1. ნეირობლასტომა
  2. ბავშვთა ასაკის სიმსივნეები
  3. ბავშვთა ჯანმრთელობა
ნეირობლასტომა

ნეირობლასტომა ბავშვთა ასაკში გავრცელებული სიმსივნეა, რომელიც ნერვული სისტემის გარკვეულ ნაწილში იზრდება.

  • ნეირობლასტომას გამომწვევი მიზეზი უცნობია;

  • სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ვითარდება ნეირობლასტომა – მუცელში, გულმკერდში, ძვალში, კანში თუ ზურგის ტვინში;

  • დიაგნოსტიკა, ჩვეულებრივ, გამოსახულებით კვლევებს მოიცავს;

  • მკურნალობა გულისხმობს ქირურგიულ ჩარევას ისეთი სიმსივნეების შემთხვევაში, რომელიც გავრცელებული არაა, ქიმიოთერაპიას და ზოგჯერ სხივურ თერაპიას.

ნეირობლასტომა გარკვეული სახის ნერვული ქსოვილისაგან ვითარდება, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილშია. იგი, ძირითადად, სათავეს იღებს გულმკერდის ან მუცლის ნერვებიდან, უფრო ხშირად – თირკმელზედა ჯირკვლებიდან (რომლებიც თითოეული თირკმლის ზემოთ მდებარეობს). ძალზე იშვიათად, ნეირობლასტომა თავის ტვინში ვითარდება. ბავშვების ნახევარს, ექიმთან მიმართვისას, სიმსივნე უკვე სხეულის სხვა ნაწილში აქვს გავრცელებული.

ნეირობლასტომა ნებისმიერი ასაკის ბავშვებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებული სიმსივნეა. ნეირობლასტომების 90% 5 წელზე უფრო მცირე ასაკში ვლინდება. მიზეზი უცნობია. იშვიათად ნეირობლასტომას ოჯახური ხასიათი აქვს.

სიმპტომები

სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ სადაა ნეირობლასტომა განვითარებული და გავრცელებულია თუ არა. მაგალითად:

  • მუცელში სიმსივნის არსებობისას: პირველი სიმპტომია მუცლის ზომაში მატება, სისავსის შეგრძნება და მუცლის ტკივილი;

  • სიმსივნის გულმკერდში განვითარებისას: ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს ხველა ან სუნთქვის გაძნელება;

  • გავრცელება ძვლებზე: ბავშვს აქვს ძვლების ტკივილი. თუ სიმსივნე ძვლის ტვინს მიაღწევს, შესაძლებელია სისხლის სხვადასხვა უჯრედის რაოდენობის შემცირება. სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (ანემია) სისუსტესა და დაღლილობას იწვევს. თრომბოციტების შემცირება – კანზე სისხლჩაქცევებისა და მცირე ზომის იისფერი ლაქების ადვილად განვითარებას. სისხლის თეთრი უჯრედების კლება აქვეითებს ინფექციასთან ორგანიზმის ბრძოლის უნარს;

  • კანზე გავრცელება: ვლინდება კვანძები;

  • ზურგის ტვინზე გავრცელება: შესაძლებელია ხელებისა და ფეხების სისუსტე.

ნეირობლასტომების 90-95% ჰორმონებს გამოიმუშავებს, როგორიცაა ეპინეფრინი, რომელიც პერიოდულად გულისცემის აჩქარებას და შფოთვის შეტევას იწვევს.

დიაგნოზი

ნეირობლასტომის ადრეულად დიაგნოსტირება ადვილი არაა. თუ სიმსივნე საკმაოდ გაზრდილია, ექიმმა იგი მუცლის გასინჯვის დროს შეიძლება შეიგრძნოს. დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემდეგ, ექიმი გეგმავს კვლევების ჩატარებას, როგორიცაა ულტრასონოგრაფია, გულმკერდისა და მუცლის ღრუს კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. შარდის ანალიზში ისაზღვრება ჭარბად გამომუშავებული ეპინეფრინის მსგავსი ჰორმონის არსებობა.

სიმსივნის გავრცელების შესაფასებლად, ექიმმა შესაძლებელია დაგეგმოს ძვლების სკანირება, რენტგენოგრაფია ან ღვიძლიდან, ფილტვებიდან, კანიდან, ძვლის ტვინიდან ან ძვლიდან აღებული ქსოვილის ნიმუშის გამოკვლევა.

პროგნოზი და მკურნალობა

1 წელზე მცირე ასაკის ან მცირე ზომის სიმსივნის მქონე ბავშვებს ძალიან კარგი პროგნოზი აქვთ. 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს შორის გავრცელებული სიმსივნის შემთხვევაში განკურნების ალბათობა დაბალია.

თუ სიმსივნე გავრცელებული არაა, შესაძლებელია მისი ამოკვეთა ქირურგიულად. ბავშვების უმრავლესობას ენიშნება ქიმიოთერაპიული საშუალებები, როგორიცაა ვინკრისტინი, ციკლოფოსფამიდი, დოქსორუბიცინი, ეტოპოზიდი და ცისპლატინი. თუ ქიმიოთერაპია უშედეგოა, ქირურგიულ ჩარევასთან დამატებით შესაძლებელია სხივური თერაპიის გამოყენება. იგი ასევე გამოიყენება, თუ სიმსივნე ოპერაციას არ ექვემდებარება.