ფარინგიტი არის ყელის (pharynx) და ზოგჯერ გლანდების (ტონზილების) ანთება.
ფარინგიტების უმეტესობა გამოწვეულია იმ ვირუსებით, რომლებიც გაციებას იწვევს. გაციების მსგავსად, ვირუსული ფარინგიტები თავისთავად იკურნება. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ ბავშვები იჩაგრებიან, რადგან მათ უწევთ სკოლის გაცდენა. სტრეპტოკოკი იშვიათი, მაგრამ სერიოზული დაავადების (ყელის სტრეპტოკოკული ინფექცია) გამომწვევი მიზეზია. ეს დაავადება იშვიათობაა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. იშვიათად ფარინგიტი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა ინფექციებით, როგორებიცაა, მაგალითად, ინფექციური მონონუკლეოზი (ვირუსით გამოწვეული) ან დიფტერია, რომელიც ისეთ ქვეყნებშია გავრცელებული, სადაც დიფტერიაზე ვაქცინაციის სიხშირე დაბალია.
ბავშვებში ფარინგიტის დროს შეიძლება ტონზილებიც იყოს დაინფიცირებული. ექიმები იყენებენ ტერმინს – ტონზილიტი, როცა ტონზილები განსაკუთრებით გადიდებულია. ზოგჯერ, ტონზილები ინფიცირებული, ანთებადი და გადიდებული რჩება ფარინგიტის ეპიზოდის დამთარების შემდეგ.
ბაქტერიულმა ფარინგიტმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი:
იშვიათად, სტრეპტოკოკით გამოწვეული ფარინგიტის დროს, შეიძლება განვითარდეს რევმატული ცხელება, გლომერულონეფრიტი ან სიცოცხლისათვის საშიში ქსოვილების ინფექცია (ნეკროზული ფასციიტი) ან სისხლის ნაკადში გავრცელების შემთხვევაში – ტოქსიკური შოკის სინდრომი.
ფარინგიტის მქონე ყველა ბავშვს აღენიშნება ყელის ტკივილი და გარკვეული ხარისხის ტკივილი ყლაპვის დროს. შეიძლება იყოს ყურების ტკივილიც, ვინაიდან ყელისა და ყურის ინერვაცია ერთი და იმავე ნერვით ხდება. ყელის უკანა ნაწილი და ტონზილები ამ დროს წითელია. ტონზილები შეიძლება იყოს გადიდებული და თეთრი ნადებით დაფარული.
ყელის სტრეპტოკოკული ინფექციის დროს ბავშვებში, შეიძლება, გამოვლინდეს კისრის ლიმფური ჯირკვლების გადიდება და მაღალი ცხელება. იშვიათ შემთხვევებში ყელის სტრეპტოკოკული ინფექციის მქონე ბავშვებს შესაძლოა გამოუვლინდეთ ქუნთრუშა, რომელსაც ახასიათებს მუქი წითელი ენა (ჟოლოსებრი ენა) და ტიპური წითელი გამონაყარი კანზე (ქუნთრუშისმიერი გამონაყარი).
ექიმებს ეჭვი მიაქვთ ფარინგიტის დიაგნოზზე, როცა ისინი ნახულობენ სიწითლეს და თეთრ გამონადენს, ან ჩირქს ყელის უკანა მიდამოში და კისრის ლიმფური ჯირკვლების გადიდებას.
თუ ექიმები ფიქრობენ ყელის სტრეპტოკოკული ინფექციის არსებობაზე, ისინი იღებენ ნაცხს ყელის უკანა ნაწილიდან და გზავნიან მას ორი ტესტის გასაკეთებლად: ანტიგენზე სწრაფი ტესტირება და ნაცხის დათესვა ბაქტერიის გამოსავლენად. სწრაფი ტესტირებით რამდენიმე წუთში შეიძლება დადგინდეს ყელის სტრეპტოკოკული ინფექციის არსებობა. თუ ამ ტესტის შედეგი დადებითია, ნაცხის დათესვა ბაქტერიაზე აღარ არის საჭირო. მაგრამ თუ სწრაფი ტესტირების შედეგი უარყოფითია, ჩვეულებრივ, კეთდება დათესვა. ამ ტესტის შედეგის მისაღებად 1-2 დღეა საჭირო.
ყელის სტრეპტოკოკული ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება პენიცილინი საინექციოდ ერთჯერადად ან ორალურად 10 დღის განმავლობაში. თუ ბავშვებს აქვთ ალერგია პენიცილინზე, ექიმებმა, შეიძლება, გამოიყენონ ერითრომიცინი ან სხვა ანტიბიოტიკი. სტრეპტოკოკული ფარინგიტის და, ასევე, ვირუსით გამოწვეული ფარინგიტის მკურნალობა მოიცავს იბუპროფენისა და აცეტამინოფენის გამოყენებას ტკივილის შესამცირებლად და ტემპერატურის დასაწევად. ასევე, საჭიროა ბავშვების წახალისება სითხის მიღებასთან დაკავშირებით. წვნიანების მიცემა მიზანშეწონილია, ერთი მხრივ, ორგანიზმის სითხით შევსების თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, როგორც შედარებით ადვილად მისაღები საკვები ყელის ტკივილის დროს, აგრეთვე, როგორც ნოყიერი საკვები, სანამ ბავშვს მადა დაუბრუნდება. მარილიანი წყლის გამოვლება ან ანესთეტიკების შემცველი ყელის აეროზოლების გამოყენება, ასევე, სასარგებლოა ტკივილის დროებით შესამსუბუქებლად.