1. მუკორმიკოზი
  2. სოკოვანი ინფექციები
  3. ინფექციები
მუკორმიკოზი

მუკორმიკოზი (ზიგომიკოზი) არის ინფექცია, რომელსაც იწვევს Mucorales molds.

  • ინფექცია ვითარდება ობის სოკოების სპორების ჩასუნთქვის შედეგად;

  • ინფექცია იწვევს ტკივილს, ცხელებას, ზოგჯერ ხველას, ასევე მან შეიძლება სახის სტრუქტურების დარღვევა გამოიწვიოს;

  • ექიმებს ინფექციის დიაგნოზის დასმა შეუძლიათ ქსოვილის ნიმუშებში სოკოების აღმოჩენის საფუძველზე;

  • ადამიანების უმეტესობას უტარდება ამფოტერიცინ B-ს მაღალი დოზებით ინტრავენური მკურნალობა, ასევე, შესაძლოა დაზიანებული და მკვდარი ქსოვილების ამოღება.

მუკორმიკოზი ვითარდება მუკორალის ობის სოკოების სპორების შესუნთქვის შედეგად. ობის სოკოები დიდი რაოდენობით არსებობს გარემოში და მოიცავს ბევრ გავრცელებულ პურის ობის სოკოებს. ადამიანები სავარაუდოდ ისუნთქავენ ობის სოკოების სპორებს ყოველდღიურად, მაგრამ ამ სოკოების უმეტესობა ინფექციას არ იწვევს.

ეს ინფექცია ყველაზე შირად აზიანებს ცხვირს, სინუსებს, თვალებსა და ტვინს – ინფექციის ამ ფორმას უწოდებენ რინოცერებრულ მუკორმიკოზს. ეს მძიმე და პოტენციურად ფატალური ინფექცია ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ, რაც შეიძლება სხვადასხვა დარღვევით იყოს გამოწვეული, როგორიცაა კვების დეფიციტი ან არაკონტროლირებადი დიაბეტი. ინფექციის ზემოქმედებით დაზიანებულ ორგანოებს შორის უფრო ხშირად ფილტვები გვხვდება. იშვიათად შეიძლება კანი და საჭმლის მომნელებელი სისტემა დაზიანდეს.

სიმპტომები

სინოცერებრალური მუკორმიკოზის სიმპტომებია: ტკივილი, ცხელება და თვალბუდის ინფექცია (ორბიტალური ცელულიტი), რასაც თან ახლავს დაზიანებული თვალის ამობურცვა (ეგზოფთალმი). შეიძლება ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი გაჩნდეს. ინფექციის შედეგად შეიძლება დაზიანდეს პირის ღრუს სასა, თვალბუდის გარშემო არსებული სახის ან სინუსების ძვლები, ან ნესტოებს შორის არსებული ძგიდე. ტვინში განვითარებულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, ნაწილობრივი დამბლა და კომა.

ფილტვების მუკორმიკოზი იწვევს ცხელებას, ხველასა და ზოგჯერ სუნთქვის გაძნელებას.

სოკოებმა შეიძლება შეაღწიონ არტერიებში და შედეგად მოხდეს სისხლის კოლტების ფორმირება და ქსოვილის ნეკროზი. სოკოები უკონტროლოდ მრავლდებიან დანეკროზებულ ქსოვილში, რომელიც შავი ფერის ხდება. ქსოვილის ირგვლივ მიდამოები შეიძლება იყოს სისხლმდინარე.

დიაგნოზი

ვინაიდან მუკორმიკოზის სიმპტომები შეიძლება სხვა ინფექციების დროს არსებული სიმპტომების მსგავსი იყოს, ექიმს ყოველთვის არ შეუძლია დიაგნოზის სწრაფად დასმა. დიაგნოზი დასტურდება, როდესაც ექიმი შეძლებს დაინფიცირებული ქსოვილების ნიმუშებში დათესვის გზით სოკოების აღმოჩენას.

მკურნალობა

მუკორმიკოზის მქონე ადამიანების მკურნალობა ტარდება ამფოტერიცინ B-ს მაღალი დოზების ინტრავენურად შეყვანის გზით. არაკონტროლირებადი დიაბეტის მქონე ადამიანებს სისხლში ინსულინი უკეთდებათ გლუკოზის დონის დაწევის მიზნით.

დაინფიცირებული, განსაკუთრებით – დანეკროზებული ქსოვილი, ამოღებულ უნდა იქნეს ქირურგიული მეთოდით. ინფექციის ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მეტად მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ სიკვდილი ან დიდ ფართობზე აუცილებელი ოპერაციის ჩატარების შედეგად სახის დამახინჯება.

მუკორმიკოზი სერიოზული დაავადებაა. მაშინაც კი, როდესაც ინფიცირებული და დანეკროზებული ქსოვილი ამოიღება და მკურნალობა ანტიფუნგური მედიკამენტებით ტარდება, დაავადებული ადამიანების უმრავლესობა კვდება.