1. ყაბზობა
  2. საჭმლის მონელების დარღვევები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ყაბზობა

ყაბზობა გულისხმობს დაგვიანებულ ან გაძნელებულ ნაწლავთა მოქმედებას ან განავლის გამაგრებასა და გამსხვილებას.

  • ყაბზობა არის არასწორი ქცევის ან რაციონში სითხისა და ბოჭკოს დეფიციტის შედეგი;

  • მაგარმა და დიდმა განავალმა შეიძლება გამოიწვიოს მუცლის არეში დისკომფორტი და ანუსის გახეთქვა;

  • საკვებში სითხისა და ბოჭკოს რაოდენობის გაზრდა, ქცევის შეცვლა და ხანდახან ოყნები და საფაღარათოები ამცირებენ დისკომფორტს.

მშობლები ხშირად წუხან ბავშვის კუჭში გაუსვლელობაზე. თუმცა, ყაბზობა უმეტეს შემთხვევაში არ იწვევს სერიოზული შედეგებს და საყურადღებოა მხოლოდ მაშინ, როცა ნაწლავთა მოქმედება მტკივნეული ხდება და იწვევს შემდგომში ნაწლავთა მოქმედების შეკავებას, ან როდესაც ყაბზობას სხვა სიმპტომები ახლავს თან.

ნაწლავთა მოქმედების სიხშირე და კონსისტენცია ცვალებადია ბავშვობის განმავლობაში და არ არსებობს "ნორმა" – რაიმე ერთი სიხშირე და განავლის ტიპი. ახალშობილ ჩვილებს ნაწლავთა მოქმედება ძირითადად აქვთ ოთხჯერ დღეში ან უფრო ხშირად, ყვითელი და არაერთგვაროვანი განავლით. ძუძუზე მყოფ ჩვილებს ნაწლავთა მოქმედება უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებს და დეფეკაცია შეიძლება იყოს ყოველი ძუძუთი კვების შემდგომ. ერთი ან ორი თვის ასაკში ძუძუზე მყოფ ჩვილებში დეფეკაციის სიხშირე უფრო იკლებს, მაგრამ განავალი რბილი ან თხელია. 1 წლის ასაკის შემდგომ, ბავშვების უმეტესობას ნაწლავთა მოქმედება აქვს დღეში ერთხელ ან ორჯერ, რბილი და ფორმირებული განავლით.

უფროსი ასაკის ბავშვებში, ყაბზობა განისაზღვრება როგორც დეფეკაცია მაგარი განავლით, რომელიც იწვევს დისკომფორტს. ძალიან ხშირად მისი მიზეზია საკვებში ბოჭკოს დეფიციტი. მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს, რადგან ნაწლავთა მოქმედებით გამოწვეული დისკომფორტის გამო ბავშვი თავს იკავებს მომდევნო დეფეკაციისგან.

ყაბზობა ძალიან ხშირია ბავშვებში. თუმცა იგი იშვითად არის გამოწვეული სერიოზული პრობლემით. თუ ბავშვს არ აქვს დეფეკაცია ყოველდღე ან ყოველ მომდევნო დღეს, განავალი მკვრივია, ან დიდი ზომის, ან აქვს დისკომფორტი, ბავშვი უნდა გასინჯოს ექიმმა. ქრონიკულ ყაბზობას შეიძლება ხელს უწყობდეს საშარდე გზების პრობლემები, როგორიცაა საშარდე გზების ინფექციები და ღამის შარდვა (ენურეზი).

მიზეზები

ხშირ შემთხვევაში ყაბზობის გამომწვევია კვებითი და ქცევითი საკითხები. ხშირად, ბავშვის საკვები რაციონი შეიცავს არასაკმარისი რაოდენობით სითხეს და ბოჭკოს (ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულს). სითხისა და ბოჭკოს ნაკლებობა ასქელებს განავალს და აძნელებს დეფეკაციას. მსგავსი განავალი იწვევს დისკომფორტს მუცელში, ანალურ ტკივილს დეფეკაციისას ან ორივეს ერთად. აგრეთვე, მსხვილი დიდი განავლის გამოსვლამ კუჭში გასვლისას შეიძლება გამოიწვიოს ანუსის გახევა და განვითარდეს ანალური ნახეთქი, რომელიც მტკივნეულია და განავალზე ან ტუალეტის ქაღალდზე ღია წითელი სისხლის ზოლები ახასიათებს. ამ სიმპტომების გამო ან იმიტომ, რომ ბავშვს არ სურს დაუთმოს დრო კუჭის მოქმედებას, ბავშვები უარს ამბობენ დეფეკაციაზე და უმუშავდებათ განავლის შეკავების ქცევა. თუ განავლის შეკავების ქცევა გრძელდება, ყაბზობა უარესდება, ხანდახან ირთვება მანკიერი წრე. როდესაც დიდი რაოდენობით მაგარი განავალი (განავლის დახშობა) ავსებს სწორ ნაწლავს, იგი შეიძლება გაიზარდოს ზომაში, რაც ამცირებს დეფეკაციის სურვილის გრძნობას. გამაგრებული განავლის ზემოთ არსებული თხელი განავალი ჟონავს ფეკალური მასის გარშემო ბავშვის საცვლებზე, რის გამოც მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვს აქვს ფაღარათი, როდესაც აქტუალური პრობლემა ყაბზობაა.

ყაბზობა, რომელიც არსებობს დაბადებიდან და ყაბზობა, რომელიც არ ემორჩილება მკურნალობას, საეჭვოს ხდის ფიზიკურ დეფექტს, როგორიცაა ჰირშპრუნგის დაავადება.

მკურნალობა

მსუბუქი ყაბზობის მკურნალობა შეიძლება საკვებ რაციონში ბოჭკოს გაზრდით და კარგი ჰიდრატაციით. თუ ბავშვი არ დაიცავს ბოჭკოვან დიეტას, ეძლევა ბოჭკოვანი დანამატები (ფსილიუმი).

მნიშვნელოვანია ქცევითი მოდიფიკაცია. საკვების მიღების შემდეგ, ორგანიზმს აქვს ნაწლავთა მოქმედების რეფლექსი. ამას ეწოდება გასტრო-კოლიკური რეფლექსი. ხშირად, ბავშვი აიგნორებს ამ რეფლექსიდან წამოსულ სიგნალებს და ნაწლავთა მოქმედებას აიშვიათებს. ეს ხელს უწყობს განავლის გამაგრებას და შემდგომში ყაბზობის განვითარებას. ქცევითი მოდიფიკაციის ტექნიკა ამ რეფლექსს იყენებს. ტუალეტში ბავშვის დაყოვნება კვების შემდეგ 5-10 წუთის განმავლობაში ეხმარება საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, განუვითარდეს ტუალეტის რუტინა და აღდგეს რეგულარული დეფეკაცია.

თუ ყაბზობა არ ექვემდებარება დიეტასა და ქცევით მოდიფიკაციას, ექიმი რეკომენდაციას უწევს გარკვეულ წამლებს, რომლებიც ეხმარება განავლის დარბილებას და ზრდის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სპონტანურ მოძრაობებს. ასეთი წამლებია სენა, მაგნიუმის ჰიდროქსიდი და პოლიეთილენ გლიკოლი.

ნაზი გამწმენდი ოყნა წარმოადგენს ერთ-ერთ არჩევანს განავლის შეკავების მქონე ბავშვებისთვის. თუმცა მას უნდა მივმართოთ იშვიათად და ექიმის მითითებით.