კიფოზი | მკურნალი.გე
  1. კიფოზი
  2. ძვლის პათოლოგიები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
კიფოზი

კიფოზი (შეუერმანის დაავადება) არის ხერხემლის გამრუდება, რომელიც იწვევს კუზის განვითარებას.

კიფოზი მეტნაკლებად გავრცელებული პათოლოგიაა და უმეტესად მოზარდობის პერიოდში იწყება. კიფოზი უფრო ხშირად ვაჟებს ემართებათ, ვიდრე გოგონებს. მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა, ზოგჯერ, შეიძლება მემკვიდრეობითი იყოს: ამ დროს მალების გამრუდება ზურგის ზედა ნაწილშია და შედეგად ზურგზე შეიძლება კუზი ჩამოყალიბდეს. სკოლიოზის მქონე ბავშვებში შეიძლება კიფოზიც განვითარდეს და მას კიფოსკოლიოზს უწოდებენ.

კიფოზი ხშირად სიმპტომებს არ იწვევს. ზოგიერთ ბავშვს შეიძლება სუსტი, პერსისტირებული ტკივილი აღენიშნებოდეს ზურგის მიდამოში. კიფოზი ადვილად შესამჩნევია, ვინაიდან იგი აღნაგობას ცვლის და გარეგნულად შესამჩნევია. მხრები მომრგვალებული ფორმის ხდება. ზურგის ზედა ნაწილი უფრო გამრუდებულია, ვიდრე დაუზიანებელი ნაწილი, ან შეიძლება შეიმჩნეოდეს გამობურცული ადგილი. ზოგიერთი ადამიანის გარეგნობა ემსგავსება მარფანის სინდრომისთვის დამახასიათებელ გარეგნობას – ქვედა კიდურები უფრო გრძელია, ვიდრე სხეული.

მსუბუქად გამოხატული კიფოზი სიმპტომებს არ იწვევს, ამიტომ მისი აღმოჩენა მხოლოდ რუტინული ფიზიკური გასინჯვის დროს არის შესაძლებელი. ექიმებს დიაგნოზის დადასტურება შეუძლიათ ხერხემლის რენტგენოლოგიური კვლევით, რომლითაც ვლინდება მალების გამრუდება და დეფორმაცია.

მსუბუქი ფორმის მკურნალობა გამოიხატება სხეულის ფორმასთან დაკავშირებული სტრესის შემცირებასა და ენერგიული აქტივობებისაგან თავის შეკავებაში.

კიფოზის მსუბუქი ფორმის დროს შეიძლება ხერხემლის მცირედ გასწორება. თუმცა არ არის ნათელი, მკურნალობით შეიძლება თუ არა მსუბუქი ფორმის კიფოზის გაუარესების თავიდან აცილება. კიფოზის უფრო მძიმე ფორმის დროს მკურნალობა ხშირად მოიცავს ზურგის დამჭერი საშუალებების გამოყენებას ან მყარ საწოლზე დაძინებას. ასეთმა მკურნალობამ შეიძლება ტკივილები შეამციროს და გამრუდების პროცესი აღარ განვითარდეს. იშვიათ შემთხვევებში, მიუხედავად მკურნალობისა, კიფოზი პროგრესირებს იმდენად ძლიერად, რომ საჭირო ხდება ოპერაციის ჩატარება.