ამბლიოპია ბავშვთა ასაკში მხედველობის დაკარგვის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რომელიც ვითარდება იმის გამო, რომ ტვინი იგნორირებას უკეთებს თვალიდან გაგზავნილ გამოსახულებას. მხედველობის დაკარგვა შეიძლება შეუქცევადი გახდეს, თუ ამბლიოპიის დიაგნოსტირება და მკურნალობა არ განხორციელდა 8 წლამდე ასაკში.
ბავშვის მხედველობა დაბადებისას არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული. იმისათვის, რომ ნორმალურად განვითარდეს, მხედველობის სისტემას და ტვინს ესაჭიროება სტიმულირება ნათელი, ფოკუსირებული და მწყობრი გამოსახულებების მიღების გზით ორივე თვალიდან. ეს განვითარება, ძირითადად, ხდება სიცოცხლის პირველი 3 წლის მანძილზე, მაგრამ არ სრულდება დაახლოებით 8 წლის ასაკამდე. თუ ტვინი არ მიიღებს შესაბამის ვიზუალურ სტიმულაციას თვალიდან, განვითარების პერიოდში, იგი სწავლობს თვალიდან მიღებული გამოსახულების იგნორირებას (სუპრესიას), რასაც შედეგად მხედველობის დაკარგვა მოჰყვება. თუ ეს სუპრესია ხანგრძლივი დროის განმავლობაში პერსისტირებს, მხედველობის დაკარგვა შეუქცევადი ხდება. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც არ ხორციელდება შესაბამისი ვიზუალური სტიმულაცია, და თითოეული მათგანი ამბლიოპიის შესაბამისი ტიპის განვითარებას იწვევს.
რეფრაქციული ამბლიოპია: ამბლიოპია შეიძლება გამოიწვიოს არაკორექტირებულმა რეფრაქციის ცდომილებამ, ასევე, ჩვეულებრივმა შორსმხედველობამ ან ასტიგმატიზმმა, განსაკუთრებით, როცა ორ თვალს შორის დიდი სხვაობა არსებობს.
სტრაბიზმით გამოწვეული ამბლიოპია: თვალების არასწორმა დგომამ (სტრაბიზმი) ასევე შეიძლება გამოიწვიოს ამბლიოპია. თვალები ჩვეულებრივ იმუშავებს ორ გამოსახულებას – თითო გამოსახულება ცალკეული თვალიდან – რომლებიც ნორმალურად ერთიანდებიან ერთ გამოსახულებად თავის ტვინში და შემდეგ ხდება მისი ინტეგრირება სამგანზომილებიანი გამოსახულების გამომუშავების მიზნით და გამოსახულების სიღრმისეულად მაღალ დონეზე აღსაქმელად. გამოსახულებების გაერთიანების უნარი ადრეული ბავშვობის ასაკში ვითარდება. თუ ორი გამოსახულება ისეა დაცილებული ერთმანეთისგან, რომ ვერ ხერხდება მათი გაერთიანება, ტვინი მის სუპრესიას ახდენს და იგნორირებას უკეთებს თვალიდან წამოსულ ინფორმაციას. ტვინი ვერ აცნობიერებს დაზიანებული თვალიდან წამოსულ გამოსახულებას, მიუხედავად იმისა, რომ თვალი სტრუქტურულად შეიძლება ნორმალური იყოს. მოზრდილებში ვიზუალური განვითარება დასრულებულია, მიუხედავად ამისა, ორი სხვადასხვა გამოსახულების არსებობა იწვევს გაორებულ მხედველობას (დიპლოპია), მაგრამ არა მხედველობის დაკარგვას.
დეპრივაციული ამბლიოპია: ამბლიოპიის მესამე ტიპი ვითარდება, როცა ადგილი აქვს ღრუბლების მსგავსი გამოსახულებების გაჩენას და დაბინდულობას თვალის ბროლზე (კატარაქტა) და რქოვანაზე, რაც აქვეითებს მხედველობას.
ამბლიოპიის მქონე ბავშვები შეიძლება ისეთი მცირე ასაკის იყვნენ, რომ ვერ შეძლონ სიმპტომების აღწერა. ამ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ სიელმე ერთ თვალში ან ერთი თვალის მხედველობის მიმართულება არ ემთხვეოდეს მეორისას. ასეთი მოვლენები მიუთითებს პრობლემების არსებობაზე და მოითხოვს გამოკვლევის ჩატარებას. თუმცა, ბავშვები ხშირად არ ავლენენ განსაკუთრებულ პრობლემებს. თუ ერთ თვალში კარგი მხედველობაა და მეორეში არა, ბავშვები ახერხებენ კომპენსირებას და თავისი ქცევით არაფრით განსხვავდებიან თანატოლებისაგან. ამიტომ, მხედველობის განვითარების პრობლემების გამოვლენა, სკრინინგის ჩატარება ყველა ბავშვისთვის უნდა დაიწყოს ადრეულ ასაკში და გაგრძელდეს მთელი ბავშვობის პერიოდში.
ამბლიოპიის მკურნალობა მოიცავს ტვინის ფორსირებას, რომ მან შეძლოს პრობლემური თვალიდან მიღებული გამოსახულების გამოყენება. ზოგჯერ ეს მარტივად განსახორციელებელია სათვალის გამოყენებით, რომლითაც შეიძლება რეფრაქციის ცდომილების კორექცია. ხშირად ექიმებს ნორმალური, ძლიერი თვალი გადაჰყავთ "უნარშეზღუდულ" მდგომარეობაში მასზე ნაჭრის დაფარებით ან წვეთების გამოყენებით, რომლებიც იწვევს მხედველობის დაბინდვას. თუ ამბლიოპიის მიზეზი სტრაბიზმია, იგი უნდა გამოსწორდეს ორივე თვალის მხედველობის განვითარების შედეგად. თუ კატარაქტაა მიზეზი, მაშინ საჭიროა ქირურგიული მეთოდით მკურნალობა.
მკურნალობა უნდა დაიწყოს სწრაფად, უმჯობესია სიცოცხლის პირველი 2-4 წლის განმავლობაში. რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით ადრე იქნება შედეგი მიღებული. დამოუკიდებლად მიზეზისა, თუ ამბლიოპიის მკურნალობა არ დაიწყო 8 წლამდე ასაკში, მისი სრული უკუგანვითარება და მხედველობის აღდგენა შეუძლებელი ხდება. თუ ამბლიოპიის მკურნალობაში ჩავარდნა მოხდება, შედეგად შეიძლება მოჰყვეს დაზიანებულ თვალში პერმანენტული სიბრმავე.
რაც უფრო ადრე დადგინდება ამბლიოპიისა და მისი განვითარების რისკფაქტორები, მით მეტი შანსი არსებობს ამბლიოპიის კორეგირებისა და პრევენციისათვის.