ქრონიკული და მორეციდივე მუცლის ტკივილი | მკურნალი.გე
  1. ქრონიკული და მორეციდივე მუცლის ტკივილი
  2. საჭმლის მონელების დარღვევები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ქრონიკული და მორეციდივე მუცლის ტკივილი

ქრონიკული და მორეციდივე მუცლის ტკივილი გრძელდება 3 თვეზე მეტხანს და გავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრებაზე.

  • მიზეზი შეიძლება იყოს შფოთვა და სხვა ფსიქოლოგიური დარღვევები, მაგრამ აგრეთვე შეიძლება იწვევდეს ფიზიკური დარღვევა;

  • ყველაზე ხშირია ფუნქციური მუცლის ტკივილი, არაა მკაფიო ლოკალიზაციის და ძირითადად მდებარეობს ჭიპის გარშემო ან მაღლა;

  • დიაგნოზი დაფუძნებულია სიმპტომებსა და ფიზიკურ შეფასებაზე;

  • 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომელთაც აქვთ ტკივილი და რომლებიც იკლებენ წონაში, აქვთ სისხლდენა ან მძიმე ღებინება ან დიარეა, მიზეზი ძირითადად ფიზიკური დარღვევაა;

  • ტარდება მკურნალობა ფიზიკური მიზეზების აღმოსაფხვრელად ან ღონისძიებები, რომლებიც ამცირებენ ფსიქოლოგიურ სტრესს.

ქრონიკული ან მორეციდივე მუცლის ტკივილი გხვდება 5-16 წლის ბავშვების დაახლოებით 10-15%-ში, განსაკუთრებით 8-იდან 12 წლამდე პერიოდში. ძალიან იშვიათია 5 წლამდე ბავშვებში და უფრო ხშირია გოგონებში.

მიზეზები

არსებობს მუცლის ტკივილის 100-ზე მეტი სხვადასხვა მიზეზი, მაგრამ ყველაზე ხშირია ფუნქციური ტკივილი, რძის პროდუქტების (ლაქტოზის) აუტანლობა, ყაბზობა და გასტროეზოფაგური რეფლუქსი.

ფუნქციური ტკივილი: ფუნქციური ტკივილი – ნამდვილი ტკივილია, რომელიც ძირითადად სტრესსა და შფოთვას (პრობლემები სკოლაში, სახლში, მეგობრებთან) უკავშირდება და არა ფიზიკურ დარღვევებს. იგი დაძაბვის თავის ტკივილის მსგავსია. დაძაბვის თავის ტკივილისას ტკივილი რეალურია, მაგრამ არ არსებობს ფონური პრობლემა, როგორიცაა თავის ტვინის სიმსივნე ან ინსულტი. თავის ტკივილი არის ორგანიზმის რეაქცია სტრესზე. დაძაბვის თავის ტკივილის ნაცვლად, ბავშვები მიდრეკილები არიან დაძაბვის მუცლის ტკივილისაკენ. ტკივილი შეიძლება იყოს მძიმე და, როგორც წესი, ცვლის ბავშვის ცხოვრებას. მაგალითად, ბავშვები, რომელთაც აქვთ დიდი სტრესი სკოლაში, ხშირად აცდენენ. ფუნქციური მუცლის ტკივილის ზუსტი მექანიზმი უცნობია, მაგრამ ბევრი ექიმი ფიქრობს, რომ იგი ვითარდება მაშინ, როდესაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნერვი ხდება ჰიპერმგრძნობიარე გამღიზიანებლისადმი (როგორიცაა ნაწლავის შეკუმშვა ან გაფართოება), რასაც სხვა ადამიანები არ თვლიან არაკომფორტულად. თუ რატომ არიან ეს ნერვები ჰიპერმგრძნობიარე, უცნობია, მაგრამ შეიძლება გავლენა იქონიოს წინმსწრებმა ინფექციამ ან ალერგიამ. გენეტიკურმა ფაქტორებმა, ცხოვრების სტრესებმა და ბავშვის პიროვნულობამ, სოციალურმა სიტუაციამ და ნებისმიერმა მენტალურმა დარღვევამ (როგორიცაა დეპრესია ან შფოთვა) შეიძლება ხელი შეუწყოს ფუნქციური ტკივილის განვითარებას.

ლაქტოზის აუტანლობა: ლაქტოზა არის რძისა და მისი პროდუქტების ძირითადი შაქარი. ლაქტაზა არის ფერმენტი, რომელიც ლაქტოზის დაშლისთვისაა საჭირო. ბავშვები, რომელთაც არ აქვთ ლაქტაზა, ვერ ინელებენ და შეიწოვენ ლაქტოზას, რაც იწვევს დიარეასა და მუცლის მოვლითი სახის ტკივილებს.

ყაბზობა: ბავშვებს, რომლებიც მოიხმარენ არასაკმარისი რაოდენობის სითხეს ან ბოჭკოს, ხშირად აღენიშნებათ ყაბზობა. სითხისა და ბოჭკოს ნაკლებობა ასქელებს განავალს და აძნელებს მის გამოყოფას. ამგვარი განავალი იწვევს მუცლის არეში დისკომფორტს, ტკივილს დეფეკაციისას ან ორივეს ერთად.

გასტროეზოფაგური რეფლუქსი: დარღვევა, რომელიც გამოწვეულია კუჭიდან საკვებისა და მჟავას საყლაპავში და ხანდახან პირის ღრუსკენ მოძრაობით, ეწოდება გასტროეზოფაგური რეფლუქსი. რეფლუქსმა შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, გულძმარვა და გულისრევის შეგრძნება.

სიმპტომები

სიმპტომები დამოკიდებულია ტკივილის მიზეზზე.

ფუნქციური ტკივილი: ფუნქციური მუცლის ტკივილის მქონე ბავშვებს ტკივილი მკაფიოდ არ გამოეხატებათ და ლოკალიზებულია ჭიპის ირგვლივ და ზემოთ. ტკივილი, რაც უფრო დაშორებულია ჭიპს, უფრო ნაკლებადაა ფუნქციური ტკივილი. ინტენსივობა მერყეობს მსუბუქიდან მძიმემდე. ტკივილი ყველაზე ხშირად გრძელდება წუთებიდან რამდენიმე საათამდე, მაგრამ ბავშვების 10%-ს უგრძელდება მთელი დღე. არ არსებობს სტრესსა და შფოთზე მეტად აშკარა ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია ტკივილთან, და ტკივილი იშვიათად აღვიძებს ბავშვს ღამით. თუ სკოლაა მთავარი პრობლემა, ტკივილი ხშირად უფრო მძიმეა კვირის დღეებში და მცირდება შაბათ-კვირას და არდადეგებზე.

ფუნქციური მუცლის ტკივილის მქონე ბავშვები შეიძლება იყვნენ მოუმწიფებელი, მშობლებზე უჩვეულოდ დამოკიდებული, ჰქონდეთ შფოთვა და დეპრესია, მღელვარება, დაძაბულობა და საკუთარი ქმედებების მკაცრი შეფასება. ხშირად მშობლები ბავშვს უყურებენ, როგორც განსაკუთრებულს ოჯახში რაღაც მდგომარეობის გამო (მაგალითად, დედისერთა, ყველაზე პატარა, მხოლოდ ერთი ბიჭი ან გოგო სხვა ბევრ დედ-მამიშვილს შორის) ან რადგან აქვს რაიმე სამედიცინო პრობლემა.

ლაქტოზის აუტანლობა: ლაქტოზის აუტანლობის მქონე ბავშვებს ძირითადად აქვთ ფუნქციური მუცლის ტკივილის მსგავსი ტკივილი, თუმცა მშობლები ამჩნევენ, რომ იგი ვითარდება რძის პროდუქტების მოხმარების შემდგომ. ბავშვი გადის დიდი რაოდენობით გაზებზე (ფლატუსი). გაზებზე გასვლა ან დეფეკაცია ამცირებს ტკივილს. მიუხედავად ამისა, ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს ნაწლავთა მოქმედებამდე.

ყაბზობა: ბავშვებს, რომელთა ტკივილიც გამოწვეულია ქრონიკული ყაბზობით, აქვთ ხშირი კოლიკის მსგავსი ტკივილი და მდებარეობს მუცლის ქვედა ნაწილში. ტკივილი მცირდება დეფეკაციის შემდგომ.

გასტროეზოფაგური რეფლუქსი: გასტროეზოფაგური რეფლუქსის მქონე ბავშვების ტკივილი ძირითადად უარესდება კვების შემდგომ (რეფლუქსისათვის ჩვეული დრო). უფროს ბავშვებს აქვთ წვის მსგავსი ტკივილი, მაგრამ პატარა ბავშვებში იგი გაურკვეველია. მოზარდები გრძნობენ გასტროეზოფაგური რეფლუქსის ტკივილს ზუსტად ნეკნების ქვეშ, ჭიპის მაღლა ან გარშემო. მოზარდები მეტად კარგად აღწერენ კლასიკური გულძმარვის ტკივილს.

დიაგნოზი

სიმპტომები და ფიზიკური შეფასება ეხმარება ექიმს მიზეზის ძიებაში და საჭირო გამოკვლევის არჩევაში, იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭიროა. ტიპური ფუნქციური მუცლის ტკივილის ჩივილების მქონე ბავშვებს არ სჭირდებათ კვლევები. ზოგიერთი ნიშანი ფუნქიური მუცლის ტკივილის დიაგნოზს საეჭვოს ხდის. ეს ნიშნებია წონაში კლება, სისხლდენა, ღებინება ან დიარეა და 5 წლამდე ასაკი. თუ გვაქვს ეს ფაქტორები ან მიზეზი უცნობია, ექიმები ძირითადად ატარებენ სისხლისა და შარდის საერთო ანალიზს. აგრეთვე ტარდება ლაქტოზის აუტანლობის ტესტი (ძირითადად სუნთქვის ტესტთან ერთად) და ცელიაკიის სადიაგნოსტიკო სპეციფიკური სისხლის ანალიზი. საჭიროების შემთხვევაში კეთდება რენტგენოგრამა, ზედა ენდოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) და კოლონოსკოპია.

მკურნალობა

ტარდება მორეციდივე მუცლის ტკივილის ფიზიკური მიზეზების მკურნალობა. როდესაც ვერ ხერხდება ბავშვის სიმპტომების ფიზიკური გამომწვევის პოვნა, ექიმი ეჭვობს ფსიქოლოგიურ მიზეზზე.

როდესაც მიზეზია ფუნქციური ტკივილი, მშობლები ხშირად შიშობენ, რომ ეს რაიმე სერიოზულია. ექიმმა უნდა დაარწმუნოს ისინი, რომ ტკივილი რეალურია, მაგრამ არაა სერიოზული. ბავშვის ტკივილი უნდა იქნეს აღიარებული მშობლების და ექიმის მიერაც, რაც იწვევს ბავშვის მხრიდან ნდობის ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვანია ექიმის რეგულარული მეთვალყურეობა და შეიძლება საჭირო გახდეს ხშირი ვიზიტები.

ტკივილის სიმპტომების მკურნალობა ხდება აცეტამინოფენით ან სუსტი ანალგეტიკებით. მდგომარეობას აუმჯობესებს ბოჭკოთი მდიდარი დიეტა და ბოჭკოვანი დანამატები. გამოცდილია მრავალი წამალი სხვადასხვა წარმატებით, ანტისპაზმური საშუალებების, პიტნის ზეთის, ციპროჰეპტადინისა და მჟავიანობის დამწევი წამლების ჩათვლით.

ბავშვები უნდა წავახალისოთ, რომ, ტკივილის მიუხედავად, შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები, ძირითადად სკოლაში დასწრება. თუ ტკივილი დაკავშირებულია სკოლასთან დაკავშირებულ შფოთვასთან, მაშინ სკოლის გაცდენამ შეიძლება გააძლიეროს იგი და პრობლემა დაამძიმოს. სტრესის ან შფოთვის სხვა წყაროები უნდა მოგვარდეს შეძლებისდაგვარად. თუ შფოთვის მიზეზი არაა აღმოფხვრილი, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ანტიდეპრესანტი ან შფოთვის საწინააღმდეგო წამლები. თუ ბავშვს აღენიშნება მძიმე დეპრესია ან აქვს ფსიქოლოგიური და მენტალური პრობლემები, გონივრული იქნება ფსიქოლოგთან კონსულტაცია.

ბავშვებზე დამატებითი ყურადღების მიქცევამ ტკივილის გამო, შეიძლება უფრო გააძლიეროს ნებისმიერი არასასურველი ქცევა. ამის ნაცვლად, უნდა მოხდეს ბავშვების შექება და ყურადღების გამახვილება მაშინ, როდესაც არ აქვთ ტკივილი. მაგალითად, იმ დღეს, როდესაც ბავშვებს არ ექნებათ მუცლის ტკივილი, ისინი გაატარებენ განსაკუთრებულ დროს ორივე ან ერთ-ერთ მშობელთან.