კანის მოდუნება | მკურნალი.გე
  1. კანის მოდუნება
  2. შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი დარღვევები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
კანის მოდუნება

კანის მოდუნება შემაერთებელი ქსოვილის იშვიათი პათოლოგიაა, რომლის დროს კანის გაწელვა ადვილად ხდება და შემდეგ იგი მოდუნებულ, დანაოჭებულ მდგომარეობაში უკან ბრუნდება.

კანის მოდუნების დროს, შემაერთებელ ქსოვილში არსებული ელასტიკური ბოჭკოები მოდუნებული და თავისუფლად მოძრავია. ზოგჯერ შეიძლება მხოლოდ კანი იყოს დაზიანებული, მაგრამ, შესაძლოა, მთელი სხეულის შემაერთებელი ქსოვილი დაზიანდეს. ეს პათოლოგია, ჩვეულებრივ, თანდაყოლილია. მისი ზოგიერთი ფორმის დროს ანომალიურმა გენებმა შეიძლება ისეთი პრობლემები გამოიწვიოს, რომლებიც შემაერთებელ ქსოვილს არ უკავშირდება – მაგალითად, მენტალური ჩამორჩენა/ინტელექტუალური შეზღუდულობა.

კანის მოდუნება შეიძლება იყოს მსუბუქი ფორმის და მხოლოდ გარეგნულად კანზე აისახოს, ან იყოს მძიმე, როცა შინაგანი ორგანოებიც ზიანდება. კანი შეიძლება დაბადებისთანავე იყოს მოდუნებული ან ის მოგვიანებით განვითარდეს. კანის მოდუნება ყველაზე შესამჩნევად სახეზე გამოიხატება და ნაადრევი სიბერის შესახედაობას ქმნის. ფილტვების, გულის, ნაწლავებისა და არტერიების დაზიანება სხვადასხვა ფორმის მძიმე დარღვევების დროს ვითარდება.

მართალია, სიმპტომები ხშირად შესამჩნევია დაბადებისთანავე, ისინი შეიძლება უეცრად გამოვლინდნენ ბავშვებსა და მოზარდებში. სიმპტომები, ჩვეულებრივ, ვითარდება სხვადასხვა მძიმე დაავადების გადატანის შემდეგ, როგორიცაა ფილტვების ან გულის ანთებითი დაავადებები ან მრავალფორმიანი ეპითემა (წითელი, კანიდან ამოწეული ლაქები). ზოგიერთ ადამიანში სიმპტომები თანდათანობით ვითარდება ბავშვობის პერიოდში.

ექიმი, ჩვეულებრივ, დიაგნოზს ადგენს კანის გამოკვლევით. ზოგჯერ კანის ქსოვილის ნიმუშის გამოკვლევა კეთდება მიკროსკოპის ქვეშ. გულის, ფილტვების, არტერიების ან ნაწლავების დაზიანება შეიძლება ფატალური იყოს. პლასტიკური ქირურგიით შეიძლება კანის გარეგნული შესახედაობის გაუმჯობესება, მაგრამ ეს დროებითი ხასიათისაა.