1. ჰიპერტროფიული პილოროსტენოზი
  2. საჭმლის მონელების დარღვევები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ჰიპერტროფიული პილოროსტენოზი

ჰიპერტროფიული პილოროსტენოზი არის კუჭის დაცლის ბლოკადა კუჭისა და ნაწლავის შეკავშირების ადგილას არსებული კუნთების ზედმეტი განვითარების (ჰიპერტროფია) გამო.

  • გაურკვეველი მიზეზების გამო, კუჭიდან გამოსასვლელი დაბლოკილია, რაც ხელს უშლის კუჭიდან საკვების გადასვლას ნაწლავში;

  • ჩვილები იკვებებიან კარგად, მაგრამ კვების შემდგომ აღებინებენ დიდი წნევით ("შადრევანისებრი" ღებინება);

  • დიაგნოზი დაფუძნებულია მუცლის ღრუს ექოსკოპიაზე;

  • როგორც წესი, პრობლემის მოგვარება ხდება მცირე ქირურგიული ჩარევით.

პილორუსი არის კუჭის წვრილი ნაწლავის (თორმეტგოჯას) დასაწყისთან შეერთების ადგილას არსებული კუნთოვანი სფინქტერი. ნორმაში, პილორუსი იკუმშება კუჭში საკვების შესანარჩუნებლად, რათა მოხდეს მონელება და შემდეგ დუნდება, რომ საკვები გადავიდეს ნაწლავში. ექიმებისთვის გაუგებარი მიზეზებით, პილორუსი ხანდახან იხურება, ხელს უშლის კუჭის შიგთავსის დაცლას. ეს ბლოკადა, როგორ წესი, ხდება სიცოცხლის პირველ ან მეორე თვეში და მეტი სიხშირით აქვთ ბიჭებს, განსაკუთრებით – პირმშო ვაჟებს. იშვიათად, ზოგიერთ მოზრდილ ბავშვსაც უვითარდება პილორული სტენოზი, რომელიც გამოწვეულია პეპტიკური წყლულით ან საკვებისმიერი ალერგიის მსგავსი იშვიათი დაავადებით (როგორიცაა ეოზინოფილური გასტროენტერიტი).

სიმპტომები და დიაგნოზი

პილორული სტენოზის მქონე ჩვილებს შივდებათ და იკვებებიან კარგად, თუმცა ძლიერად აღებინებენ ("შადრევანისებური" ღებინება), კვებიდან ცოტა ხანში. სხვა დაავადებით გამოწვეული ღებინებისგან განსხვავებით, პილოროსტენოზური ღებინების მიუხედავად, ბავშვები თავს კარგად გრძნობენ, ვიდრე არ განვითარდება მძიმე დეჰიდრატაცია და კვების დეფიციტი. რამდენიმე დღეში იწყება გაუწყლოება და წონა მკვეთრად ქვეითდება. ზოგიერთ პატარას უვითარდება სიყვითლე – კანი და სკლერები მოყვითალო შეფერილობისაა.

ექიმი ჩვილის მუცლის გასინჯვისას ხელით შეიგრძნობს პატარა სიმაგრეს (გადიდებული პილორუსი), რომელიც დაახლოებით ზეთისხილის ზომისაა. დიაგნოზის დასადასტურებლად ექიმი ატარებს მუცლის ღრუს ექოსკოპიას.

მკურნალობა

დეჰიდრატაციისას ინტრავენურად ინიშნება სითხეების გადასხმა. შემდგომ ქირურგი კვეთს გასქელებულ კუნთს, რათა საშუალება მისცეს საკვებს ან დედის რძეს, ჩავიდეს წვრილ ნაწლავში უფრო ადვილად. ეს ქირურგიული ჩარევა საკმაოდ უმნიშვნელოა და ჩვილების უმეტესობას შეუძლია კვების დაწყება პროცედურის ჩატარების დღესვე.