სტრაბიზმი | მკურნალი.გე
  1. სტრაბიზმი
  2. თვალების დაავადებები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
სტრაბიზმი

სტრაბიზმი (მას ასევე უწოდებენ სიელმეს, გადაჯვარედინებულ თვალებს, ზარმაც თვალს და გაოცებულ თვალს) არის თვალის პერიოდული ან მუდმივი სიელმე, როცა ერთი თვალიდან მხედველობის მიმართულება ერთსა და იმავე საგანზე არ არის ისეთივე, როგორიც მეორე თვალის. თუ მკურნალობა არ ჩატარდება, სტრაბიზმმა შეიძლება გამოიწვიოს ამბლიოპია (მხედველობის დაქვეითება და მხედველობის პერსისტირებული დაკარგვა). მკურნალობა მოიცავს თვალის რეფრაქციის ცდომილების კორექციას, ნაჭრის დაფარებას ერთ თვალზე, მხედველობის გათანაბრების მიზნით, და ზოგ შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევას.

  • სტრაბიზმს იწვევს თვალების პოზიციონირების მაკონტროლებელი კუნთების დისბალანსი;

  • სიმპტომები მოიცავს: თვალების სიელმეს, გაორებულ მხედველობას და თვალის კუნთების დამბლას;

  • დიაგნოზი ეფუძნება თვალის გამოკვლევას;

  • სტრაბიზმი ზოგჯერ შეიძლება თავისთავად გამოსწორდეს, თუმცა, უმეტეს შემთხვევებში, საჭიროა გამოყენებულ იქნეს სათვალეები, თვალის წვეთები ან ქირურგიული ჩარევა.

სტრაბიზმის გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა. ის მოიცავს თვალების პოზიციის მაკონტროლებელი კუნთების დისბალანსს და ერთ თვალში სუსტი მხედველობის არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ სტრაბიზმი, ჩვეულებრივ, არ არის ზოგადად სამედიცინო ან ნევროლოგიური დარღვევა, იგი სერიოზული პრობლემაა, რომელსაც სჭირდება შეფასება და მკურნალობა, და არა იგნორირება ან მხოლოდ მეთვალყურეობა. არსებითია სწრაფი გასინჯვა ჩატარდეს თვალის ექიმის, ოფთალმოლოგის ან ოპტომეტრისტის (ოპტიკის სპეციალისტი) მიერ.

სტრაბიზმის სხვადასხვა ფორმა არსებობს. ზოგიერთ ფორმას ახასიათებს თვალის შიგნით მიტრიალება (ეზოტროპია ან გადაჯვარედინებული თვალი), ზოგჯერ – გარეთ მიტრიალებული თვალი (ეგზოტროპია ან ლიბრი). სხვებს ახასიათებთ ზემოთ ატრიალებული თვალი (ჰიპერტროპია) ან ქვემოთ მიმართული თვალი (ჰიპოტროპია). სიელმე შეიძლება იყოს მუდმივი ან პერიოდული და, ასევე, მსუბუქი ან მძიმე.

ფორია არის თვალების დაელმებისკენ მიდრეკილება. ეს ტენდენცია მინიმალური დეფექტია, რომლის კორექტირება ადვილად შეუძლია ტვინს ისე, რომ შეინარჩუნოს გარეგნული სიელმე და, ამავდროულად, მოახერხოს ორივე თვალიდან წამოსული გამოსახულებების გაერთიანება, შერწყმა. ამგვარად, ფორია, ჩვეულებრივ, არ იწვევს სიმპტომებს და არ საჭიროებს მკურნალობას, თუ იგი არ გადიდდა და არ მოხდა დეკომპენსაცია მხედველობის გაორების განვითარებით (დიპლოპია).

ტროპია არის მუდმივი ხასიათის მხედველობის დევიაცია ან თვალების არასწორი დგომა. თვალების პერიოდულ განმეორებად დევიაციას, რომელიც ხშირია და ძნელად კონტროლდება ტვინის მიერ, განმეორებად ტროპიას უწოდებენ.

სტრაბიზმმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის გაორება (დიპლოპია) მოზრდილ ბავშვებში და ამბლიოპია – ადრეული ასაკის ბავშვებში.

მშობლები ზოგჯერ ამჩნევენ სტრაბიზმს, რადგან ბავშვები აელმებენ თვალებს ან იფარავენ ერთ თვალს. დეფექტის დადგენა შეიძლება ბავშვის თვალებზე დაკვირვებით, როცა მისი თვალები არაბუნებრივად პოზიციონირებს ან არ მოძრაობს უნისონში.

ბავშვის გამოკვლევა რამდენიმე თვის ასაკიდან პერიოდულად უნდა ხდებოდეს მხედველობის გასინჯვით და სტრაბიზმის არსებობის დადგენით. ჩვილი ბავშვის გამოსაკვლევად, ექიმი სინათლეს მიანათებს თვალებში და აკვირდება, აირეკლება თუ არა სინათლე უკან თითოეული თვალის გუგის ერთი და იმავე ადგილიდან.

უფრო მოზრდილ ბავშვებს უფრო სრულყოფილი გამოკვლევა ესაჭიროებათ. ბავშვებს შეიძლება ეთხოვოს, გამოიცნონ საგნები ან ასოები ერთი თვალის დაფარვით და მიიღონ მონაწილეობა თვალების სიელმის ტესტირების პროცესში.

თუ დეფექტი მინიმალურია ან პერიოდულობით ხასიათდება, მკურნალობა შეიძლება არ იყოს საჭირო. თუმცა, თუ სტრაბიზმი მძიმეა ან პროგრესირებს, მკურნალობა აუცილებელია. მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია სტრაბიზმის თავისებურებებზე.

ჩვილობის ეზოტროპია: ინფანტილური ეზოტროპია არის თვალების მუდმივი შეტრიალება შიგნით, რომელიც 6 თვის ასაკამდე ვითარდება. იგი ხშირად ოჯახის ისტორიიდან მოდის და დამძიმებისაკენ ტენდენციით ხასიათდება. თვალები ხშირად იწყებს შიგნით მოტრიალებას 3 თვის ასაკიდან. მოტრიალების ხარისხი დიდია და ადვილად შესამჩნევი.

ქირურგიული ჩარევა, რომელსაც მიმართავენ თვალების კუნთების დაჭიმულობის შესაცვლელად, ჩვეულებრივ, საჭიროა თვალების დგომის კორეგირებისათვის. შეიძლება საჭირო გახდეს განმეორებითი ოპერაციების გაკეთება. მიუხედავად შესაძლო საუკეთესო მკურნალობისა, სტრაბიზმის სრული კორექცია შეიძლება ვერ მოხერხდეს. ზოგჯერ შეიძლება ამბლიოპია განვითარდეს, თუმცა ამბლიოპია, ჩვეულებრივ, მკურნალობას ექვემდებარება.

აკომოდაციური ეზოტროპია: აკომოდაციური ეზოტროპია არის თვალების შიგნით შეტრიალება, რომელიც 6 თვიდან 7 წლის ასაკამდე ვითარდება, ყველაზე ხშირად კი – 2-3 წლის ასაკის ბავშვებში. იგი დაკავშირებულია თვალების ვიზუალურ ფოკუსირებასთან (აკომოდაცია).

თვალების დგომის ცვლილება უკავშირდება იმას, თუ როგორ მოძრაობს თვალი, როცა იგი ახლომდებარე ან შორსმდებარე საგნებზე ფოკუსირდება. ჩვეულებრივ, ყველა ადამიანის თვალი ტრიალდება შიგნით ახლომდებარე საგნებზე ყურებისას. გამომდინარე იქიდან, რომ აკომოდაციური ეზოტროპიის მქონე ბავშვები შორსმხედველები არიან, მათი თვალები მაშინაც შიგნით ტრიალდება, როცა შორსმდებარე საგანს უყურებენ. მსუბუქი ფორმების დროს თვალები შეიძლება ძალიან ღრმად შეტრიალდეს შიგნით ახლომდებარე საგნების ყურების დროს. უფრო მძიმე შემთხვევებში ისინი მუდმივად შიგნით შეტრიალებულია. მკურნალობით აკომოდაციური ეზოტროპიის კორექცია, ჩვეულებრივ, შესაძლებელია. სათვალეების გამოყენება ეხმარება ბავშვებს საგნებზე ფოკუსირებაში, საგნებზე ფოკუსირების დროს თვალების შიგნით შეტრიალების ტენდენციის დაქვეითებით. ბევრი ბავშვი ასაკის მატებასთან ერთად გადალახავს ხოლმე შორსმხედველობის პრობლემას და შეიძლება, სათვალეები აღარ დასჭირდეს.

ზოგჯერ, ისეთი მედიკამენტების გამოყენებით, როგორიცაა, ეკოთიოფატის თვალის წვეთები, დახმარება გაეწიოს ბავშვებს ახლომდებარე საგნებზე ფოკუსირებაში. თუ სათვალეებისა და თვალის წვეთების გამოყენებით ვერ მოხერხდება თვალის სწორად დგომის მიღწევა, შეიძლება ქირურგიული ოპერაციის გაკეთება. ამბლიოპია ხშირად ვითარდება აკომოდაციური ეზოტროპიის მქონე ბავშვებში და ზოგჯერ – ჩვილობის ეზოტროპიის მქონე ბავშვებშიც.

პერიოდული ეგზოტროპია: პერიოდული ეგზოტროპია არის თვალების გარეთ შეტრიალება, რომელიც პერიოდულად ვითარდება, განსაკუთრებით, როცა ბავშვი გადაღლილია ან ავად არის. პერიოდული ეგზოტროპიის დადგენა შეიძლება 6 თვის ასაკის შემდეგ.

პერიოდული ეგზოტროპია, რომელსაც პატარა ამპლიტუდა აქვს, არც ისე ხშირია და არ იწვევს სიმპტომებს, არ მოითხოვს მკურნალობას, ვინაიდან ამბლიოპია ამ დროს, ჩვეულებრივ, არ ვითარდება. თუ სიმპტომები გაგრძელდა არაკორეგირებული რეფრაქციის ცდომილების მიზეზით, იგი ხდება შემაწუხებელი ან, როცა თვალების სწორი დგომის პოზიციაზე დაყენების მცდელობა პრობლემური ხდება, შეიძლება გამოყენებული იქნეს სათვალეები. უფრო მძიმე შემთხვევებში, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

დამბლით გამოწვეული სტრაბიზმი: ამ ფორმის სტრაბიზმი ვითარდება, როცა თვალის იმ კუნთების დამბლა ხდება, რომლებიც, ჩვეულებრივ, თვალს ამოძრავებს სხვადასხვა მიმართულებით. დამბლის შედეგად კუნთები ვეღარ აგრძელებენ ბალანსირებულად მოქმედებას. კუნთების დამბლას იწვევს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული დარღვევები, რომლებიც აზიანებს თვალის კუნთების მამოძრავებელ ნერვებს. ასეთი მიზეზებია: გარკვეული ვირუსული ინფექციები, ტვინის დაზიანება და სიმსივნეები, რომლებიც ზეწოლას ახდენს თავის ქალაზე და ნერვის კომპრესიას იწვევს.

დამბლით გამოწვეული სტრაბიზმის მქონე ბავშვებში ჩნდება დაზიანებული თვალის პრობლემა, როცა თვალი ცდილობს გარკვეული მიმართულებით ყურებას, მაგრამ არა – ყველა მიმართულების შემთხვევაში. შეიძლება ამ დროს განვითარდეს ამბლიოპია ან გაორებული მხედველობა. გაორებულმა მხედველობამ, შეიძლება, გააუარესოს მდგომარეობა თვალის იმ მიმართულებით ყურებისას, რომელსაც, ჩვეულებრივ, აკონტროლებს ამჟამად დადამბლავებული თვალის კუნთები.

დამბლით გამოწვეული სტრაბიზმი შეიძლება თავისთავად განიკურნოს დროთა განმავლობაში, თუმცა, საჭიროა მისი კორეგირება სათვალეების გამოყენებით და დაუზიანებელი თვალის დაფარვით. ზოგჯერ, პრიზმის მქონე სათვალეები გამოიყენება. ალტერნატიულად, შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. როცა დამბლით გამოწვეული სტრაბიზმის მიზეზია ისეთი მდგომარეობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ნერვების დაზიანება, როგორიცაა ტვინის სიმსივნე, საჭიროა ამ მიმართულებით სათანადო მკურნალობის ჩატარება.