1. სპოროტრიქოზი
  2. სოკოვანი ინფექციები
  3. ინფექციები
სპოროტრიქოზი

სპოროტრიქოზი არის ინფექცია, რომელსაც იწვევს Sporothrix schenckii.

  • ინფექცია ვითარდება, როდესაც სოკო სხეულში ნაჩხვლეტი ჭრილობიდან შედის;

  • ჩვეულებრივ, კანი და ლიმფური კვანძები ინფიცირდება;

  • იშვიათად, შეიძლება დაინფიცირდეს ფილტვები, სახსრები და სხეულის სხვა ნაწილებიც.

  • დიაგნოზის დასადგენად საჭიროა ინფიცირებული ქსოვილის ნიმუშის დათესვა და მასში სოკოების იდენტიფიცირება;

  • იტრაკონაზოლი უმეტესი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება, ხოლო ამპფოტერიცინ B-ს გამოყენება საჭიროა ინფექციის ორგანიზმში გავრცელების შემთხვევაში.

Sporothrixfungus სოკოები იზრდება ვარდის ბუჩქებში, კოწახურის ბუჩქებში, ტორფის ხავსსა და ჩალაზე. სხვა სოკოვანი ინფექციებისაგან განსხვავებით, Sporothrixსოკოები სხეულში კანზე არსებული ნაჩხვლეტი ჭრილობიდან აღწევს. ყველაზე ხშირად ინფიცირდებიან ფერმერები, მებაღეები და მებაღეობით დაკავებული პირები.

სპოროტრიქოზი ძირითადად აზიანებს კანს და ახლომდებარე ლიმფურ კვანძებს. ძალიან იშვიათად, აგრეთვე შეიძლება ძვლები, სახსრები, ფილტვები ან სხვა ქსოვილები დაზიანდეს.

სიმპტომები და დიაგნოზი

ინფექცია ტიპურ შემთხვევებში იწყება პატარა უმტკივნეულო ბორცვის (კვანძის) გაჩენით, რომელიც ნელა იზრდება და ბოლოს მის ადგილას წყლული ვითარდება. მომდევნო დღეებისა და კვირების შემდეგ ინფექცია ვრცელდება ლიმფური ძარღვების გავლით, თითის, ხელისა და მკლავების ლიმფურ კვანძებში და ამ გზაზე ჩნდება კვანძები და იარები. საწყის სტადიაზე ადამიანებს შეიძლება გამოუვლინდეთ ერთეული სიმპტომები ან შეიძლება საერთოდ არ იყოს რაიმე სიმპტომი. ინფექცია იშვიათადაა ფატალური.

ფილტვებში გავრცელებულმა ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, სუსტად გამოხატული ტკივილით გულმკერდის არეში და ხველებით. ფილტვების ინფექცია ჩვეულებრივ, უვითარდება იმ ადამიანებს, რომლებსაც ფილტვების მხრივ სხვა პრობლემები აღენიშნებათ, როგორიცაა ემფიზემა. სახსრების ინფექციის დროს ვითარდება მათი შეშუპება და ტკივილი მოძრაობის დროს. იშვიათად, ინფექცია ვითარდება სხვა მიდამოებში და შეიძლება მთელ სხეულში გავრცელდეს. ასეთ შემთხვევებში ინფექცია საშიშია.

დამახასიათებელი კვანძებისა და იარების არსებობისას ექიმმა შეიძლება ეჭვი მიიტანოს სპოროტრიქოზზე. დიაგნოზი დასტურდება ინფიცირებულ ქსოვილში Sporothrix-ის იდენტიფიცირების საფუძველზე.

მკურნალობა

კანის ინფექციების მკურნალობა ტარდება იტრაკონაზოლით, რომელიც დასალევად ეძლევა. პოტასიუმის იოდიდი, რომელიც ასევე დასალევად ინიშნება, შეიძლება იტრაკონაზოლის მაგივრად იქნეს გამოყენებული, თუმცა, იგი ისეთივე ეფექტური არ არის და ბევრ ადამიანში გვერდით მოვლენებს იწვევს (როგორიცაა გამონაყარი, ცხვირიდან გამონადენი და თვალების, პირის ღრუს და ხორხის ანთება).

ფილტვებისა და ძვლების ინფექციების მკურნალობა შეიძლება აგრეთვე იტრაკონაზოლით ჩატარდეს. ორგანიზმში გავრცელებული ინფექციების დროს გამოიყენება ამფოტერიცინ B – ინტრავენურად.

როგორი ფორმები აქვთ ბაქტერიებს