1. კრიპტოკოკოზი
  2. სოკოვანი ინფექციები
  3. ინფექციები
კრიპტოკოკოზი

კრიპტოკოკოზი არის ინფექცია, რომელსაც იწვევს Cryptococcus neoformans.

  • ადამიანებს შეიძლება არ გამოუვლინდეთ სიმპტომები ან აღენიშნებოდეთ თავის ტკივილი, ცნობიერების დარღვევა, ხველება და/ან გულმკერდის ტკივილი ან გამონაყარი იმის მიხედვით, თუ რა ადგილას არის ინფექცია;

  • დიაგნოზი ეფუძნება ქსოვილისა და სითხის ნიმუშების დათესვის ან გამოკვლევის შედეგებს;

  • ანტიფუნგური პრეპარატები ინიშნება დასალევად ან, მძიმე შემთხვევებში, ინტრავენურად.

Cryptococcus პირველად ჩნდება ნიადაგში, რომელიც დაბინძურებულია გოჭების ექსკრემენტებით. სოკოები არსებობენ მთელ მსოფლიოში, მაგრამ ინფექცია ადრე, ვიდრე შიდსის ეპიდემია დაიწყებოდა, იშვიათი იყო. ზოგჯერ სოკოებით ინფიცირდებიან ჰოჯკინის ლიმფომით ან სარკოიზოდით დაავადებული ადამიანები ან ისინი, რომლებსაც ხანგრძლივად უტარდებოდათ კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა. თუმცა, კრიპტოკოკოზი შეიძლება ასევე განვითარდეს იმ ადამიანებშიც, რომლებსაც ნორმალური იმუნური სისტემა აქვთ.

კრიპტოკოკოზი ძირითადად ვითარდება შემდეგ ადგილებში:

  • თავის და ზურგის ტვინის მფარავ ქსოვილებში (მენინგეს), რასაც შედეგად მენინგიტის განვითარება მოჰყვება

  • ფილტვებში

  • კანში

სიმპტომები და დიაგნოზი

კრიპტოკოკოზი ჩვეულებრივ იწვევს მსუბუქ და გაურკვეველ სიმპტომებს. სხვა სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ სად არის განვითარებული ინფექცია.

  • მენინგიტი: თავის ტკივილი და ცნობიერების დარღვევა

  • ფილტვების ინფექცია: ზოგიერთ ადამიანს სიმპტომები არ აღენიშნება, სხვებს შეიძლება დაეწყოს ხველა და ტკივილი გულმკერდის არეში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია მძიმეა, ვითარდება სუნთქვის გაძნელება

  • კანის ინფექცია: გამონაყარი, რომელიც მოიცავს ბუშტუკებს (ზოგჯერ ჩირქით სავსეს) და ღია იარებს

ინფექციის სადიაგნოსტიკოდ ექიმი იღებს ქსოვილს და სითხეს დასათესად და გამოსაკვლევად. სისხლის და ზურგის ტვინის სითხე შეიძლება გამოკვლეული იყოს Cryptococcus-ის მიერ გამოყოფილი გარკვეული ნივთიერების გამოსავლენად.

მკურნალობა

ნორმალური იმუნური სისტემის ადამიანებს, რომლებსაც კრიპტოკოკოზი აღენიშნებათ ფილტვების მხოლოდ მცირე ნაწილში, მკურნალობა არ ესაჭიროებათ. თუმცა, ფილტვების ინფექციის მქონე ადამიანებს ხშირად უტარდებათ მკურნალობა ფლუკონაზოლის დალევით, რათა შემცირდეს დაავადების ხანგრძლივობა. მენინგიტების შემთხვევებში ინიშნება ამფოტერიცინ B და ფლუციტოზინი ინტრავენურად და შემდეგ მკურნალობა გრძელდება ფლუკონაზოლით, რომელიც ორალურად მიიღება. კანის ინფექციისათვის ადამიანები, ჩვეულებრივ, იღებენ ფლუკონაზოლს დასალევად ან, თუ ინფექცია მძიმეა, ამფოტერიცინ B– ინტრავენურად.

დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს შეიძლება მიეცეთ ფლუკონაზოლი, ამფოტერიცინ B, ზოგჯერ ფლუციტოზინი ან მათი კომბინაცია. თუ შიდსით დაავადებულ ავადმყოფებს განუვითარდათკრიპტოკოკოზი, მათ ანტიფუნგური მედიკამენტებით მკურნალობა დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში ესაჭიროებათ. თუმცა, შეიძლება შეუჩერდეთ ანტიფუნგური მედიკამენტების მიღება, თუ მათი CD4-ის რაოდენობა (სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი სახეობა) მატულობს ან საკმაოდ მაღალ დონეზე რჩება 6 თვის განმავლობაში.