აპენდიციტი (საჭმლის მონელების დარღვევები) | მკურნალი.გე
  1. აპენდიციტი (საჭმლის მონელების დარღვევები)
  2. საჭმლის მონელების დარღვევები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
აპენდიციტი (საჭმლის მონელების დარღვევები)

აპენდიციტი არის აპენდიქსის (ჭიანაწლავის) ანთება და ინფექცია.

  • აპენდიციტი, როგორც ჩანს, მაშინ ვითარდება, როდესაც ჭიანაწლავი დაიხშობა მკვრივი განავლოვანი მასით (ეწოდება ფეკალიტი) ან ნაწლავის გადიდებული ლიმფური კვანძით, რაც სხვადასხვა ინფექციის დროს გვხვდება;

  • ჭიანაწლავის არეში ან მთელ მუცელში ტკივილის გამო ბავშვი აგზნებული ან მივარდნილია;

  • დიაგნოზის დასმა ძნელია და შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის გამოკვლევა, რენტგენოგრაფია, ულტრასონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია ან ლაპაროსკოპია;

  • დაინფიცირებული ჭიანაწლავი მოიკვეთება ქირურგიულად.

ჭიანაწლავი ბრმანაწლავის ნეკა თითის ზომის დანამატია, რომელსაც არ აქვს არსებითი ფუნქცია ორგანიზმში. აპენდიციტი არის სამედიცინო გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. ეს დარღვევა იშვიათია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, მაგრამ ხშირდება ასაკის მატების კვალდაკვალ და ყველაზე ხშირად მოზარდებსა და 20 წლის ახალგაზრდებში გვხვდება.

აპენდიციტი, როგორც ჩანს, ვითარდება, ჭიანაწლავი დაიხშობა მკვრივი განავლოვანი მასით (ფეკალიტი) ან ნაწლავის გადიდებული ლიმფური კვანძით, რაც სხვადასხვა ინფექციის დროს გვხვდება. ჭიანაწლავი შეშუპდება და მასში ბაქტერიები მრავლდება. იშვიათად, აპენდიციტი შეიძლება აგრეთვე გამოიწვიონ უცხო სხეულებმა და ჭიებმა. თუ აპენდიციტის ამოცნობა და მკურნალობა დროულად ვერ მოხერხდა, შეიძლება განვითარდეს მისი რუპტურა (გახეთქვა), წარმოიქმნას ინფექციის ჯიბე ნაწლავის გარეთ (აბსცესი) ან ჩაიღვაროს ნაწლავის შიგთავსი მუცლის ღრუში და გამოიწვიოს სერიოზული ინფექცია – პერიტონიტი. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ აპენდიციტის მქონე ბავშვების 25%-ს საავადმყოფოში მიყვანისას ჭიანაწლავი უკვე გახეთქილი აქვს.

სიმპტომები და დიაგნოზი

აპენდიციტი თითქმის ყოველთვის იწვევს ტკივილს. ტკივილი შეიძლება დაიწყოს მუცლის შუა ნაწილიდან, ჭიპიდან, და თანდათანობით გადაინაცვლოს მუცლის ქვედა მარჯვენა ნაწილში. ტკივილი ჩვილებსა და ბავშვებში შეიძლება მთელ მუცელში გავრცელდეს. პატარა ბავშვებს ნაკლებად შეუძლიათ ტკივილის ლოკალიციზაციის ჩვენება. ტკივილის დაწყების შემდეგ ბევრ ბავშვს უვითარდება ღებინება და პატარა უარს ამბობს ჭამაზე. ხშირი სიმპტომია დაბალი ცხელება (100-101ºF [37.7-38.3ºC]). ასეთი მიმდინარეობით აპენდიციტი განსხვავდება ვირუსული გასტროენტერიტისგან, რომლის დროსაც თავდაპირველად ვითარდება ღებინება და ტკივილი, დიარეა კი – მოგვიანებით.

ბავშვებში აპენდიციტის დიაგნოსტირება რთულია სხვადასხვა მიზეზის გამო. ბევრი დაავადება იწვევს მსგავს სიმპტომებს, მაგალითად, ვირუსული გასტროენტერიტი, მეკელის დივერტიკული ჩაჭედვა და კრონის დაავადება. ხშირად, ბავშვებს არ აღენიშნებათ ტიპური სიმპტომები და ფიზიკური გასინჯვის მონაცემები, განსაკუთრებით, თუკი ჭიანაწლავს აქვს უჩვეულო მდებარეობა – მუცლის მარჯვენა ქვედა ნაწილში.

ექიმები აპენდიციტზე ეჭვის დროს, როგორც წესი, ნიშნავენ სითხეებსა და ანტიბიოტიკებს ინტრავენურად – სისხლისა და რენტგენის პასუხებამდე. კეთდება ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ან ლაპაროსკოპია მუცლის დასათვალიერებლად. განმეორებითი ფიზიკური გამოკვლევა, განსაკუთრებით იმ ბავშვების, რომელთაც აპენდიციტისათვის არადამახასიათებელი ხასიათის ტკივილი აღენიშნებათ, შეიძლება დაეხმაროს ექიმს აპენდიციტის საბოლოო დიაგნოსტირებაში.

მკურნალობა

აპენდიციტის მკურნალობის საუკეთესო გზაა ანთებითი ჭიანაწლავის ქირურგიული მოშორება (აპენდექტომია). აპენდექტომია საკმაოდ მარტივი და უსაფრთხოა, გაურთულებელი შემთხვევისას საჭიროებს საავადმყოფოში 2-3-დღიან დაყოვნებას. თუ ჭიანაწლავი გასკდა, ექიმებმა უნდა ამოკვეთონ და გამორეცხონ მუცლის ღრუ სითხით, დაუნიშნონ ანტიბიოტიკები რამდენიმე დღით და დააკვირდნენ გართულებების განვითარებას, როგორიცაა ინფექცია და ნაწლავის ბლოკადა. დაახლოებით 10-20% შემთხვევაში ქირურგი აღმოაჩენს ნორმალურ ჭიანაწლავს აპენდექტომიის ჩატარებისას. ეს არ ითვლება სამედიცინო შეცდომად, რადგან აპენდიციტის შემთხვევაში ოპერაციის დაგვიანება უფრო სერიოზულია. როდესაც ჭიანაწლავი ნორმალურია, ქირურგი ეძებს მუცლის ღრუში ტკივილის სხვა მიზეზს. ექიმი ძირითადად კვეთს ნორმალურ ჭიანაწლავს, შედეგად ბავშვს აღარასდროს განუვითარდება აპენდიციტი. ოპერაციის ან ანტიბიოტიკების გარეშე აპენდიციტის შემთხვევათა 50%-ზე მეტი ლეტალურად სრულდება.