ნეირობლასტომა ბავშვთა ასაკში გავრცელებული სიმსივნეა, რომელიც ნერვული სისტემის გარკვეულ ნაწილში იზრდება.
ნეირობლასტომა გარკვეული სახის ნერვული ქსოვილისაგან ვითარდება, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილშია. იგი, ძირითადად, სათავეს იღებს გულმკერდის ან მუცლის ნერვებიდან, უფრო ხშირად – თირკმელზედა ჯირკვლებიდან (რომლებიც თითოეული თირკმლის ზემოთ მდებარეობს). ძალზე იშვიათად, ნეირობლასტომა თავის ტვინში ვითარდება. ბავშვების ნახევარს, ექიმთან მიმართვისას, სიმსივნე უკვე სხეულის სხვა ნაწილში აქვს გავრცელებული.
ნეირობლასტომა ნებისმიერი ასაკის ბავშვებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებული სიმსივნეა. ნეირობლასტომების 90% 5 წელზე უფრო მცირე ასაკში ვლინდება. მიზეზი უცნობია. იშვიათად ნეირობლასტომას ოჯახური ხასიათი აქვს.
სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ სადაა ნეირობლასტომა განვითარებული და გავრცელებულია თუ არა. მაგალითად:
ნეირობლასტომების 90-95% ჰორმონებს გამოიმუშავებს, როგორიცაა ეპინეფრინი, რომელიც პერიოდულად გულისცემის აჩქარებას და შფოთვის შეტევას იწვევს.
ნეირობლასტომის ადრეულად დიაგნოსტირება ადვილი არაა. თუ სიმსივნე საკმაოდ გაზრდილია, ექიმმა იგი მუცლის გასინჯვის დროს შეიძლება შეიგრძნოს. დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემდეგ, ექიმი გეგმავს კვლევების ჩატარებას, როგორიცაა ულტრასონოგრაფია, გულმკერდისა და მუცლის ღრუს კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. შარდის ანალიზში ისაზღვრება ჭარბად გამომუშავებული ეპინეფრინის მსგავსი ჰორმონის არსებობა.
სიმსივნის გავრცელების შესაფასებლად, ექიმმა შესაძლებელია დაგეგმოს ძვლების სკანირება, რენტგენოგრაფია ან ღვიძლიდან, ფილტვებიდან, კანიდან, ძვლის ტვინიდან ან ძვლიდან აღებული ქსოვილის ნიმუშის გამოკვლევა.
1 წელზე მცირე ასაკის ან მცირე ზომის სიმსივნის მქონე ბავშვებს ძალიან კარგი პროგნოზი აქვთ. 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს შორის გავრცელებული სიმსივნის შემთხვევაში განკურნების ალბათობა დაბალია.
თუ სიმსივნე გავრცელებული არაა, შესაძლებელია მისი ამოკვეთა ქირურგიულად. ბავშვების უმრავლესობას ენიშნება ქიმიოთერაპიული საშუალებები, როგორიცაა ვინკრისტინი, ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ეტოპოზიდი და ცისპლატინი. თუ ქიმიოთერაპია უშედეგოა, ქირურგიულ ჩარევასთან დამატებით შესაძლებელია სხივური თერაპიის გამოყენება. იგი ასევე გამოიყენება, თუ სიმსივნე ოპერაციას არ ექვემდებარება.