1. სკოლიოზი
  2. ძვლის პათოლოგიები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
სკოლიოზი

სკოლიოზი არის ზურგის გამრუდება.

  • სკოლიოზი შეიძლება არსებობდეს დაბადებისას ან განვითარდეს მოზარდობის ასაკში;

  • მსუბუქი ფორმები მხოლოდ სუსტად გამოხატულ დისკომფორტს იწვევენ, მაგრამ უფრო მძიმე ფორმებმა შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ტკივილი ან დააზიანოს შინაგანი ორგანოები;

  • დიაგნოზი ისმება ფიზიკური გასინჯვის და რენტგენოლოგიური კვლევის საფუძველზე;

  • სკოლიოზის ყველა ფორმის დროს არ უარესდება მდგომარეობა, მაგრამ თუ ეს მოხდა, საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მკურნალობა, მძიმე დეფორმაციის განვითარების თავიდან ასაცილებლად;

  • დამჭერი საშუალებები ან ქირურგიული ოპერაცია საჭიროა ზურგის გასასწორებლად.

სკოლიოზი შედარებით გავრცელებული პათოლოგიაა, განსაკუთრებით გოგონებში. იგი გვხვდება 10 წლიდან 16 წლამდე ასაკის ბავშვების 2-4%-ში. სკოლიოზი გოგონების 60%-80%-ში გვხვდება და მეტად ახასიათებს პროგრესირება, რის გამოც ხშირად საჭიროა დამჭერი საშუალებების გამოყენება ან ქირურგიული ჩარევა. სკოლიოზი შეიძლება უკვე დაბადებისას იყოს ან განვითარდეს სიცოცხლის შედარებით გვიან ეტაპზე, უფრო ხშირად, ადრეული მოზარდობის პერიოდში. ჩვეულებრივ, მიზეზის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. სკოლიოზის დროს ზურგი იზნიქება წინ და ზევით, როცა გამრუდება ზურგის ზედა ნაწილშია, და მარცხნივ, როცა იგი ზურგის ქვედა ნაწილში აღინიშნება. ამის შედეგად მარჯვენა მხარი, ჩვეულებრივ, უფრო მაღლა დგას, ვიდრე მარცხენა, აგრეთვე, ერთი ბარძაყი უფრო მაღალია, ვიდრე მეორე. სკოლიოზი ხშირად უვითარდებათ კიფოზის მქონე ბავშვებს. მათ კომბინაციას კიფოსკოლიოზს უწოდებენ.

სიმპტომები და დიაგნოზი

მსუბუქი ფორმის სკოლიოზი, ჩვეულებრივ, სიმპტომებს არ იწვევს. ზოგჯერ ზურგი მტკივნეული, არამოქნილი და გამაგრებული ხდება, განსაკუთრებით, როცა ბავშვი ზის ან დგას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. საბოლოო ჯამში, სუსტად გამოხატული ან უფრო ძლიერი ტკივილები მუდმივად რჩება.

მსუბუქი სკოლიოზი შეიძლება აღმოჩენილი იქნეს რუტინული ფიზიკური გამოკვლევების დროს. მშობელმა, მასწავლებელმა ან ექიმმა შეიძლება ეჭვი მიიტანონ სკოლიოზზე, როცა ერთი ბავშვის მხარი უფრო მაღლა მოჩანს სხვა ბავშვთან შედარებისას ან როცა ტანსაცმელი არ არის პროპორციულად სწორად დაშვებული.

სკოლიოზის მდგომარეობის გაუარესებაზე, სავარაუდოდ, რიგი ფაქტორები მოქმედებს. რაც უფრო მძიმეა გამრუდება, მით მეტად მოსალოდნელია გაუარესება. გამრუდების ტენდენცია მეტია მომწიფების ადრეულ სტადიაზე, როცა ზრდის პროცესი უფრო დაჩქარებულად მიმდინარეობს. გარდა ამისა, რაც უფრო მძიმე სიმპტომები ვითარდება, სავარაუდოა, რომ სკოლიოზი უფრო გართულდეს. გართულებულმა სკოლიოზმა, საბოლოო ჯამში, შეიძლება გამოიწვიოს პერმანენტული პრობლემები, როგორებიცაა გამოხატული დეფორმაცია ან ქრონიკული ტკივილი. მძიმე ფორმის სკოლიოზმა შეიძლება დააზიანოს შინაგანი ორგანოები, მაგალითად, გამოიწვიოს ფილტვების დეფორმაცია და დაზიანება. ზოგჯერ სკოლიოზის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს მაშინაც კი, როცა სიმპტომები არ შეინიშნება.

დიაგნოზის დასადგენად, ექიმი სთხოვს ბავშვს წინ გადაიხაროს, თვითონ უკან დგება და ათვალიერებს ზურგს გამრუდების აღმოსაჩენად, რომელიც ამ პოზაში უფრო ადვილად შესამჩნევია. რენტგენოგრაფია კარგად აჩვენებს გამრუდების ზუსტ კუთხეებს. თუ ექიმი ფიქრობს, რომ სკოლიოზის მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს, იგი იკვლევს ბავშვს წელიწადში რამდენიმეჯერ. არსებობს რამდენიმე მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ზურგის გამრუდების ზუსტი შეფასებისა და გაზომვისათვის.

პროგნოზი და მკურნალობა

ბავშვების უმეტესობაში, რომლებსაც სკოლიოზი აწუხებთ, იგი არ პროგრესირებს და პატარა ზომის რჩება, თუმცა, საჭიროა, ექიმმა მუდმივი მონიტორინგი აწარმოოს. ზოგჯერ სკოლიოზი იწვევს სიმპტომებს. იგი შეიძლება გაუარესდეს და უფრო მძიმე ფორმაში გადავიდეს, რაც მკურნალობას საჭიროებს. რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მეტი შანსია იმისა, რომ მძიმე დეფორმაცია არ განვითარდება.

ბავშვებმა შეიძლება ატარონ ზურგის დამჭერი საშუალებები, რომ შეინარჩუნონ ზურგის სწორი მდგომარეობა. მძიმე შემთხვევებში საჭიროა ქირურგიული ოპერაციის საშუალებით მალების შეკავშირება. ამ დროს შეიძლება ჩაიდგას მეტალის ფირფიტა ხერხემლის სწორი მდგომარეობის შესანარჩუნებლად, სანამ მალების შეკავშირება პერმანენტული არ გახდება.

სკოლიოზი და მისი მკურნალობა ხშირად უარყოფითად მოქმედებს ბავშვების პირად იმიჯზე. ასეთ შემთხვევებში კონსულტაციები და ფსიქოთერაპია სასარგებლო იქნება.