კრუნჩხვები | მკურნალი.გე
  1. კრუნჩხვები
  2. ნევროლოგიური დარღვევები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
კრუნჩხვები

კრუნჩხვები არის ტვინის ელექტრული აქტივობის პერიოდული დარღვევები, რაც ტვინის გარკვეული ხარისხით დისფუნქციას იწვევს.

კრუნჩხვები არის შედეგი ნერვული უჯრედებიდან არანორმალური, არარეგულირებადი იმპულსების გადაცემისა თავის ტვინში ან მის რომელიმე ნაწილში. ამ დროს შეიძლება განვითარდეს ცნობიერების დათრგუნვა ან არაბუნებრივი შეგრძნებები, უნებლიე მოძრაობები და კონვულსიები. კონვულსიები კუნთების რიტმული შეკუმშვებით გამოიხატება. ახალშობილებში კრუნჩხვების ამოცნობა შეიძლება რთული იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ახალშობილებს ბუნებრივად ახასიათებთ ტუჩების უნებლიე მოძრაობები და, ასევე, უნებლიე ღეჭვითი მოძრაობები. მათი თვალები შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით იყოს მიშტერებული. შედარებით მოზრდილ ჩვილებსა და ადრეული ასაკის ბავშვებში, სხეულის ერთი მხარე შეიძლება კანკალებდეს ან მკვეთრად მოძრაობდეს. ქვედა კიდურები ხშირად არაგამიზნულად მოძრაობს. მათ ახასიათებთ დაჟინებით ცქერა ფართოდ გახელილი თვალებით და დაბნეულობა.

ეპილეფსია არ არის სპეციფიკური დარღვევა, მაგრამ მას ახასიათებს განმეორებითი კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება იდენტიფიცირებული მიზეზით ან მის გარეშე.

კრუნჩხვები ბავშვთა ასაკში მოზრდილებში გამოვლენილი კრუნჩხვების მსგავსია. თუმცა, კრუნჩხვების ზოგიერთი ტიპი, როგორიცაა ფებრილური კრუნჩხვები და ჩვილების კრუნჩხვები, მხოლოდ ბავშვებში ვითარდება. მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დარღვევებით გამოწვეული კრუნჩხვები, ტიპურ შემთხვევებში, ჩვილობის ან ბავშვობის პერიოდში იწყება. ზოგიერთი მდგომარეობა ბავშვებში, როგორიცაა, მაგალითად, სუნთქვის შეკვრა და ღამის კოშმარები, წააგავს კრუნჩხვებს, მაგრამ იგი არ არის განპირობებული თავის ტვინში ელექტრული აქტივობის დარღვევით და, ამდენად, არ არის კრუნჩხვები.

ბავშვებში იმ მდგომარეობამ, რომელიც კრუნჩხვებს იწვევს, შეიძლება იმოქმედოს ბავშვის განვითარებაზე. ხანმოკლე, იშვიათი კრუნჩხვები, სავარაუდოდ, არ იწვევს ტვინის დაზიანებას. საკამათოა, ასევე, ზოგიერთი ტიპის მორეციდივე კრუნჩხვები იწვევს თუ არა ტვინის განვითარებაზე ზემოქმედებას. კრუნჩხვები, რომლებიც საათობით გრძელდება, შეიძლება ასოცირდებოდეს ტვინის დაზიანებასთან, განსაკუთრებით, თუ მას მაღალი ცხელება ახლავს თან. თუმცა, კრუნჩხვების საათების განმავლობაში გაგრძელება იშვიათობაა.

გადაუდებელი მკურნალობა: როცა ბავშვს აქვს კრუნჩხვები, მშობლები ან მისი სხვა მომვლელები უნდა დარწმუნდნენ, რომ იგი არ დაიზიანებს თავს. ამისათვის უნდა გაკეთდეს შემდეგი:

  • ბავშვი უნდა დააწვინონ ერთ მხარეს, გვერდზე;

  • ბავშვი დაიჭირონ შორს სახიფათო საგნებიდან (როგორიცაა კიბე ან ბასრი საგნები);

  • პირში არ ჩაუდონ რაიმე და არ შეეცადონ ენის დაჭერას ან გამოწევას.

კრუნჩხვების დამთავრების შემდეგ მის დასახმარებლად უნდა გაკეთდეს შემდეგი:

  • უნდა დარჩნენ მასთან, სანამ იგი სრულიად არ გამოფხიზლდება და არ გაიღვიძებს;

  • გააკონტროლონ, სუნთქავს თუ არა ბავშვი და, თუ სუნთქვა არ ვლინდება, დაიწყონ პირიდან-პირში სუნთქვით დახმარება (კონვულსიური კრუნჩხვების პერიოდში სუნთქვაში დახმარების მცდელობა არ არის აუცილებელი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაშავდეს ბავშვიც და დამხმარე პირიც);

  • არ მიაწოდოთ ბავშვს საკვები, სითხე ან მედიკამენტი პირიდან, სანამ ბავშვი სრულად არ გაიღვიძებს;

  • თუ ბავშვს აღენიშნება ცხელება, უნდა გაუკეთდეს აცეტამინოფენის სანთელი.

უნდა იქნეს გამოძახებული სასწრაფო დახმარება: თუ კრუნჩხვები 5 წუთზე მეტხანს გაგრძელდა, თუ ბავშვი დაშავდა კრუნჩხვების დროს, თუ კრუნჩხვების შემდეგ აღენიშნება სუნთქვის სირთულე ან, თუ სწრაფად განვითარდა მომდევნო კრუნჩხვები. ყველა ბავშვი, რომელსაც პირველად განუვითარდება კრუნჩხვები, უნდა მოთავსდეს სტაციონარში. თუ ცნობილია, რომ ბავშვს ჰქონდა კრუნჩხვები, მშობლებმა წინასწარ უნდა მიმართონ ექიმს რჩევისათვის, თუ სად და როგორ უნდა მოხდეს სწრაფი შეფასება და დახმარება კრუნჩხვების განმეორების შემთხვევაში.

ფებრილური კრუნჩხვები

ფებრილური კრუნჩხვები (კონვულსიური კრუნჩხვები) არის ცხელებით პროვოცირებული კრუნჩხვები).

ფებრილური კრუნჩხვები გვხვდება 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვების 2-5%-ში, თუმცა, იგი უფრო ხშირია 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. ბავშვების უმეტესობას ერთჯერადად აღენიშნება ფებრილური კრუნჩხვები და იგი უფრო ხშირად 15 წუთზე ნაკლები დროით გრძელდება.

ფებრილური კრუნჩხვები შეიძლება იყოს მარტივი და რთული.

  • მარტივი: მთელი სხეული ცახცახებს (გენერალიზებული კრუნჩხვები) 15 წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში.

  • რთული: მთელი სხეული ცახცახებს 15 წუთზე მეტხანს, მხოლოდ სხეულის ერთი მხარე ცახცახებს (ნაწილობრივი კრუნჩხვები) ან კრუნჩხვები მეორდება 2-ჯერ მაინც 24 საათის განმავლობაში. იმ ბავშვებში, რომლებსაც აქვთ რთული ფებრილური კრუნჩხვები, მეტნაკლებად მოსალოდნელია მათი გამეორება მოგვიანებით, ცხოვრების განმავლობაში.

ფებრილური კრუნჩხვების განვითარება თვითონ ცხელებასთან არის დაკავშირებული. ცხელებას უფრო ხშირად იწვევს შედარებით მსუბუქი ინფექცია, როგორიცაა ვირუსული რესპირაციული ინფექცია. ასეთ შემთხვევებში, ინფექციაც და კრუნჩხვებიც ნაკლებად დამაზიანებელია. თუმცა, ზოგჯერ, კრუნჩხვები (ისევე, როგორც ცხელება) შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა სიცოცხლისათვის საშიშმა ტვინის ინფექციებმა, როგორებიცაა მენინგიტი და ენცეფალიტი. ვინაიდან მშობლები ვერ ამბობენ, აქვს თუ არა ბავშვს ტვინის ინფექცია, ბავშვები, რომლებსაც აღენიშნებათ ცხელება და პირველად აქვთ კრუნჩხვები ან ძალიან მძიმე მდგომარეობა აღენიშნებათ, უნდა მოათავსონ ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში შეფასებისათვის. ექიმები სინჯავენ ბავშვს და ზოგჯერ აკეთებენ ტესტებს აღნიშნული დარღვევების გამოსავლენად.

მკურნალობა

ჩვეულებრივ, კრუნჩხვები 15 წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში გრძელდება და არავითარი მკურნალობა არ სჭირდება, გარდა იმისა, რომ პაციენტს უნდა მისცენ სიცხის დამწევი მედიკამენტები: თუ კრუნჩხვები 15 წუთზე მეტხანს გრძელდება, ვენაში კეთდება სედატიური საშუალება ლორაზეპამი ან ანტიკონვულსანტი ფოსფენიტოინი კრუნჩხვების მოსახსნელად. ბავშვები უნდა იყვნენ მეთვალყურეობის ქვეშ სუნთქვისა და სისხლის წნევის პრობლემის გამოვლენის მიზნით.

ბავშვებს, რომლებსაც ჰქონდათ მსუბუქად გამოხატული ფებრილური კრუნჩხვების რამდენიმე ეპიზოდი, ჩვეულებრივ, არ აძლევენ მედიკამენტებს განმეორებითი კრუნჩხვების განვითარების პრევენციის მიზნით. ბავშვებს, რომლებსაც რამდენიმეჯერ განმეორებითი ფებრილური კრუნჩხვები ჰქონდათ ან კრუნჩხვები დიდხანს გრძელდებოდა, ეძლევათ შესაბამისი მედიკამენტები.

ჩვილ ბავშვთა სპაზმები (სპაზმოფილია)

ჩვილ ბავშვთა სპაზმების (კრუნჩხვები) დროს ბავშვი, რომელიც წევს ზურგზე, უეცრად წამოიწევს და მოხრის მკლავებს, კისერსა და სხეულის ზედა ნაწილს და ჭიმავს ფეხებს.

  • ბევრ ბავშვს, რომელსაც აქვს ჩვილ ბავშვთა სპაზმები, ასევე, აღენიშნება განვითარებაში ჩამორჩენა და ინტელექტუალური შეზღუდულობა;

  • ელექტროენცეფალოგრაფია, სისხლის, შარდისა და თავ-ზურგის ტვინის სითხის გამოკვლევა და, ასევე, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ექიმებს დარღვევების დიაგნოსტიკასა და მიზეზის დადგენაში ეხმარება;

  • ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ან კორტიკოსტეროიდების ინექცია კუნთებში ხშირად იძლევა კრუნჩხვების გაკონტროლების შესაძლებლობას.

ჩვილ ბავშვთა სპაზმები მხოლოდ რამდენიმე წამი გრძელდება, მაგრამ დღეში რამდენიმეჯერ შეიძლება განმეორდეს. ხშირ შემთხვევაში სპაზმები 3 წლამდე ბავშვებს ემართებათ. მოგვიანებით, სიცოცხლის განმავლობაში, ბევრ ბავშვს სპაზმები შეიძლება სხვა ტიპის კრუნჩხვების სახით გამოუვლინდეს.

სიმპტომები

სპაზმები ჩვეულებრივ ვლინდება კრუნჩხვითი მოძრაობებით, რასაც შემდეგ დაჭიმულობა და გაშეშება მოჰყვება. ტიპურ შემთხვევებში იგი ხდება ბავშვის გაღვიძებისას და იშვიათობაა ძილის პერიოდში. ასეთი ბავშვების უმეტესობაში ინტელექტუალური განვითარება, მეტყველების უნარ-ჩვევების ჩათვლით, ფერხდება და ვითარდება ინტელექტუალური შეზღუდულობა. ბავშვებს შეიძლება დაავიწყდეთ ადრე შეძენილი განვითარების ისეთი უნარები, როგორიცაა წამოჯდომა და გადაბრუნება.

დიაგნოზი

ექიმები დიაგნოზს ადგენენ არსებული სიმპტომების საფუძველზე. ელექტროენცეფალოგრაფია (ეეგ) კეთდება ტვინში არანორმალური ელექტრული აქტივობის გამოსავლენად.

სისხლის, შარდისა და ცერებროსპინალური სითხის გამოკვლევა, ჩვეულებრივ, ტარდება იმ დარღვევების დასადგენად, რომლებიც შეიძლება იწვევდეს კრუნჩხვებს. კეთდება, აგრეთვე, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

მკურნალობა

ვინაიდან ჩვილ ბავშვთა სპაზმების ადრეულ სტადიაზე გაკონტროლება განვითარების უკეთეს შედეგთან ასოცირდება, არსებითი მნიშვნელობა აქვს კრუნჩხვების ადრე გამოვლენასა და მკურნალობას. ზოგჯერ, გამოიყენება ადრენოკორტიკოსტეროიდული ჰორმონები კუნთებში ინექციის სახით, დღეში ერთხელ, და კორტიკოსტეროიდები (როგორიცაა პრედნიზოლონი).

ბევრი ანტიკონვულსანტი უშედეგოა კრუნჩხვების მოსახსნელად. თუმცა, ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა კლონაზეპამი, ნიტრაზეპამი, ტოპირამატი, ვალპროატი, ვიგაბატრინი ან ზონისამიდი შეიძლება სასარგებლო იყოს.