მეკელის დივერტიკული | მკურნალი.გე
  1. მეკელის დივერტიკული
  2. საჭმლის მონელების დარღვევები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
მეკელის დივერტიკული

მეკელის დივერტიკული არის ტომრის მსგავსი გამობერილობა წვრილი ნაწლავის კედელზე, რომელიც ზოგიერთ ბავშვს დაბადებისას აღენიშნება.

  • ბავშვების უმეტესობას არ აქვთ სიმპტომები, მაგრამ ზოგჯერ ვითარდება უმტკივნეულო რექტალური სისხლდენები ან დივერტიკული ინფიცირდება;

  • ექიმების დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებზე, რადიონუკლიდური სკანირებისა და ხანდახან ექოსკოპიის შედეგებზე;

  • ქირურგიულად უნდა მოშორდეს სისხლმდენი დივერტიკული ან სიმპტომების გამომწვევი სხვა მიზეზი.

ჩვილების დაახლოებით 3% იბადება მეკელის დივერტიკულით. ხალხმა შეიძლება იცხოვროს მთელი ცხოვრება ისე, რომ არც იცოდეს მათი არსებობის შესახებ, მაგრამ იშვიათად პათოლოგია იწვევს პრობლემებს.

შემთხვევათა ნახევარში დივერტიკული შეიცავს კუჭის, პანკრეასის ან ორივეს ქსოვილს. დივერტიკულში კუჭის ქსოვილმა შეიძლება გამოყოს მჟავა, ისევე, როგორც კუჭი გამოყოფს. ამ მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს წყლულები და ახლომდებარე ნაწლავიდან სისხლდენები. მეკელის დივერტიკული ზოგჯერ ინფიცირდება (დივერტიკულიტი) ან ჩაჭედვას იწვევს. მძიმე მეკელის დივერტიკული შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ მეტად ავადდებიან უფროსი ბავშვები.

სიმპტომები და დიაგნოზი

მეკელის დივერტიკულის მქონე ბავშვების უმეტესობას არ აქვს სიმპტომები და ბევრი მოზრდილი იგებს მის არსებობას მხოლოდ მაშინ, როდესაც ქირურგები ატარებენ ოპერაციას სხვა მიზეზით. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მთავარი სიმპტომია უმტკივნეულო რექტალური სისხლდენა წვრილი ნაწლავის წყლულიდან, რომელიც წარმოიქმნება დივერტიკულიდან მჟავას სეკრეციის შედეგად. სისხლდენის გამო, განავალი შეიძლება იყოს ღია ან მუქი წითელი ან მოცხარის ჟელეს ფერი, რადგან სისხლი ერევა ლორწოს. ხანდახან განავალი არის შავი, სისხლის დაშლის შედეგად. მხოლოდ იშვიათად სისხლდენა იმდენად მძიმეა, რომ ბავშვი საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას.

მეკელის დივერტიკულისგან გამოწვეული დივერტიკულიტი იწვევს ძლიერ ტკივილს, მუცლის დაჭიმულობას და ღებინებას და ადვილად ერევათ აპენდიციტში.

ხშირად ძნელია მეკელის დივერტიკულის დიაგნოსტირება. სისხლის გამოკვლევები, რენტგენოგრამა, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და ბარიუმის ფაფის ოყნა დიაგნოსტირებაში ვერ გვეხმარება. საუკეთესოა გამოსახულებითი კვლევა, რომელსაც ეწოდება მეკელის რადიონუკლიდური სკანირება, რომლის დროსაც მცირე რაოდენობით ვენაში (ინტრავენურად) კეთდება უსაფრთხო რადიოაქტიური ნივთიერება. იგი ამოიცნობა დივერტიკულის უჯრედების მიერ, რისი ვიზუალიზაციაც შესაძლებელია შემდგომში რადიაციის მიმართ სენსიტიური კამერით.

მკურნალობა

დივერტიკული, რომელიც არ იწვევს სიმპტომებს, არ საჭიროებს მკურნალობას. სისხლმდენი დივერტიკული ან ის, რომელიც იწვევს სიმპტომებს, უნდა მოიკვეთოს ქირურგიულად. თუ ბავშვს აღმოაჩნდება მეკელის დივერტიკული სხვა მიზნით ჩატარებული ოპერაციის დროს, მას მაინც აშორებენ სამომავლო გართულებების პრევენციის მიზნით.