად 1 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება. მძიმე გასტროენტერიტი იწვევს დეჰიდრატაციას და სისხლის ქიმიური ნივთიერებების (ელექტროლიტების) დისბალანსს, ღებინებისა და ფაღარათის გამო სხეულის სითხეების კარგვის შედეგად. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ბავშვები კარგად იკვებებიან და აქვთ წვდომა საუკეთესო ჯანდაცვაზე, გასტროენტერიტმა შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი და შრომისუნარიანობის დაქვეითება, მაგრამ არ გრძელდება დიდხანს და მხოლოდ იშვიათად აქვს სერიოზული შედეგები. განვითარებად ქვეყნებში, სადაც ბავშვები სოციალურად მეტად დაუცველები არიან, ხშირად ვერ ხორციელდება სათანადო ზრუნვა და ყოველწლიურად იღუპება მილიონობით ბავშვი გასტროენტერიტით გამოწვეული დიარეით.

მიზეზები

აშშ-ში გასტროენტერიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია ვირუსები (როგორიცაა როტავირუსი). ბავშვებს გასტროენტერიტი ძირითადად გადაედებათ სხვა ბავშვებისგან, რომლებსაც ჰქონდათ ეს დაავადება ან ჰქონდათ მხოლოდ კონტაქტი მასთან საბავშვო ბაღში, სკოლასა და სხვა თავშეყრის ადგილებში. ვირუსული გასტროენტერიტი ვრცელდება ვირუსის გადატანით ხელებიდან პირისკენ ან აგრეთვე ცემინებითა და ამოხველებით. ძალიან ადვილად გადაეცემა ბავშვებს თამაშისას – როცა ისინი იდებენ ხელებს და თითებს პირში და შემდგომ ეხებიან სათამაშოებს და ერთმანეთს.

ბაქტერიები (როგორიცაა Escherichia coli, Vibrio cholerae, Salmonella და Shigella) და პარაზიტები (როგორიცაა Giardia) აგრეთვე იწვევენ გასტროენტერიტს. ბავშვებს გადაეცემათ ბაქტერიული გასტროენტერიტი დაინფიცირებული საკვების შეხების ან ჭამისას, ძირითადად – უმი ან არასწორად დამზადებული ხორცის, კვერცხის მირთმევისას, არაპასტერიზებული რძის ან წვენის დალევისას. ბაქტერია შეიძლება გაიზარდოს უმაცივროდ დარჩენილ სხვადასხვა ტიპის საკვებში (მსგავსი პრობლემები ხშირია ბუფეტში და პიკნიკებისას). თუ Staphylococcus დააინფიცირებს საკვებს, ამ ბაქტერიებმა შეიძლება გამოყონ ტოქსინი, რომელიც იწვევს უეცარ ღებინებას და დიარეას. გასტროენტერიტს, რომელიც გამოწვეულია მიკროორგანიზმების ან ბაქტერიული ტოქსინების მიერ დაინფიცირებული საკვების მიღებით, ხანდახან ეწოდება საკვებისმიერი მოწამვლა. ხანდახან, ზოგიერთი ბაქტერიის გადაცემა ხდება დიარეის მქონე ძაღლებისგან ან კატებისგან; ბავშვები შეიძლება დაინფიცირდნენ ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექციებით მოლუსკების ჭამისას, დაბინძურებული წყლის გადაყლაპვისას ჭაბურღილებიდან, ნაკადულებიდან და საცურაო აუზიდან; ხშირია ასეთი შემთხვევები განვითარებად ქვეყნებში მოგზაურობისას.

ხანდახან გასტროენტერიტი ვითარდება მაშინ, როდესაც ბავშვები ჭამენ იმას, რისი ჭამაც არ შეიძლება, მაგალითად მცენარეებს, წამლებს. იშვიათად, გასტროენტერიტი არის ალერგიული მდგომარეობის (ეოზინოფილური გასტროენტერიტი) ან ზოოპარკში ცხოველებთან კონტაქტის შედეგი.

სიმპტომები და დიაგნოზი

სიმპტომები ძირითადად მოიცავს ღებინებას, დიარეას, მუცლის კოლიკას, ცხელებასა და უმადობას. როგორც წესი, ღებინება ვლინდება დაავადების დასაწყისში და დიარეა მოგვიანებით ვითარდება, მაგრამ ზოგიერთ ბავშვს ორივე ერთდროულად აქვს. ვირუსული ინფექციის მთავარი სიმპტომი შეიძლება იყოს თხელი დიარეა. თუ გამომწვევი ბაქტერიაა, განავალი შეიძლება იყოს სისხლიანი. თუ ბავშვი სვამს საკმარისი რაოდენობით სითხეებს, სიმპტომები თანდათანობით მოიხსნება, მაგრამ მძიმე გასტროენტერიტისას ხშირი გართულებაა დეჰიდრატაცია, რომელიც გვხვდება მაშინ, როდესაც სითხე იკარგება ღებინებით და ნაწლავთა გახშირებული მოქმედებით. როცა დეჰიდრატაციის ხარისხი მცირეა, ბავშვებს აქვთ წყურვილის შეგრძნება, მაგრამ მძიმე დეჰიდრატაციისას ბავშვები არიან მოდუნებულები, გაღიზიანებულები ან მივარდნილები (ლეთარგიულები). ჩვილებს უფრო ადვილად უვითარდებათ გაუწყლოება, ვიდრე უფროსი ასაკის ბავშვებს და აღინიშნება სერიოზული გვერდითი მოვლენები. დეჰიდრატირებული ბავშვი ტირის უცრემლოდ. უფროს ბავშვებს აქვთ შემცირებული შარდვა, პირის სიმშრალე და ძლიერი წყურვილი.

ექიმი გასტროენტერიტის დიაგნოზის დასმისას ეყრდნობა ბავშვის სიმპტომებსა და მშობლების მონათხრობს იმის შესახებ, თუ რასთან ჰქონდა ბავშვს შეხება. როგორც წესი, არ არის საჭირო დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარება, რადგან გასტროენტერიტი ძირითადად მცირე ხანს გრძელდება. თუმცა, ზოგადი ლაბორატორიული გამოკვლევები შეიძლება დაეხმაროს ექიმს გასტროენტერიტის მიზეზის პოვნაში.

პრევენცია

გასტროენტერიტის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა ბავშვებისთვის ხელების დაბანისკენ მითითება და არასწორად მომზადებული საკვების მიღებისგან თავის არიდების სწავლება. კარგი ზოგადი დებულებაა, რომ ცივი საკვები უნდა შევინახოთ ცივად და ცხელი საკვები ცხელ მდგომარეობაში. პამპერსის გამოსაცვლელი ადგილების დეზინფექცია უნდა მოხდეს ახალმომზადებული საყოფაცხოვრებო მათეთრებლით (1/4 ჩაის ჭიქა მათეთრებელი ზავდება 1 გალონ ანუ 3,7 ლიტრ წყალში).

როტავირუსის ინფექციის პრევენციისთვის ხელმისაწვდომია ვაქცინა. ამჟამინდელი როტავირუსის ვაქცინა არ არის დაკავშირებული ჩაჭედვასთან (სერიოზული პრობლემა ნაწლავის ნაწლავში ჩაჭედვა), რაც გვხვდებოდა წინა ვაქცინებისას. ახალშობილს ეძლევა როტავირუსის ვაქცინის სამი დოზა დასალევად 2, 4 და 6 თვის ასაკში.

ძუძუთი კვება არის გასტროენტერიტის პრევენციის სხვა მარტივი და ეფექტური ხერხი. დიარეის მქონე ბავშვები არ უნდა დაუბრუნდნენ საბავშვო ბაღებს მანამ, სანამ სიმპტომები არ გაქრება.

მშობლებს შეუძლიათ დეჰიდრატაციის პრევენცია ბავშვისთვის სითხეების ხშირად მიწოდებით, თუნდაც მცირე რაოდენობითაც.

მკურნალობა

როდესაც ბავშვს აქვს გასტროენტერიტი, მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ჰიდრატაციის სტატუსს. ბავშვები არიან დეჰიდრატირებულები და სჭირდებათ სამედიცინო მზრუნველობა, თუ:

  • ყიფლიბანდი თავის ქალაზე ჩაზნექილია;

  • თვალები ჩავარდნილია;

  • ტირიან უცრემლოდ;

  • აქვთ მშრალი პირი;

  • არ წარმოქმნიან საკმარისი რაოდენობის შარდს.

ბავშვებს უნდა დავაძალოთ, დალიონ სითხეები ხშირად და მცირე რაოდენობით. ჩვილებს უნდა გაუგრძელდეთ ძუძუთი კვება ან მიეცეთ ელექტროლიტებით მდიდარი სითხე (სარეჰიდრატაციო ელექტროლიტური ხსნარი ხელმისაწვდომია ფხვნილისა და სითხის სახით აფთიაქებში). წვენი, გაზიანი, კარბონატული სასმელები, ჩაი, სპორტული სასმელები და კოფეინის შემცველი სასმელები არ უნდა მიეცეთ ჩვილებსა და პატარა ბავშვებს. ეს სასმელები შეიცავენ ძალიან ბევრ შაქარს, რომელმაც შეიძლება გააუარესოს დიარეა, და – ძალიან ცოტა მარილს (ელექტროლიტს), რომელიც საჭიროა ორგანიზმიდან დაკარგულის ჩასანაცვლებლად. თუმცა უფროსი ბავშვებისთვის სპორტული სასმელები, შაქრის დაბალი შემცველობის გამო, სჯობს წვენებსა და გაზიან სასმელებს, მაგრამ მათში ელექტროლიტები მცირე რაოდენობითაა ელექტროლიტების ხსნართან შედარებით.

როცა ბავშვი აღებინებს, ხშირ-ხშირად მცირე რაოდენობით სითხის მიწოდება ეხმარება დეჰიდრატაციის პრევენციას. მშობლებმა უნდა შესთავაზონ ბავშვს სითხის მცირე ყლუპები. თუ სითხის დალევის შემდეგ პასუხად ღებინება არ განვითარდა, ყლუპებით სმა უნდა გაგრძელდეს ყოველ 10-15 წუთში, ერთი საათის შემდეგ მიცემული სითხის რაოდენობა იზრდება ერთი ან ორი უნციით (დაახლოებით, 30-60 გრამი) ან – რამდენსაც მიიღებს. უფრო დიდი მოცულობით სითხე შეიძლება მიეცეს უფრო დიდი შუალედებით, დაახლოებით ყოველ საათში ერთხელ. სითხეების შეწოვა ხდება ძალიან სწრაფად, ასე რომ, თუ ბავშვი აღებინებს დალევიდან 10 წუთის შემდეგ, სითხის უმეტესი ნაწილი უკვე შეწოვილია და კვლავ უნდა გაგრძელდეს მიწოდება. 24 საათში მიცემული სითხის რაოდენობა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, მაგრამ, როგორც წესი, საჭიროა 11/2 უნცია სითხე წონის ყოველ ფუნტზე (ანუ დაახლოებით, წონის ყოველ 450 გრამზე 45 მლ სითხე). თუ ღებინება და დიარეა შემცირდა, მშობლებმა უნდა სცადონ ნორმალური დიეტის განახლება შემდგომ დღეებში. ელექტროლიტებით კვება არ უნდა გაგრძელდეს 24 საათზე მეტხანს, რადგან ეს კვების დეფიციტს გამოიწვევს.

ბავშვები, რომელთაც აქვთ დიარეა, მაგრამ ღებინება ნაკლებად არის გამოხატული, იმყოფებიან ნორმალურ დიეტაზე და ეძლევათ დამატებითი სითხე დაკარგულის ასანაზღაურებლად. თუ დიარეა მძიმეა, უნდა შემცირდეს რძის პროდუქტების (რომელიც შეიცავს ლაქტოზას) მიღება. მძიმე გასტროენტერიტმა შეიძლება შეამციროს ბავშვის ნაწლავებში ლაქტოზის შეწოვის უნარი, რაც გაართულებს დიარეას.

ბავშვები, რომლებსაც არ შეუძლიათ სითხის ყლუპებით მიღებაც კი და აქვთ მძიმე დეჰიდრატაციის ნიშნები (როგორიცაა ლეთარგია, პირის სიმშრალე, უცრემლობა, არ გამოყოფენ შარდს 6 საათი და მეტი ხანი) არიან საფრთხეში და უნდა ინახონ დაუყოვნებლივ ექიმის მიერ. ბავშვები, რომელთაც არ აქვთ ეს ნიშნები, ექიმმა უნდა ნახოს, თუ სიმპტომები გრძელდება 1 ან 2 დღეზე მეტხანს. თუ დეჰიდრატაცია მძიმეა, ექიმი ნიშნავს ინტრავენურად სითხეების გადასხმას.

ანტიდიარეული წამლები, როგორიცაა ლოპერამიდი, როგორც წესი, არაა რეკომენდებული ბავშვებისთვის. თუმცა, მას შემდეგ, რაც გაირკვევა ღებინების მიზეზი, ექიმის დაკვირვების ქვეშ შეიძლება მიეცეთ გარკვეული წამლები (ონდანსეტრონი), რომლებიც ამცირებენ ან ხელს უშლიან გულისრევის შეგრძნებასა და ღებინებას. ანტიბიოტიკები არაეფექტურია ვირუსული ინფექციით გამოწვეული გასტროენტერიტის დროს. ექიმები ანტიბიოტიკებს ნიშნავენ მხოლოდ განსაზღვრული ბაქტერიების არსებობისას, რომლებზეც მოქმედებს ეს წამალი. ანტიპარაზიტული წამლები ენიშნებათ პარაზიტული ინფექციის დროს.